როგორ მოვემზადოთ მშობიარობისთვის - 12 რჩევა

07-12-2021

გაინტერესებთ რა უნდა გააკეთოთ მშობიარობისთვის მოსამზადებლად? ორსულობის ბოლო კვირები ყველაზე გრძელი და დაუსრულებელია ხოლმე, და ასევე ყველაზე დატვირთულიც.
მშობიარობამდე ქალის სხეული და გონება ემზადება ამ გამოწვევისთვის. მშობიარობაზე ფიქრი თქვენთვის შეიძლება ძალიან საშიში და ემოციურად რთული იყოს, განსაკუთრებით, თუ პირველ შვილს ელოდებით. დაღლილობა, ტკივილზე ნერვიულობა, პროცესის შესახებ ინფორმაციის მოძიება და საჭირო სამედიცინო დახმარების პოვნა საკმაოდ რთულია ხოლმე.
ჩვენ შემოგთავაზებთ იოლ და გონივრულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ მშობიარობისთვის ფიზიკურად და მენტალურად მომზადებაში. ამ ჩამონათვალის მხოლოდ რამდენიმე პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.

  1. დარეგისტრირდით მშობელთა სკოლაში - მომავალი მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი ინფორმაციის მიღებაა. მშობიარობის წინა კურსებზე შეასწავლიან რელაქსაციის ტექნიკებს, სწორ სუნთქვას, მშობიარობის პოზებს, ტკივილის შემსუბუქების ტექნიკებს და ახალშობილის მოვლას. ასევე ამ კურსებზე შეგიძლიათ გაიცნოთ ახალი ადამიანები და დასვათ ნებისმიერი შეკითხვა მშობიარობის შესახებ. არსებობს მრავალი ტიპის მშობელთა სკოლა. როგორც ონლაინ, ისე რეალურ გარემოში. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული. 
  2. დაისვენეთ- ორსულობის მესამე ტრიმესტრში ბევრი ძილი და დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ ჩვეულებრივზე უფრო ადრე დაიძინოთ და დღის განმავლობაშიც წათვლიმოთ ხოლმე. აუცილებელია, რომ ენერგიის მარაგი შეივსოთ.
  3. იკვებეთ სწორად - თქვენ ორგანიზმი ჯანსაღი საკვებით უნდა შეავსოთ. შეგიძლიათ მიირთვათ „სუპერ პროდუქტები“: ხორცი, იოგურტი, ორაგული, თხილი, ბოსტნეული, ხორბლის ნაწარმი, და პარკოსნები. ეს პროდუქტები მდიდარია აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.
  4. იმოძრავეთ- სიმართლე უნდა ითქვას - მშობიარობა მძიმე შრომაა, ამიტომ ორსულობის დროს აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, რათა ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდეთ. თქვენ ძალას და გამძლეობას თქვენ მიერ არჩეული ვარჯიშის რუტინა შეგმატებთ - იქნება ეს სეირნობა, ცურვა, ცეკვა, იოგა, თუ სხვა. რეკომენდირებულია ივარჯიშოთ დღეში 30 წუთით, კვირაში ხუთი დღე მაინც. 
  5. კონცენტრირდით რელაქსაციაზე- იოგა, მედიტაცია, ღრმად სუნთქვა, დაგეხმარებათ გონების დამშვიდებაში მშობიარობის დღეს. გაწელვების გაკეთება, ვიზუალიზაციის სავარჯიშოები და ჰიპნოზი ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს შიშთან და შფოთვასთან გამკლავებისთვის.
  6. წინასწარ აირჩიეთ სამშობიარო - კარგი იდეაა სამშობიაროს წინასწარ დათვალიერება და ყველა ბიუროკრატიული დეტალის აღმოფხვრა სანამ მშობიარობის დღე დადგება. წინასწარ შეიტყვეთ სამკურნალო დაწესებულების წესების და პირობების შესახებ. დაათვალიერეთ პალატები და გარემო, სადაც თქვენი პატარა უნდა დაიბადოს. 
  7. ჩაალაგეთ ჩანთა -  მშობიარობის დღეს კიდევ ერთ საზრუნავს მოიშორებთ თუ სამშობიაროში წასაღებ ჩანთას წინასწარ მოამზადებთ.
  8. შემოიკრიბეთ ირგვლივ დამხმარე ადამიანები - თქვენს გარშემო შეკრიბეთ მხარდამჭერი ადამიანები, ოჯახის წევრები და მეგობრები. დათანხმდით ყველა დახმარების შემოთავაზებას. ასევე შეიძლება იფიქროთ დამხმარის დაქირავებაზე. შეგიძლიათ აიყვანოთ დოულა მშობიარობის დროს ან მშობიარობის შემდეგ პერიოდში მხარდაჭერისთვის.
  9. შეიმუშავეთ მშობიარობის გეგმა - ეს რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის, მაგრამ დაგამშვიდებთ, თუ გეცოდინებათ, რომ თქვენი ყველა სურვილი და არჩევანი უკვე ფურცელზე გაქვთ დაფიქსირებული ტკივილის გაყუჩების გზების, მშობიარობის პოზების, თუ თქვენი პარტნიორის ჩართულობის შესახებ მშობიარობის პროცესში.
  10. მოიმარაგეთ საჭირო ნივთები - წინასწარ მოიმარაგეთ სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, რათა შეამციროთ სტრესი და არ მოგიწიოთ არახელსაყრელ დრო მაღაზიაში წასვლაზე ფიქრი. ეს მეტ დროს დაგიტოვებთ თქვენს ახალშობილთან გასატარებლად.
  11. ეძებეთ ყველაფერში პოზიტივი - ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება თქვენი ახლობლების ან ნათესავების მონათხრობს მშობიარობის საშინელებების შესახებ. დროთა განმავლობაში მშობიარობასთან დაკავშირებული მიდგომები იცვლება, ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ სხვისი მძიმე მშობიარობის ისტორია თქვენს სიტუაციას შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს და კარგს არაფერს მოგიტანთ. ყურადღებით აირჩიეთ ვის მოუსმენთ და რას წაიკითხავთ მშობიარობის შესახებ.
  12. დასვით კითხვები -  მშობიარობის პროცესზე ნერვიულობა და წუხილი ბუნებრივია. ეცადეთ ეს წუხილები არ დაიტოვოთ მხოლოდ თქვენთვის და ყოველთვის ისაუბრეთ ამის შესახებ. საუკეთესო არჩევანია კითხვებით მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ, რომ ხანდახან ყველაზე დეტალურად და ყურადღებით გაწერილი გეგმებიც კი არ სრულდება ზედმიწევნით. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობაა.

წყარო: whattoexpect.com