წყალში მშობიარობა - დადებითი და უარყოფითი მხარეები

24-09-2022

ამცირებს თუ არა წყალში მშობიარობა ტკივილს?

წყალში მშობიარობა შეიძლება წარიმართოს სამშობიაროში ან სახლში. მის ორგანიზებაში ორსულ ქალს ექიმი, ექთანი ან ბებიაქალი ეხმარება.
სამშობიარო აუზის გამოყენებას მშობიარობის პირველ ეტაპზე გარკვეული უპირატესობები აქვს:
•    ამსუბუქებს ტკვილის, შესაბამისად იკლებს ანესთეზიის საჭიროება
•    ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას

მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯი (ACOG), რომელიც ადგენს გაიდლაინებს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ, აცხადებს, რომ მშობიარობის პირველ ეტაპზე სამშობიარო აუზში ყოფნას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სარგებელი, მაგრამ ითვლება ექსპერიმენტულ პროცედურად, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს.
მშობიარობის პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს საშვილოსნოს შეკუმშვების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულად გახსნამდე.
კვლევებმა აჩვენა, რომ წყალში მშობიარობას სამედიცინო თვალსაზრისით რაიმე დადებითი გავლენა არ მოაქვს დედის ან ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
სამშობიარო აუზში ყოფნა მშობიარეს ეხმარება მოდუნებაში და მატებს კონტროლის შეგრძნებას, წყალში ცურვა კი აადვილებს გადაადგილებას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყალში ყოფნამ შეიძლება შეამციროს საშოს მძიმე ტრავმების რისკი და გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოში, მაგრამ ამ თემაზე კვლევების შედეგები არაერთმნიშვნელოვანია.

წყალში მშობიარობა, მშობიარობა, მშობიარობა წყალში,

მშობიარობის მეორე ეტაპი - აუზიდან ამოსვლის დროა

მშობიარობის მეორე ეტაპის დროს ყველაფერი იცვლება.ამ დროს საშვილოსნოს ყელი მთლიანად გახსნილია და იწყება ჭინთვები.
სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო ან სასარგებლოა მშობიარობის ამ პერიოდის წყალში გატარება.
მშობიარობის მეორე ეტაპზე წყალში ყოფნა ართულებს ექიმის სწრაფ რეაგირებას. მაგალითად, თუ გადაუდებელი საკეისრო კვეთის აუცილებლობა დადგა, პაციენტის მოსამზადებლად მინიმუმ 4 ან 5 წუთი დაიხარჯება, რამაც შესაძლოა დედას და ბავშვს დამატებითი საფრთხე შეუქმნას.

წყალში მშობიარობის რისკები:

•    დედას ან ბავშვს შეიძლება ინფექცია შეეყაროს.
•    ჭიპლარი შეიძლება მოწყდეს, სანამ ბავშვს წყლიდან ამოიყვანენ.
•    ახალშობილის სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი.
•    ბავშვმა შეიძლება შეისუნთქოს აუზში არსებული წყალი.
•    ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს გულყრები და ვერ შეძლოს ჩასუნთქვა.

რისკების აღმოფხვრა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ მშობიარობის პროცესს უძღვება გამოცდილი, ლიზენზირებული მედპერსონალი. 

წყალში მშობიარობა, მშობიარობა, მშობიარობა წყალში,

წყალში მშობიარობას უნდა მოერიდოთ, თუ:

•    ხართ 17 წელზე უმცროსი ან 35 წელზე უფროსი.
•    გაქვთ ისეთი გართულებები, როგორიცაა პრეეკლამფსია ან დიაბეტი.
•    მშობიარობთ ტყუპებზე.
•    ბავშვი მჯდომარე პოზიციაშია.
•    ბავშვი ნაადრევია.
•    ნაყოფი დიდი ზომისაა.

წყალში მშობიარობა, მშობიარობა, მშობიარობა წყალში,

რა უნდა გავითვალისწინოთ?

თუ თქვენ ფიქრობთ წყალში მშობიარობაზე, ესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დასაწყისშივე, რათა გაარკვიოთ, არის თუ არა ეს სერვისი ხელმისაწვდომი შესაბამის სამშობიაროში. მიუხედავად იმისა, თუ სად გადაწყვეტთ მშობიარობას, თქვენ უნდა მოიძიოთ გამოცდილი, ლიცენზირებული ექიმი, რომელიც გაუძღვება წყალში მშობიარობას. ასევე დაგჭირდებათ ინფორმაციის მოძიება იმაზე, არის თუ არა მიღებული ინფექციის კონტროლის სათანადო ზომები, არსებობს თუ არა გეგმა იმის შესახებ თუ, როგორ ამოგიყვანონ აბაზანიდან, როგორც კი თქვენი ექიმი, ექთანი ან ბებიაქალი იტყვის, რომ დროა, კარგად არის თუ არა წყლის ტემპერატურა რეგულირებული და ა.შ.
გახსოვდეთ, რომ სამშობიარო აუზში ნაადრევად ჩასვლამ შესაძლოა შეანელოს მშობიარობის პროცესი. ხშირად საჭიროა მედპერსონლიც ჩავიდეს აუზში რათა დაეხმაროს მშობიარეს, წინასწარ გაარკვიეთ რა გეგმა აქვს ასეთი შემთხვევებისთვის კლინიკას. 

წყარო: webmd