ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ? ამის დასტური ორსულობის ტესტია, მაგრამ ამ პასუხის მიღებამდეც შეიძლება გქონდეთ ეჭვი, ან იმედი, რომ ორსულად ხართ. ჩვენ მოგითხობთ ორსულობის პირველი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ.
ორსულობის ყველაზე გავრცელებული ადრეული ნიშნები და სიმპტომები:
თუ ერთი კვირა ან მეტი გავიდა მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ, შესაძლოა ორსულად იყოთ. თუმცა, ამ სიმპტომმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ იმ შემთხვევაში თუ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ.
ორსულობის დასაწყისში ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა მკერდი მეტად მგრძნობიარე და მტკივნეული გახადოს. დისკომფორტი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ შემცირდება, როცა თქვენი ორგანიზმი შეეგუება ჰორმონალურ ცვლილებებს.
გულისრევა, რომელიც შეიძლება მოხდეს დილით, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, ხშირად იწყება ორსულობის ერთი-ორი თვის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ ქალს უფრო ადრე აწუხებს ეს სიმპტომი, ზოგი კი არასოდეს განიცდის მას. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს გულისრევის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის, სავარაუდოდ, მისი გამომწვევი ისევ და ისევ ჰორმონებია.
შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ჩვეულებრივზე ხშირად შარდავთ. ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმში სისხლის რაოდენობა იზრდება, თირკმელები დამატებით სითხეს ამუშავებენ, რომელიც შარდის ბუშტში აღმოჩნდება.
დაღლილობის შეგრძნება ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. არავინ იცის, ზუსტად რა იწვევს დაღლილობას და ძილიანობას ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუმცა ორსულობის ადრეულ პერიოდში ჰორმონ პროგესტერონის დონის სწრაფი ზრდა შეიძლება იყოს მიზეზი.
ორსულობის სხვა ნაკლებად გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვლინდება პირველ ტრიმესტრში:
ორსულობის დასაწყისში ორგანიზმში ჰორმონების მოზღვავებამ შეიძლება უჩვეულოდ ემოციური და გულჩვილი გაგხადოთ და ხასიათი ჩვეულებრივრზე უფრო ხშირად შეგეცვალოთ.
ორსულობის ადრეულ პერიოდში ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს, ისევე როგორც მენსტრუაციის დაწყებისას.
საშოდან ცოტაოდენი გამონადენი შეიძლება იყოს ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ის ცნობილია, როგორც იმპლანტაციის სისხლდენა და ხდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე მაგრდება - ჩასახვიდან დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ. იმპლანტაციის სისხლდენა ხშირად მოსალოდნელი მენსტრუაციის დასაწყისს ემთხვევა.
ზოგიერთი ქალი ორსულობის დასაწყისში საშვილოსნოს შეკუმშვების გამო მუცლის არეში ზომიერ ტკივილს განიცდის.
ჰორმონალური ცვლილებები საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას ასუსტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
როდესაც ორსულად ხართ, შესაძლოა უფრო მგრძნობიარე გახდეთ გარკვეული სუნების მიმართ და თქვენი გემოვნება შეიცვალოს. ორსულობის სხვა სიმპტომების მსგავსად, საკვების ეს პრეფერენციებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ცვლილებებით.
ჰორმონის და სისხლის გამომუშავების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამოშრობა და ადვილად სისხლდენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი.
ამ ნიშნებიდან და სიმპტომებიდან ბევრი არ ვლინდება მხოლოდ ორსულობისას. ზოგიერთი შეიძლება მიანიშნებდეს რაიმე ავადმყოფობას ან მენსტრუაციის დაწყებას. ასევე, ყველა ორსულ ქალი არ განიცდის ამ სიმტპომებს - შეიძლება იყოთ ორსულად მათი გამოვლენის გარეშე.
მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგიგვიანდათ მენსტრუაციის დაწყება და შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ ნიშანს, ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი სახლში ან მიმართეთ ექიმს. თუ ორსულობის ტესტი დადებითია, აუცილებლად დაგეგმეთ ექიმთან კონსულტაცია. რაც უფრო ადრე დადასტურდება თქვენი ორსულობა, მით უფრო მალე დაიწყებთ პრენატალურ ზრუნვას. თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან ახლახან გაიგეთ, რომ ორსულად ხართ, დაიწყეთ ყოველდღიური, პრენატალური ვიტამინის მიღება. პრენატალური ვიტამინები შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა და რკინა, რომლებიც ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ორსულობის დასდგენად, ციკლის გადაცდენის შემდეგ გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი სისხლში ქორიოგონალური გონადოტროპინის არსებობაზე, ეს გახლავთ ორსულობის დადასტურების ერთერთი გზა, ასევე ექოსკოპიური კვლევა, რომელსაც დაგინიშნავთ ექიმი.
წყარო:mayoclinic.org