რა არის ეპშტეინის მარგალიტი, რომელიც ხშირად აქვთ ჩვილებს

17-08-2021

თუ თქვენს ჩვილს ღრძილის გასწვრივ ან სასაზე მცირე ზომის, თეთრი, მოყვითალო ბორცვი გაუჩნდა, ეს, სავარუდოდ, ეპშტეინის მარგალიტია. 
ეპშტეინის მარგალიტი საკმაოდ გავრცელებულია. ის ახალშობილების 60-85%-ში გვხვდება. განსაკუთრებით ხშირია იმ ახალშობილებში, რომლებიც:

•    დაიბადნენ ვადაგადაცილებით
•    დაბადებისას ჰქონდათ ნორმაზე მეტი წონა
•    ჰყავთ ასაკით საშუალოზე უფროსი დედები

ეპშტეინის მარგალიტი შეიძლება უჩვეულოდ და საშიშად გამოიყურებოდეს, თუმცა, სინამდვილეში, ის სახიფათო სულაც არ არის.
გააგრძელეთ კითხვა, თუ გინდათ მეტი გაიგოთ ეპშტეინის მარგალიტებზე, მათ შორის იმაზეც, ემართებათ თუ არა ის ზრდასრულებს.

რა არის ეპშტეინის მარგალიტის სიმპტომები?

ეპშტეინის მარგალიტი არ იწვევს არანაირ სიმპტომს, მისი გარეგნული შესახედაობის გარდა. სავარაუდოდ, თქვენ მას  ჩვილის ღრძილის გასწვრივ ან  სასაზე  შეამჩნევთ. ეპშტეინის მარგალიტი გამოიყურება როგორც თეთრი, მოყვითალო კვანძი, სიდიდით, დაახლოებით, 1-3 მმ. ის შეიძლება ზოგჯერ  ამოსვლისთვის გამზადებულ კბილში აგვერიოს.

როგორია ეპშტეინის მარგალიტი ვიზუალურად?


უჩნდებათ თუ არა ეპშტეინის მარგალიტი ზრდასრულებსაც?

ეპშტეინის მარგალიტი მხოლოდ ახალშობილებში გვხვდება. თუმცა, ზრდასრულებში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პირის ღრუს ცისტა, რომელიც ძალიან ჰგავს ეპშტეინის მარგალიტს.
ასეთი ცისტები ზრდასრულებში ჩნდება დაზიანებული კბილის მკვდარ ფესვთან ახლოს. ისინი, როგორც წესი, უსიმპტომოა, არ იწვევს არავითარ ჩივილს მანამ, სანამ არ დაინფიცირდება. თუკი ცისტა დაინფიცირდა, პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს და შესიებას ცისტის ირგვლივ.
პირი ღრუს ცისტა დროთა განმავლობაში იზრდება. თუ ის საკმარის ზომას მიაღწევს, შეიძლება კბილებზე ზეწოლა და ყბის სისუსტე გამოიწვიოს.ამ ტიპის ცისტას  ქირურგიული მიდგომით მკურნალობენ, მისი ამოღებით. თქვენი ექიმი ასევე, სავარუდოდ, მკვდარ ფესვს და დაზიანებულ ქსოვილებსაც ამოკვეთს, რაც ცისტის განმეორებით წარმოქმნის საფრთხეს აგარიდებთ თავიდან.

რა იწვევს ეპშტეინის მარგალიტის განვითარებას?

ეპშტეინის მარგალიტი წარმოიქმნება ნაყოფის განვითარების პერიოდში, მაშინ, როდესაც  პირის ღრუს ლორწოვანის ნაწილი მომწყვდეული აღმოჩნდება სხვა განვითარებად სტრუქტურებს შორის. ეს ნაწილი სქელდება, ივსება კერატინით (ცილა, რომელიც ეპითელური ქსოვილის შენებაში მონაწილეობა). სწორედ კერატინისგანაა აგებული ეპშტეინის მარგალიტის შიგთავსი.
ეს კვანძები საშვილოსნოშიდა განვითარების პერიოდში ყალიბდება და მათი თავიდან არიდება შეუძლებელია. თუკი თქვენი შვილი ეპშტეინის მარგალიტებით დაიბადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ორსულობის პერიოდში რაიმე არასწორად ან არასაკმარისად გააკეთეთ.

საჭიროა თუ არა ეპშტეინის მარგალიტის აღმოჩენისას მივაკითხოთ ექიმს?

ეპშტეინის მარგალიტი უსაფრთხოა. თუმცა, თუ ახალშობილს ტკივილი ან გაღიზიანებადობა აღენიშნება, ყოველთვის კარგი აზრია რჩევა ექიმს დაეკითხოთ. ეპშტეინის მარგალიტი ძალიან გავრცელებულია, ამიტომ თქვენი ექიმი, სავარაუდოდ, ადვილად მოახდენს პრობლემის დიაგნოსტირებას.
თქვენი ჩვილის სიმპტომებზე დაყრდნობით, თქვენი ექიმი გამოიკვლევს მის პირის ღრუს, იმისთვის, რომ გამორიცხოს თანდაყოლილი კბილების არსებობა (კბილები, რომლებიც ზოგ ახალშობილს დაბადებიდანვე აქვს). ეს საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა, თუმცა ძალიან ემსგავსება ეპშტეინის მარგალიტებს. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება გამორიცხოს ორალური კანდიდოზი. ეს არის სოკოვანი ინფექციის ნაირსახეობა, რომელიც  მცირე ზომის თეთრი კვანძების ან თეთრი ფერის ნადების წარმოქმნას იწვევს  ჩვილის პირის ღრუში.
ეპშტეინის მარგალიტი, როგორც წესი, თვითგანკურნებადია. ის გაივლის დაბადებიდან რამდენიმე კვირის ვადაზე, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე თვეც კი შენარჩუნდეს. თუ თქვენ ისევ ამჩნევთ კვანძებს კვირების გასვლის შემდეგ და ისინი ზომაში არ იკლებენ, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან იმაში დასარწმუნებლად, რომ საქმე რაიმე სხვა პათოლოგიასთან არ გაქვთ. 

ექვემდებარება თუ არა ეპშტეინის მარგალიტი მკურნალობას?
ეპშტეინის მარგალიტი არ მოითხოვს რაიმე სახის  მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ის გაივლის მკურნალობის გარეშე, დაბადებიდან ერთი ან ორი კვირის ვადაზე. თქვენი ახალშობილის პირის ღრუს ლორწოვანზე განხორციელებული ზეწოლა ძუძუთი კვების, ბოთლით კვების ან საწოვარას გამოყენების დროს, ეხმარება კვანძებს  დაშლასა და სწრაფად გაწოვაში.

როგორია პროგნოზი?
ეპშტეინის მარგალიტის დანახვამ შეიძლება ბევრი მშობელი შეაშფოთოს. თუმცა, ისინი სრულიად უვნებელია და, ჩვეულებრივ, დაბადებიდან პირველი ან მეორე კვირის თავზე გაიწოვება.
ეპშტეინის მარგალიტები არ უნდა იწვევდნენ ტკივილს. თუკი თქვენს პატარას ამჩნევთ დისკომფორტის ნიშნებს, სავარაუდოა, რომ საქმე სხვა პრობლემასთან გაქვთ. ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით მის პედიატრს.

წყარო: healthline.com