რა არის მილია, რომელიც ჩვილებს უჩნდებათ ხოლმე

18-11-2022

მილია ჩვილებში 

მილია არის მდგომარეობა, რომელის დროსაც ახალშობილის კანზე მცირე ზომის თეთრი გამონაყარი (კისტები) ჩნდება. ეს მდგომარეობა ძალიან გავრცელებულია, ჩვილების უმეტესობას კანზე უვითარდება კერატინის შემცველი კისტები. მილია ახალშობილთა თითქმის ნახევარში გვხვდება. ის უმეტესად განლაგებულია სახეზე, თავის კანზე და მუცელზე. როგორც წესი, მილია თავისით, ყოველგვარი გართულების გარეშე ქრება.

გამომწვევი მიზეზები 

მილია ვითარდება ეპიდერმისის მკვდარი უჯრედებისგან. გამოიყურება როგორც მცირე ზომის მარგალიტის მსგავსი გამონაყარი. ასეთი გამონაყარი ხშირად ერევათ აკნეში, თუმცა ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავებას გამოცდილი პედიატრი მარტივად შეძლებს. მილიის აღმოსაჩენად არ არის საჭირო სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება. 

მილია, მილია ჩვილებში, გამონაყარი,

მილიისათვის დამახასიათებელი სიმპტომები

მილიას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებს თეთრი, მარგალიტისებრი გამონაყარი. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ცხვირზე, ლოყებსა და ნიკაპზე. გამონაყარი ასევე შესაძლოა, აღმოჩნდეს თავის კანზე, განსაკუთრებით, თუ თმა იშვიათია. ზოგიერთ შემთხვევაში გამონაყარი შესაძლოა გავრცელდეს ტორსზე და კიდურებზე, ისევე, როგორც პირის ღრუსა და სასაზე. როგორც წესი, მილია სამი თვის განმავლობაში თავისით გაივლის. თუ ამ პერიოდში არ გაქრება, სასურველია, ბავშვი წაიყვანოთ პედიატრთან, რომელიც სავარაუდოდ  სამკურნალო  მალამოს ან კრემს დაგინიშნავთ. 

მილიის მკურნალობა 

მილიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს და ხშირად არანაირი ჩარევა არ ხდება საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი კანის მოვლის ყოველდღიური რუტინის დაცვაა. 
კანის მოვლა მოიცავს ბავშვის კანის თბილი წყლით დაბანას. გაშრობისას კანი ძლიერად არ გახეხოთ, არამედ ნაზად შეამშრალეთ პირსახოცით. 
არ შეიძლება გამონაყარის ხელით მოშორება, რადგან ეს ინფექციის რისკს ზრდის. შესაძლებელია ბავშვის კანის დატენიანება არაპარფიუმირებული, უცხიმო დამატენიანებლით, რათა ის არ გამოშრეს. 

მილია, მილია ჩვილებში, გამონაყარი,

მილიის ტიპები

ახალშობილთა მილია - ეს არის მილიის ფორმა, რომელიც გვხვდება ჩვილებში. 

პირველადი მილია - ის გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. შეიძლება გაჩნდეს ქუთუთოებზე, ლოყებზე და შუბლზე, ასევე ცხვირზე ან სასქესო ორგანოების ირგვლივ. 
ბავშვთა და მოზარდთა მილია შესაძლოა ასოცირებული იყოს მემკვიდრულ დარღვევებთან, როგორებიცაა რომბოს სინდრომი, გარდნერის სინდრომი, ბაზალურუჯრედოვანი ხალის სინდრომი.

ბრტყელი მილია - შეიძლება გამოწვეული იყოს კანის დაავადებით, როგორიცაა ელასტიკური ფსევდოქსანთომა, წითელი მგლურა და ბრტყელი ლიქენი.

ქრონიკული მილია - როდესაც არსებობს მორეციდივე მილია, რომელიც ვლინდება სახეზე, მკლავებსა და ტანზე, საქმე გვაქვს  მის ქრონიკულ ფორმასთან. მას შეიძლება ახასიათებდეს ქავილი. მილია შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულ  მედიკამენტებზე რეაქციით, როგორიცაა ფენოლები, კორტიკოსტეროიდული კრემები, 5-ფტორურაცილის კრემი და ჰიდროქინონი.

ტრავმული მილია - ტრავმული მილია არის  გამონაყარი, რომელიც წარმოიქმნება კანის დაზიანების ადგილზე. მილია წარმოიქმნება საოფლე ჯირკვლის სადინარების ირგვლივ და მოგვაგონებს კალციფიცირებულ კვანძს. ტრავმული მილიის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობამ, კანის საფარის დარღვევამ, დაკაწვრამ და სხვა.

წყარო: news-medical

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალშობილთა აკნე - ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის რეკომენდაციები