ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელიც მშობლებს აწუხებთ ხოლმე, სჭირდება თუ არა ახალშობილს პროფილაქტიკური მასაჟი. საუბარია წლამდე ასაკის ბავშვებზე. რეალურად კი ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება, თუმცა კითხვები ამით როდი მთავრდება.
არანაირი მასაჟი, თუ ბავშვი ტირის
კვლევების თანახმად დადგინდა, რომ სხვობა იმ ბავშვების განვითარებას შორის, რომელთაც გაიკეთეს მასაჟი და რომელთაც არ გაუკეთებიათ, არ არსებობს, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ბავშვები, რომლებსაც მასაჟს უკეთებდნენ, უკეთ იმატებდნენ წონაში.
თუ თქვენ არ გაშინებთ ინფექციები, რომელიც შეიძლება ბავშვს შეხვდეს კლინიკაში მასაჟის დროს, ან ექიმის მიერ სახლში მოტანილი ინფექციები, თუ არც ამაში გაღებული თანხები გენანებათ, გაუკეთებთ თუ არა მასაჟს თქვენს შვილს, აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენი რჩევა იქნება, არ გააგრძელოთ მასაჟის კეთება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ტირის და აპროტესტებს. ტირილის დროს ის ჭიმავს კუნთებს, რაც მეტს ტირის, კუნთები მეტად ეჭიმება, მასაჟის კეთება დაჭიმულ კუნთებზე კი საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა.
თუ კუნთების ტონუსი დაბალია
პირველ რიგში უნდა დადგინდეს ამის მიზეზი. ყველაზე ხშირად კუნთების დაბალი ტონუსი ფიქსირდება ისეთი დაავადებების დროს, როგორც არის მიოპათია და მიოდისტროფია. ამ შემთხვევაში მასაჟის გაკეთება არ შეიძლება, რამეთუ კუნთზე ზემოქმედების შედეგად მისი დაშლის პროცესი ჩქარდება. სუსტი ტონუსის მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე ჰიპოთირეოზი, ანემია, რაქიტი ან მიასტენია. ამ დროს მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას პრობლემა, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს. მასაჟის საწყის ეტაპზე შესაძლოა შეიქმნას ილუზია, რომ ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, თუმცა რეალურად პირიქით არის.
თუ კუნთების ტონუსი მაღალია
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში კუნთების დაზიანება არის მეორადი, უხეშად რომ ვთქვათ, კომპენსატორული ხასიათის, როდესაც ვერ მართავენ კიდურებს. ამ დროს მასაჟმა შესაძლოა მოახდინოს დადებითი ეფექტი, შედარებით მოადუნოს დაჭიმული კუნთი, თუმცა ეს იქნება ხანმოკლე ვადით.
ხანმოკლე ნიშნავს იმას, რომ სანამ მასაჟი ახალგაკეთებულია და კუნთი გახურებულია, კუნთი მუშაობს, თუმცა მგვიანებით ტონუსი ისევ ისეთი იქნება, როგორიც მასაჟამდე იყო. უხეში მასაჟის შემთხვევაში კი შესაძლოა პროცესი კიდევ უფრო დამძიმდეს.
და რაც შეეხება მასაჟს, ალბათ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ეპოქაში მას ადგილი აღარ აქვს? რა თქმა უნდა, ასე არ არის.
მასაჟი უნდა დაინიშნოს და გაკეთდეს გონივრულად. კარგად უნდა გესმოდეთ, რა შედეგს უნდა ელოდოთ მისგან.
მშობლის მასაჟი
მშობლის მასაჟი გულისხმობს მშობლის ნაზ, რბილ მოძრაობებს ბავშვის სხეულზე. ამ დროს მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირიც მყარდება. ამ დროს არ არის საუბარი კუნთებზე აქტიურ ზეწოლაზე. ნორვეგიაში ახალბედა დედებს მასაჟს საკუთარ თავის დასარწმუნებლად ასწავლიან. ეს მათ სტრესის დაძლევაში ეხმარება. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ძალიან ეხმარება დედებს შვილებთან უფრო ახლო კავშირის დამყარებაში. ასევე იდეალურია მასაჟის გაკეთება ბავშვისთვის, რომელსაც აწუხებს კოლიკა და შებერილობა. ამ საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია
რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ
1. არ არის მიზანშეწონილი ჯანმრთელი ბავშვებისათვის.
2. აბსოლუტრად უსარგებლო და მტკივნეულია ტირილის და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში.
3. არ გამოიყენება მოტორული უნარების გააქტიურების მიზნით.
4. არ გამოიყენება კუნთის ტონუსის შემსუბუქების მიზნით, ამისთვის სხვა, უფრო ეფექტური საშუალებები არსებობს.
5. არ არის მიზანშეწონილი ზოგიერთი დაავადების დროს.
6. შესანიშნავად მუშაობს სხვადასხვა სარეაბილიტაციო კურსთან ერთად.
7. მშობლის მასაჟი შესანიშნავი საშუალებაა ბავშვთან ურთიერთობის დასამყარებლად.