როდის შეძლებს პატარა ჯდომას და როგორ დავეხმაროთ ამაში?

04-10-2021

თქვენი პატარა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში უამრავ მნიშვნელოვან უნარს იძენს. ჯდომის სწავლა განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან ამ დროს ბავშვს თამაშის და გარემოს გამოკვლევის ახალი არეალი ეხსნება. ასევე, კვების პროცესიც მარტივდება. თქვენი პატარა დახმარებით 6 თვის ასაკში შეძლებს წამოჯდომას, დამოუკიდებლად  კი - 7-9 თვის ასაკში.

ნიშნები, რომ ბავშვი მზად არის ჯდომისთვის
თქვენი პატარა შეძლებს ჯდომას, როდესაც მას კარგად შეეძლება თავის დაჭერა და  მოძრაობები უფრო ზუსტი და მიზანმიმართული გაუხდება. ასევე, ამ დროს ბავშვებს უკვე მუცელზე წოლისას სხეულის აზიდვაც შეუძლიათ და გადაბრუნებაც. თავიდან თქვენი დახმარებით წამოჯდომის შემდეგ, ბავშვი მცირე ხანს დარჩება ამ პოზიციაში. ამ ადრეულ სტადიაში, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მას, რომ არ წაიქცეს და დაეხმაროთ სხეულის დაჭერაში.
ბავშვებს, რომლებიც უკვე 7-9 თვის ასაკს უახლოვდებიან, ორივე მიმართულებით შეუძლიათ გადატრიალება. ზოგი შეიძლება უკვე ხოხვისთვის ემზადებოდეს.
ბევრი მცდელობის შემდეგ, თქვენი პატარა  შეძლებს საკუთარი სხეულის დაჭერას და დამოუკიდებლად წამოჯდომას.


როგორ დავეხმაროთ პატარას ჯდომაში?
დამოუკიდებლად ჯდომას სჭირდება წონის კონტროლირებული გადანაცვლება მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. 
იმისთვის, რომ დაეხმაროთ პატარას წამოჯდომაში:
•    მოათავსეთ პატარა დაბლა, ხალიჩაზე უფრო ხშირად, დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. მისი ასაკის შესაბამისი სათამაშოები დაუწყვეთ წინ და  წაახალისეთ, რომ ითამაშოს იატაკზე. ეს დაეხმარება დამოუკიდებლობის შეძენაში.
•    დაისვით ბავშვი კალთაში ან თქვენს ფეხებს შორის იატაკზე. შეგიძლიათ წაუკითხოთ წიგნი, უმღეროთ სიმღერები და სცადეთ ისეთი თამაშები ათამაშოთ, რომლებიც აქტიურ მოძრაობას მოითხოვს.
•    როცა ბავშვი შედარებით დამოუკიდებელი გახდება, დააწყვეთ ბალიშები ან რაიმე დასაფენი მის ირგვლივ და თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეთ მჯდომარე პოზიციაში, იატაკზე და არა ამაღლებულ ზედაპირზე.

რა კავშირია მუცელზე წოლასა და ჯდომას შორის?
მუცელზე წოლა არის ძალიან სასარგებლო წამოჯდომის სწავლისთვის. თუ თქვენს პატარას არ მოსწონს მუცელზე წოლა და არ ჩერდება ამ პოზიციაში დიდი ხნით, ჯერ დაიწყეთ მცირე ინტერვალებით, დააწვინეთ მუცელზე ყოველ მეორე დღეს რამდენიმე წუთით. დარწმუნდით, რომ ამ დროს მისი საფენი სუფთაა და კარგად არის გამოძინებული. თქვენც დაწექით მუცელზე, რომ პატარასთან გქონდეთ თვალით-თვალთან კონტაქტი. თქვენი სახის დანახვამ შეიძლება მას მოტივაცია მისცეს, უფრო დიდხანს დარჩეს ამ პოზიციაში. 
როცა უფრო შეეჩვევა ამ პოზიციაში ყოფნას, გაზარდეთ დროის ინტერვალი.

უსაფრთხოა ბავშვისთვის „ბეიბი სითის“ გამოყენება?
ალბათ ბევრნაირი ბავშვის სავარძელი, ე.წ. „ბეიბი სითი“ გინახავთ მაღაზიებში.
ბავშვთა ფიზიოთერაპევტი რებეკა ტოლმუნდი გვიხსნის, რომ ბავშვების ძალიან ადრიანად ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში მოთავსებამ შეიძლება მათი განვითარება შეაფერხოს. მართალია, ამ დროს ბავშვი გამართულად ზის, მაგრამ მას არ უვითარდება ტორსის და თავის დაჭერისთვის საჭირო ძალა და უნარები. ეს უნარები მხოლოდ მაშინ გამომუშავდება, როდესაც მისთვის ბუნებრივ მოძრაობებს აკეთებს თავისუფლად ყოფნის დროს. უნდა მოიცადოთ, სანამ პატარა ჯდომის ასაკს მიაღწევს (6-8 თვე), რომ ამ სავარძლების გამოყენება შეძლოთ.

უსაფრთხოების დაცვა ჯდომისას
როცა ბავშვი დახმარებით წამოჯდომას სწავლობს, უმჯობესია მასთან ახლოს იყოთ, ჩაისვათ ფეხებს შორის, რომ მისი დაჭერა ადვილად შეძლოთ. შეგიძლიათ ბალიშებიც დააწყოთ მის ირგვლივ, მაგრამ  მეთვალყურეობის გარეშე არ დატოვოთ არავითარ შემთხვევაში. მართალია, ჯერ პატარა ვერ დადის, მხოლოდ ზის, მაგრამ ამ დროს მაინც უმჯობესია სახლი მისთვის რაც შეიძლება უსაფრთხოდ მოაწყოთ.
•    გამოიყენეთ დენის წყაროს საფარები იმ ოთახებში, სადაც ბავშვი ხშირადაა.
•    ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კარადების, უჯრების, ტუალეტის ჩამკეტები.
•    ბავშვის მისაწვდომ ადგილზე არ დატოვოთ მომწამლავი ნივთიერებები, ისევე ნივთები, რომლებიც შიძლება გადაყლაპოს და სხვა საფრთხის შემცველი ნივთები. შეგიძლიათ იატაკზე დაწვეთ, და თქვენი შვილის თვალთახედვის დონიდან შეაფასოთ პოტენციურად სახიფათო ადგილები.
•    როცა ბავშვი ჯდომას ისწავლის, დაუშვით მისი საწოლის მატრასი უფრო დაბალ დონეზე. მოსალოდნელია, მან მალე წამოდგომაც ისწავლოს.
•    გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედები მაღალ სკამებზე ჯდომისას. არ დასვათ ბავშვი ამაღლებულ ზედაპირებზე ან წყალთან ახლოს.


როგორ უნდა მოიქცეთ თუ ეჭვობთ განვითარებაში ჩამორჩენას?
თუ ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა 9 თვის ასაკისთვის, დაუკავშირდით პედიატრს. უმჯობესია, ზომები რაც შეიძლება მალე მიიღოთ, თუ ბავშვმა უკვე თითქმის 9 თვეს მიაღწია და მას დახმარებითაც არ შეუძლია წამოჯდომა. მართალია, ყველა ბავშვს განვითარების სხვადასხვა ტემპი აქვს, მაგრამ ეს შემთხვევა მოტორული უნარების განვითარების ჩამორჩენის სერიოზულ ეჭვს ბადებს.
მოტორული უნარების განვითარების ჩამორჩენაზე ასევე მეტყველებს:
•    დაჭიმული და მაგარი კუნთები
•    ბავშვი მხოლოდ ერთ ხელს იწვდენს და მეორეს - არა.
•    ბავშვი თავს კარგად ვერ იჭერს.
•    ბავშვი არ იწევს ნივთებისკენ და არ მიაქვს ისინი პირთან.
ყველა ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

რომელი მნიშვნელოვანი მიღწევაა შემდეგი?
 პირველ დაბადების დღემდე შემდეგ მიღწევებს უნდა ველოდოთ:
•    წამოდგომა
•    ხოხვა
•    პირველი ნაბიჯების გადადგმა დახმარებით 
•    დამოუკიდებლად სიარულის დაწყება

წყარო: healthline.com