ბავშვის შეხვევა - დადებითი და უარყოფითი მხარეები

07-09-2021

რას ნიშნავს ბავშვის შეხვევა?
ბავშვის შეხვევა არის უძველესი მეთოდი, რომლის დროსაც ბავშვს ახვევენ თხელ პლედში ან ზეწარში. ბევრ კულტურაში ამ მეთოდს საუკუნეების განმავლობაში მიმართავენ, რომ ბავშვები დაამშვიდონ და ადვილად დააძინონ. 

რა არის ბავშვის შეხვევის დადებითი მხარეები?
თბილად და კომფორტულად შეხვევა იცავს პატარას საკუთარი უნებლიე მოძრაობებისგან. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი პატარა ძილის დროს უნებლიე მოძრაობებს აკეთებს. ეს მოძრაობები სრულიად ნორმალურია და ჰიპნოგოგიური რეფლექსი ჰქვია. როდესაც პატარას საკუთარი მოძრაობები არ აღვიძებს, ბევრად უფრო დიდხანს და მშვიდად სძინავს. შეხვევას ასევე შეუძლია ბავშვი ზესტიმულირების დროსაც დაამშვიდოს. ზოგი ექსპერტის აზრით,  შეხვევა პატარას იმ შეგრძნებებს ახსენებს, რომლებსაც საშვილოსნოში განიცდიდა, როცა სამოძრაოდ შეზღუდული არეალი ჰქონდა.

რა არის ბავშვის შეხვევის რისკები?
ბავშვის ძალიან მჭიდროდ შეხვევამ შეიძლება მის განვითარებას შეუშალოს ხელი. თუ ბავშვის ფეხები ძალიან მჭიდროდ შეკრული და გასწორებულია, მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარებას საფრთხე ექმნება. შეიძლება განვითარდეს დისპლაზია.დარწმუნდით, რომ ბავშვს საკმარისი ადგილი აქვს ფეხების და ტერფების სამოძრაოდ. განსაკუთრებით, მენჯ-ბარძაყის სახსრის წინ და გვერდით მოსაბრუნებლად.არსებობს მოსაზრება, რომ შეხვევა ზრდის ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს. სინამდვილეში, ამ რისკს უსაფრთხოების წესების დარღვევა ზრდის. მაგალითად: ბავშვის შესახვევად ძალიან სქელი ზეწრის ან საბნის გამოყენება, მისი მუცელზე ან ზურგზე დაწვენა და სახის დაფარვა.

როდესაც ბავშვი გადაბრუნებას ისწავლის, უნდა შეწყვიტოთ მისი გახვევა.

ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ თუ ბავშვის შეხვევას აპირებთ, ეს დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ. არ დაიწყოთ შეხვევა, როცა ბავშვი უკვე 2 ან 3 თვისაა. ამ დროს ის უკვე მიჩვეულია შეხვევის გარეშე დაძინებას და ძილის ჩვევების დარღვევა მისთვის უფრო საზიანო იქნება. ასევე, უმჯობესია არ დააძინოთ ბავშვი შეხვეული თქვენსავე საწოლში თქვენს გვერდით. ის შეიძლება ადვილად გადახურდეს, თუ დამატებით თქვენს საბანსაც დააფარებთ.

როგორ უნდა შევახვიოთ ბავშვი უსაფრთხოდ?

•    გამოიყენეთ თხელი, მსუბუქი ნაჭერი.
•    არ დაფაროთ მისი თავი და სახე.
•    შეხვეული ბავშვი ყოველთვის დააწვინეთ ზურგზე და არასდროს - მუცელზე ან გვერდზე
•    შეხვევა დაიწყეთ დაბადებისთანავე. არ დაიწყოთ 2 ან 3 თვის ასაკში.
•    თუ გადაწყვეტთ ბავშვის შეხვევას, გააკეთეთ ეს ყოველი დაძინებისას დღისითაც და ღამითაც, რომ მალე შეეჩვიოს.
•    შეახვიეთ ბავშვი მჭიდროდ, მაგრამ ზომიერად. მისი ფეხები და ტერფები უნდა მოძრაობდეს თავისუფლად და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა არ უნდა იყოს შეზღუდული.
•    რეგულარულად შეამოწმეთ ბავშვის ტემპერატურა. გადახურებამ შეიძლება გაზარდოს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის რისკი. ამისთვის შეგიძლიათ კისერზე ან მუცელზე ორი თითი დაადოთ.
•    ასწავლეთ ბავშვის სხვა მომვლელებს სწორი შეხვევის პრინციპები. 

წყარო: babycentre.co.uk