12 რამ, რაც ბავშვების შესახებ თქვენთვის არავის უთქვამს

02-09-2021

საფენები? უძილო ღამეები? ეს მოსალოდნელი და გასაგებია, მაგრამ ახალშობილის სახლში მოყვანის შემდეგ შეიძლება მრავალ მოულოდნელობას გადააწყდეთ, რომლის შესახებაც არავის გაუფრთხილებიხართ. 

თქვენი პატარას თავი უცნაურად გამოიყურება?
თქვენს წარმოდგენებში არის ახალშობილის უსაყვარლესი, ვარდისფერლოყებიანი, მრგვალთავიანი სურათი. თუ თავდაპირველად თქვენი შვილის თავი უცნაურად გამოიყურება, არის უფრო კონუსის ფორმის, ვიდრე მრგვალი, სავარაუდოდ ამის მიზეზი მშობიარობის რთული პროცესია. ახალშობილების თავის ქალა მყიფეა. ამის გამო, ახალშობილის თავს აქვს საშუალება შეიცვალოს ფორმა ვიწრო სამშობიარო გზების გავლის დროს. ეს აუცილებელია მშობიარობისთვის და იცავს ბავშვის ქალას ძვლებს მოტეხილობებისგან, ტვინს კი - დაზიანებისგან.
ასევე, მშობიარობის გავლენით, შეიძლება ახალშობილის თვალები შეშუპებული იყოს, ნესტოები კი შეჭმუხნული. თუ მშობიარობის პროცესში მეანს მაშების ან  ვაკუუმ-ექსტრაქტორის გამოყენება დასჭირდა, ბავშვს შეიძლება სახეზე და თავზე ჩალურჯებებიც ჰქონდეს. თუმცა, არ შეშინდეთ. ყველა ეს თავისებურება მხოლოდ დროებითია. მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება და თქვენი პატარა ზუსტად ისეთი გახდება, როგორადაც წარმოგედგინათ.

თქვენი პატარა ძალიან მოძრავია?
ბავშვი დაბადებამდე თვეებს ატარებს სითხით სავსე, თბილ, მყუდრო საშვილოსნოში. ახლა კი მას ბევრად უფრო დიდი სამოძრაო არეალი აქვს. მაგრამ, მან ჯერ არ იცის, როგორ აკონტროლოს საკუთარი სხეულის მოძრაობები. ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მისი ნერვული დაბოლოებები იმაზე მეტ  იმპულსს აგზავნის კუნთების ბოჭკოებთან, ვიდრე საჭიროა. ამის გამოც პატარას შეიძლება კუნთების კრთომა და კანკალი ჰქონდეს. მაგალითად, ახალშობილებს ხშირად უთრთით ნიკაპი ან ქვედა კიდურები. პირველი ორი კვირის განმავლობაში ეს თავისებურებები თანდათან შემცირდება და გაივლის. თუ ბავშვის კუნთების თრთოლვა არის რიტმული ან არ ქრება კიდურზე ხელის შეხებისას, უმჯობესია დაუკავშირდეთ ექიმს.

თქვენი ბიჭის სათესლე ჯირკვლები ძალიან დიდია?
ახალშობილის სათესლე ჯირკვლების სიდიდეზე არც მამაკაცის სასქესო ჰორმონები და არც გენეტიკა არ ახდენს გავლენას. სათესლე ჯირკვლების შესივების მიზეზი ის ზეწოლაა, რასაც ბავშვის სხეული მშობიარობის დროს განიცდიდა. ამ დროს ქსოვილებში გუბდება სითხე. ამასთან ერთად, ახალშობილების ორგანიზმში ჯერ კიდევ ცირკულირებს დედის ჰორმონები. ბიჭებში ეს ჰორმონები იწვევენ სათესლე ჯირკვლების გადიდებას, გოგონებში კი - სასქესო ბაგეების. გენიტალიების შესივება პირველი 2 დღის განმავლობაში შემცირდება და გაივლის.

თქვენს პატარას ყოველთვის შია?
პირველ კვირებში შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ თქვენს შვილს 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ აჭმევთ. კვებაზე ხშირი მოთხოვნა ასტიმულირებს თქვენი რძის გამომუშავებას, იმისთვის, რომ თქვენი პატარას მუდმივად მზარდ მადას ადეკვატური რაოდენობის საკვები მარაგი დახვდეს. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები დღეში უფრო მეტჯერ იკვებებიან, რადგან დედის რძე უფრო სწრაფად გადამუშავდება  და უფრო სრულყოფილად შეიწოვება, ვიდრე ხელოვნური საკვები. პატარას ხშირი კვება სჭირდება, რადგან მისი ორგანიზმი ძალიან ინტენსიური ზრდის ფაზაშია. 6 თვეში ის დაბადების წონას გაიორმაგებს. ელოდეთ, რომ ზრდის ნახტომების პერიოდში ის განსაკუთრებით დამშეული იქნება. პირველი ზრდის ნახტომი 4-6 კვირის ასაკშია. თუმცა, ყურადღებით იყავით და თქვენი შვილის უკმაყოფილება ყოველთვის შიმშილს არ მიაწეროთ. სინამდვილეში მას შეიძლება მხოლოდ ჩახუტება და დამშვიდება სჭირდებოდეს. თუ პატარას უკანასკნელი 2-3 საათის განმავლობაში  ნაჭამი აქვს და მაინც წუწუნებს, სცადეთ მისი ხელში აყვანა და დარწევა. შეიძლება ამან გაჭრას და დამშვიდდეს.

თქვენს პატარას ხელები და ტერფები ცივი აქვს?
სანამ გათბობას აუწევთ და ბავშვს კიდევ ერთ საბანში გაახვევთ, ჯერ მისი ტორსის ტემპერატურა შეამოწმეთ. თუ პატარას გულმკერდი თბილი და ვარდისფერია, მაშინ მას არ სცივა. რადგან მისი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჯერ კიდევ არაა სრულად განვითარებული, სისხლის შუნტირება უფრო ხშირად  სიცოცხლისთვის აუცილებელ ორგანოებთან ხდება. მისი ხელები და ტერფები კი  სისხლის მიწოდების მხრივ ბოლო ადგილზე დგანან. ბავშვის გულ-სისხლძარღვთა სისტემას ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის 3 თვე სჭირდება. როცა პატარა უფრო მოძრავი და აქტიური გახდება, მისი კიდურების სისხლის მიმოქცევის სისტემაც გაუმჯობესდება.

თქვენი შვილის საფენში სისხლი აღმოაჩინეთ?
იგივე ფაქტორი, რაც ახალშობილებში სათესლე ჯირკვლებისა და სასქესო ბაგეების გადიდებას იწვევს, ასევე შეიძლება საშოდან სისხლიანი გამონადენის მიზეზიც გახდეს. ეს დედის ჰორმონების ბრალია და არა რაიმე პათოლოგიის. არ შეშინდეთ, თუ თქვენი გოგონას საფენზე მცირეოდენ სისხლიან გამონადენს ან ერთეულ წვეთებს შეამჩნიეთ. ეს მინი-მენსტრუაცია მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ექიმს მიმართეთ და გაიარეთ კონსულტაცია. ზოგჯერ ის რაც სისხლი გვგონია, ძალიან კონცენტრირებული შარდი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში საფენზე ლაქების ფერი მუქი წითელია. თუმცა, ღია ფერის წითელი სისხლის შემჩნევისას აუცილებლად სწრაფად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

თქვენს პატარას ტუჩზე ბებერა გაუჩნდა?
ბევრ ახალშობილს ძუძუს წოვისგან უჩნდებათ ბორცვი ან ბებერა. ეს შეიძლება ბოთლით წოვის შემთხვევაშიც მოხდეს. ბებერა შეიძლება დაბადებისასაც კი დაჰყვეს ბავშვს, რისი მიზეზიც საშვილოსნოში ცერის წოვაა. ეს მდგომარეობა პატარას არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის და არც ძუძუს წოვაში შეუშლის  ხელს. ბებერა თავისით გაქრება, მაგრამ შეიძლება პერიოდულად დაბრუნდეს ხოლმე.

თქვენი პატარას განავალი დიარეაზე გაეჭვებთ?
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს მდოგვისფერი ყვითელი, მარცვლოვანი სტრუქტურების შემცველი განავალი აქვთ, რომელიც თხიერი და არაფორმირებულია. ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების განავალი შედარებით უფრო მყარი და მუქი, მოყავისფროა. ზოგ ბავშვს ნაწლავების მოქმედება დღეში რამდენჯერმე აქვს, ზოგს - კვირაში რამდენჯერმე. თუ ბავშვი წონაში იმატებს და მუცლის ტკივილს არ უჩივის, მაშინ არც ერთ შემთხვევაში არ არის პრობლემა. ნორმალური ნაწლავების მოქმედების დიარეისგან განსხვავება შეიძლება გაგვიჭირდეს, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დედის რძით იკვებება. ძუძუთი კვების დროს ბავშვებს, როგორც წესი, ყოველი კვების შემდეგ აქვთ დეფეკაცია. 
ყველაზე უკეთესია დააკვირდეთ და გაიგოთ, რა არის თქვენი შვილისთვის ნორმა და თუ დეფეკაციის სიხშირე, განავლის მოცულობა ან  კონსისტენცია შეიცვლება, დაუკავშირდით ექიმს.

თქვენს პატარას გამუდმებით აცემინებს?
ახალშობილებს ხშირად აცემინებთ არა იმის გამო, რომ გაციებული არიან. ისინი უბრალოდ ამ გზით ისუფთავებენ ნესტოებს და დანარჩენ სასუნთქ გზებს. მათ დაცემინება ასევე სჭირდებათ ნესტოების გასახსნელად, რომელიც ძუძუთი კვების დროს შეიძლება დაიხუროს, თუ პატარას სახე მჭიდროდაა მიკრული დედის სხეულზე. ამიტომ, კვების შემდეგ პატარებს ხშირად აცემინებთ.

თქვენი შვილის კანი ქერცლიანია?
საშვილოსნოში თქვენმა პატარამ თვეები ამნიონური სითხის აბაზანაში გაატარა. იქ მის კანს წყლიანი გარემოსგან  ხაჭოსებური საცხი, ანუ ვერნიქსი იცავდა. მაგრამ, მშობიარობისას  ხაჭოსებური საცხი შორდება მის სხეულს, კანის ზედაპირი შრება და იწყებს აქერცვლას. შეიძლება მთელი სხეულის კანი აიქერცლოს (თუმცა, ყველაზე შესამჩნევი ეს პროცესი ხელებზე და ტერფებზეა). არ შეეცადოთ ქერქის აცლას - ასე შეიძლება ის კანი მოაცილოთ, რომელიც ჯერ მზად არ არის მოსაცილებლად. არც დამატენიანებლების წასმაა საჭირო. ეს პროცესი  1-2  კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი ყველაფერი მწყობრში ჩადგება.

თქვენი პატარა უცნაურად სუნთქავს?
როგორც ბევრი ახალბედა მშობელი, შეიძლება თქვენც ყოველ საღამოს პატარას საწოლზე დახრილი დგახართ და ამოწმებთ, სუნთქავს თუ არა ის. შეიძლება ბევრჯერ შეგაშინათ თქვენი ახალშობილის არარეგულარულმა სუნთქვამ, მაგრამ დამშვიდდით, ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. ახალშობილები ხშირად სუნთქვისას მცირე პაუზებს აკეთებენ, სუნთქვას აჩერებენ და შემდეგ აჩქარებულად სუნთქავენ. ეს იმის გამო ხდება, რომ დიაფრაგმა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განვითარებული. დიაფრაგმა არის კუნთი, რომელიც სუნთქვას წარმართავს. 20 წამამდე ხანგრძლივობის პაუზა ნორმად ითვლება. 6 კვირის ასაკიდან პატარას უკვე რეგულარული სუნთქვის რიტმი ჩამოუყალიბდება.
თუ  ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის პრევენცია გსურთ, დააწვინეთ ბავშვი ძილისას ზურგზე, ყველა რბილი და ფუმფულა სათამაშო ან გადასაფარებელი მოაშრეთ მის საწოლს, არ მოწიოთ ბავშვის სიახლოვეს. თუ თქვენი პატარა ოდესმე სუნთქვას 20 წამზე მეტი ხნით შეაჩერებს,  ან კანი გაუხდება ციანოზური (ლურჯი), აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

თქვენი პატარა გამუდმებით ტირის?
თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ყველა დედას მხოლოდ ტირილის ხმით უნდა შეეძლოს გამოცნობა, შია ბავშვს, დაღლილია თუ საფენი აქვს გამოსაცვლელი. თუმცა, თავიდან ეს  მარტივი სულაც არ არის და შეჩვევა სჭირდება. თუ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხართ თქვენი პატარას ენაში, არ იდარდოთ, დროთა განმავლობაში კარგად გაარჩევთ ტკივილისგან გამოწვეულ ხმამაღალ ყვირილს უფრო დაბალხმოვანი წუწუნისგან, რაც დაღლილობის აღმნიშვნელია. შიმშილის გამომხატველი ტირილი, სადღაც ამ ორ ხმას შორისაა თავისი რეგისტრით, თუმცა ზოგი პატარა ძალიან ხმამაღლა და ომახიანად ყვირის შიმშილის დროსაც, განსაკუთრებით, თუ კვება დაგაგვიანდათ. სინამდვილეში, ადრეულ დღეებში დიდად არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი შვილის ტირილის მიზეზს ზუსტად გამოიცნობთ თუ არა (ხანდახან ისინი უმიზეზოდაც ტირიან). მთავარია, რომ თქვენ მის ტირილს ყოველთვის სიყვარულით და მზრუნველობით უპასუხებთ. ეს ისაა, რაც თქვენს პატარას ყველაზე მეტად სჭირდება. 

 

წყარო: parents.com 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.