შვრიის ფაფა მარწყვით

08-05-2022

როგორ მოვამზადოთ მარწყვი ბავშვებისთვის?

6-დან 9 თვემდე: თუ მარწყვი ძალიან დიდი ზომის, ძალიან რბილი და მწიფეა, შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ მთლიანი სახით (ღერო მოაშორეთ).  იმის შესამოწმებლად არის თუ არა კენკრა საკმარისად რბილი მოიქციეთ ის თითებს შორის და დარწმუნდით, რომ ოდნავი ზეწოლის შედეგად იზნიქება. თუ ნაყოფი პატარა ზომისაა, მირთმევის წინ გახეხეთ ან დაჭერით. შეგიძლიათ ხილი იოგურტს ან შვრიის ფაფას შეურიოთ.
9-დან 12 თვემდე: თუ ბავშვს პინცეტის რეფლექსი განვითარებული აქვს (მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღება) შესთავაზეთ ოთხად დაჭრილი ნაყოფი. თუ მარწყვი ძალიან დიდია, შეგიძლიათ რვა ნაწილადაც დაჭრათ. 
12-დან 24 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მარწყვის პატარა ნაჭრები. ამ ეტაპზე შეგიძლიათ სცადოთ ჩანგლის გამოყენების სწავლება. როდესაც იგრძნობთ, რომ ბავშვი მზად არის, გაზარდეთ ნაჭრების ზომა და შესთავაზეთ ბავშვს დიდი, მთლიანი ან ნახევარი მარწყვი. რაც უფრო მწიფე და რბილია კენკრა, მით ნაკლებია გადაცდენის რისკი.

რეცეპტი: შვრიის ფაფა მარწყვით

ინგრედიენტები:
•    ½ ჭიქა (40 გრამი) შვრია
•    1 ჭიქა (250 მილილიტრი) წყალი ან რძე
•    ½ ჭიქა (75 გრამი) ახალი ან გაყინული მარწყვი
•    1 მწიკვი დაფქული კარდამონი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი ან სხვა სანელებლები (სურვილისამებრ) 
•    1 მწიკვი დაფქული ნუში ან თხილი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:
•    შეურიეთ შვრია და წყალი პატარა ქვაბში. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ალს.
•    ხშირად ურიეთ, სანამ შვრიის ფაფა შესქელდება, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
•    გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააცივეთ.
•    გარეცხეთ და გააშრეთ მარწყვი, დარწმუნდით, რომ მწიფე და რბილია. თუ დარწმუნებული არ ხართ, კენკრა თითებს შორის მოიქციეთ და მოუჭირეთ. ის ადვილად უნდა იზნიქებოდეს. მარწყვის ნაწილი გახეხეთ და შეურიეთ შვრიის ფაფას. მარწყვის მეორე ნახევარი დაჭერით ასაკისთვის შესაფერის ზომებად.
•    შეურიეთ სანელებელი შვრიის ფაფაში და ზემოდან მოაყარეთ დაფქული ნუში. 
•    თასში ჩაასხით შვრიის ფაფა. ულუფის ზომა განსაზღვრეთ ბავშვის მადის მიხედვით.
•    ნება მიეცით ბავშვს იკვებოს საკუთარი ხელით. თუ გსურთ წაახალისოთ კოვზის გამოყენება, გაავსეთ კოვზი და დადეთ თასის გვერდით, რათა ბავშვმა აიღოს, ან მიაწოდეთ კოვზი ბავშვს.
შენახვა: მარწყვის შვრიის ფაფა ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. დაჭრილი მარწყვი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 3 დღის განმავლობაში.
გემოების შეხამება:
მარწყვს აქვს მჟავე-ტკბილი არომატი (ზოგიერთი უფრო ტკბილია ვიდრე სხვები!), რომელიც კარგად უხდება ბალახოვან ბოსტნეულს, როგორიცაა არტიშოკი, სატაცური ან რევანდი, ფოთლოვან მწვანილს, როგორიცაა ოხრახუში და ისპანახი, პარკოსნებს, როგორიცაა ლობიო, ბარდა, თხილეულს და მარცვლეულს, როგორიცაა ნუში, ამარანტის თესლი და ქინოა. სცადეთ მარწყვის არომატის გაძლიერება ლიმონით, ლაიმით, ფორთოხლით და სხვა ციტრუსებით, სანელებლებით, როგორიცაა კარდამონი, დარიჩინი, ვარდის წყალი ან ვანილი. მარწყვი კარგად ეხამება მსგავსი სიტკბოს მქონე ხილს, როგორიცაა მოცვი, კივი ან ანანასი, ასევე ცხიმიან საკვებს, როგორიცაა ქოქოსი, თხის ყველი, მასკარპონე, რიკოტა და იოგურტი. 

წაიკითხეთ სრული ინფორმაცია მაწყვის შესხებ - სტატიაში 

 

წყარო: solidstarts.com