ენურეზი, შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

07-05-2023

რას ნიშნავს შარდის შეუკავებლობა (ენურეზი)?

შარდის შეუკავებლობა არის შარდის ბუშტის მოქმედებაზე კონტროლის უკმარისობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ნორმალურია. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები უფრო მეტად ახერხებენ შარდის ბუშტის მართვას. როდესაც შარდის შეუკავებლობა ბავშვის ასაკისთვის შეუსაბამოა, ამ მდგომარეობას ენურეზი ეწოდება. ენურეზი შეიძლება იყოს დღის ან ღამის.

რა შემთხვევაში წარმოდგენს ენურეზი პრობლემას?

ბევრ ბავშვს შეიძლება დროდადრო ჰქონდეს ენურეზი. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სხვაზე მეტი დრო დასჭირდეს, რათა შეძლოს შარდის ბუშტის კუნთების კონტროლის ათვისება. გოგონები ხშირად შარდის ბუშტის კონტროლის ათვისებას ბიჭებზე უფრო ადრე ახერხებენ. ამის გამო გოგონებში ენურეზის დიაგნოზი უფრო ადრეულ ასაკში ისმება, ვიდრე ბიჭებში. გოგონებს შეიძლება ეს დიაგნოზი 5 წლის ასაკში დაუსვან, ბიჭებს კი - მინიმუმ 6 წლის ასაკიდან.

ენურეზის სახეები:

ექიმები ენურეზის ოთხ სხვადასხვა ტიპს გამოყოფენ. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მათგანი:
•    დღის ენურეზი - ეს არის შარდის შეუკავებლობის ეპიზოდების არსებობა დღის განმავლობაში.
•    ღამის ენურეზი - ეს ნიშნავს ღამის განმავლობაში არსებულ შარდის შეუკავებლობას. ის ენურეზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
•    პირველადი ენურეზი - შესაძლებელია არსებობდეს, როდესაც ბავშვს ჯერ სრულიად არ აქვს გავლილი ქოთნის ტრენინგი.
•    მეორადი ენურეზი - შეიძლება არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გავლილი აქვს შარდის ბუშტის კონტროლის, ანუ ე.წ. სიმშრალის პერიოდი, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდება შარდის შეუკავებლობის ეპიზოდებს.

რა იწვევს ენურეზს?

ენურეზს მრავალი შესაძლო გამომწვევი აქვს. 
ღამის ენურეზის მიზეზი ხშირად უცნობია, მაგრამ ზოგიერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს, ესენია:
•    შფოთვა
•    ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)
•    გარკვეული გენები
•    ყაბზობა, რომელიც ახდენს ზეწოლას შარდის ბუშტზე
•    შაქრიანი დიაბეტი
•    ძილის დროს ორგანიზმში ანტიდიურეზული ჰორმონის უკმარისობა (ADH).
•    ობსტრუქციული ძილის აპნოე (OSA)
•    ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი
•    ფიზიკური განვითარების შეფერხება
•    მცირე ზომის შარდის ბუშტი
•    საშარდე გზების ანატომიური დარღვევები
•    საშარდე გზების ინფექცია (UTI)
•    ძალიან ღრმა ძილი

ენურეზი, შარდის შეუკავებლობა,

ღამის ენურეზი ბავშვებსა და მოზარდებში

ღამის ენურეზი, რომელიც განისაზღვრება, როგორც შარდის შეუკავებლობა ღამის ძილის დროს 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, სკოლის ასაკის ბევრ ბავშვს და ზოგიერთ მოზარდსაც კი აწუხებს. ის არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს და, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად ქრება.  მიუხედავად ამისა, შეიძლება შემაშფოთებელი და შემაწუხებელი იყოს ბავშვებისა და მშობლებისთვის. მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია ენურეზის შესაძლო მიზეზებისა მოსაძებნად და მკურნალობის დასაგეგმად. ჩვენ შემოგთავაზებთ პასუხებს რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე.

რამდენად ხშირია ღამის ენურეზი სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში?

ბავშვების დაახლოებით 20%-ს 5 წლის ასაკისთვის აქვს შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. 10%-ში ისინი 7 წლის ასაკამდეც კი გრძელდება. მოზარდობისას ღამის ენურეზი ბავშვების 1%-3%-ში გვხვდება. ღამის ენურეზი 2-3-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.

არსებობს ღამის ენურეზის 2 ტიპი:
პირველადი ენურეზი: ბავშვს არ გაუვლია ტუალეტის  ტრენინგი და არასოდეს ჰქონია კონტროლი შარდვის პროცესზე.
მეორადი ენურეზი: ბავშვს შეეძლო შარდვის პროცესის კონტროლი ღამით, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, მაგრამ დაკარგა ის.

პირველადი ენურეზი ბევრად უფრო ხშირია. მეორადი ენურეზი უფროს ბავშვებში ან მოზარდებში აუცილებლად საჭიროებს ექიმის შეფასებას. ამ ასაკობრივ ჯგუფში ენურეზი შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, ნევროლოგიური პრობლემების (ტვინთან დაკავშირებული), ან მოჭარბებული სტრესის ნიშანი.
რა არის ღამის ენურეზის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ არის გარკვეული ღამის ენურეზის გამომწვევი ფაქტორები, ითვლება, რომ ის განვითარების შეფერხების გამო ჩნდება. 
პრობლემა შეიძლება მომდინარეობდეს სხვადასხვა ორგანოდან:
•    შარდის ბუშტი: შარდის ბუშტის არასათანადო მოცულობა ან დაცლის შეფერხება
•    თირკმელი: ღამის განმავლობაში ნორმაზე მეტი რაოდენობის შარდის გამოყოფა
•    ტვინი: მოშარდვის სურვილისას გაღვიძების სირთულე

ჩვილ ბავშვებში ტვინსა და შარდის ბუშტს შორის კავშირი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. შარდის ბუშტი ავსებისას უნებლიედ გამოყოფს შარდს. ასაკის მატებასთან ერთად ეს კავშირი ყალიბდება, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს გააკონტროლოს შარდის ბუშტის დაცლის დრო. ეს კონტროლი, ჩვეულებრივ, თავდაპირველად დღის განმავლობაში ვითარდება. ღამით შარდის ბუშტის მოქმედებაზე კონტროლის სრულად ჩამოყალიბებას კი მეტი დრო სჭირდება.

ენურეზი, შარდის შეუკავებლობა,

სხვა რისკ ფაქტორებია:
•    გენეტიკა - თუ ერთ-ერთ მშობელს, ბავშვობაში, 5 წლის ასაკის შემდეგ აწუხებდა ენურეზი, 40% შემთხვევაში იგივე პრობლემა შვილსაც ექნება. ხოლო თუ ორივე მშობელს ჰქონდა ღამის ენურეზი, შვილებში მისი განვითარების შანსი 70%-მდე იზრდება.
•    სტრესი - მომატებული სტრესი მეორადი ენურეზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბავშვები განიცდიან სტრესს, როდესაც გადადიან ახალ სახლში ან შედიან სკოლაში, განიცდიან მშობლების განქორწინებას, კარგავენ მშობელს ან სხვა ახლობელ ადამიანებს, ან განიცდიან სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას. ამ სტრესთან გამკლავებამ შეიძლება შეაჩეროს ღამის ენურეზი.
•    ღრმა ძილი - ღრმა ძილის რეჟიმი მოზარდის ნორმალური განვითარების ნაწილია, ისევე როგორც ძილის გრაფიკის არასტაბილურობა და ძილის ნაკლებობა. ეს ყველაფერი ხშირია სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

•    ობსტრუქციული ძილის აპნოე / ხვრინვა. იშვიათ შემთხვევებში, ღამის ენურეზს ობსტრუქციული ძილის აპნოე იწვევს. ამ მდგომარეობის დროს სასუნთქი გზები ძილისას ნაწილობრივ დახშულია, რამაც შეიძლება ხანმოკლედ შეაჩეროს სუნთქვა. შედეგად იცვლება თავის ტვინის ქიმიური ბალანსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღამის ენურეზი.
•    ყაბზობა - შარდის ბუშტი და მსხვილი ნაწლავი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ზომაში გაზრდილმა ნაწლავმა (ყაბზობისას) შეიძლება ზეწოლა მოახდინოს შარდის ბუშტზე და გამოიწვიოს შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა. ამ შემთხვევებში, ყაბზობის მკურნალობა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი.
•    შარდის ბუშტის ან თირკმელების დაავადებები. თუ ბავშვს აქვს როგორც დღის, ასევე ღამის ენურეზი და ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი შარდვისას ან გახშირებული შარდვა, შეიძლება საქმე გვქონდეს საშარდე გზების დაავადებებთან.
•    ნევროლოგიური დარღვევები. ხანდახან ზურგის ტვინის თანდაყოლილმა და შეძენილმა დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს ენურეზი. თუ ბავშვს აწუხებს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება, შეიძლება მას ხერხემლის პრობლემა ჰქონდეს.
•    სხვა სამედიცინო მდგომარეობები და/ან მედიკამენტები. იშვიათ შემთხვევაში, სხვა სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი, იწვევს ღამის ენურეზს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობის მქონე ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ ღამის ენურეზი. ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გაზარდოს ღამის ენურეზის შანსები.

როგორ ფასდება ღამის ენურეზი?

ექიმი პირველ რიგში შეაგროვებს ბავშვის სრულ სამედიცინო ისტორიას და ასევე ოჯახურ ისტორიას, ჩაატარებს ბავშვის სრულ ფიზიკურ გამოკვლევას და დანიშნავს შარდის ანალიზს - ის აჩვენებს საშარდე გზების დაავადების ან ინფექციის ნიშნებს. 

როგორ ისმება ენურეზის დიაგნოზი?

დიაგნოზის დასმისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ოჯახურ ისტორიას, მაგალითად, მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ, თუ: 
•    ოჯახის სხვა წევრებს ჰქონდათ ენურეზი
•    რამდენად ხშირად შარდავს ბავშვი დღის განმავლობაში
•    რა რაოდენობის სითხეს იღებს ის საღამოს
•    აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან წვა შარდვის დროს
•    შარდი მუქი, ან ნალექიანია, ან მასში შერეულია სისხლი
•    ბავშვს აქუხებს ყაბზობა
•    ბავშვმა ბოლო დროს გადაიტანა სტრესი

ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და დანიშნავს ანალიზებს, როგორიცაა შარდის ან სისხლის ანალიზი. ეს კეთდება ისეთი პრობლემის გამოსავლენად, როგორიცაა ინფექცია ან დიაბეტი.

ენურეზი, შარდის შეუკავებლობა,

როგორ მკურნალობენ ენურეზს?

ხშირ შემთხვევაში ენურეზი დროთა განმავლობაში ქრება და არ საჭიროებს მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდები მოიცავს:

•    დღის გარკვეულ მონაკვეთში ან საღამოს სითხის მიღების შემცირებას.
•    ბავშვის რაციონიდან კოფეინის გამორიცხვას (კოფეინი გვხვდება კოლაში და ბევრ გაზიან სასმელში, შავ ჩაიში, ყავის სასმელებში და შოკოლადში).
•    ღამის გაღვიძებას გრაფიკით. ეს ნიშნავს, რომ გააღვიძოთ თქვენი შვილი ღამით, მოშარდვის მიზნით.
•    შარდის ბუშტის ვარჯიშს. ის მოიცავს ფიზიკურ ვარჯიშებს და შარდვას გრაფიკით.
•    მედიკამენტურ მკურნალობას. მედიკამენტებს შეუძლიათ გაზარდონ ADH დონე ან მოადუნონ ბუშტის კუნთები.
•    ფსიქოკონსულტაციას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მუშაობა შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ ცვლილებებს ან სხვა სტრესს.

რჩევები ენურეზის მართვის შესახებ:
გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს დამოუკიდებლად ამ პრობლემის აღმოფხვრა არ შეუძლია - არ გაკიცხოთ ან დაადანაშაულოთ. დარწმუნდით, რომ მას ოჯახის წევრები ან მეგობრები არ დასცინიან. დაიცავით თქვენი ბავშვის ლეიბები პოლიეთილენის გადასაფარებლით და გასვლისას ყოველთვის იქონიეთ თან გამოსაცვლელი ტანსაცმელი.

 

წყარო: hopkinsmedicine, healthychildren