სწავლა სტერესის გარეშე - რჩევები მშობლებისთვის

24-10-2022

როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასის მოსწავლეს, რომ ადვილად შეეგუოს სწავლის პროცესს, ეს მისთვის სტრესული და ახალი არ იყოს. რა უნდა გავაკეთოთ?

ყოველდღიურად ცოტა ადრე დაძინება

დასვენების შემდეგ ბავშვებს უჭირთ ხოლმე რეჟიმში ჩადგომა, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მსგავსი სირთულეები მხოლოდ ბავშვებს არ ემართებათ, უფროსებსაც უჭირთ ხოლმე დასვენების შემდეგ კალაპოტში ჩადგომა. ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ინერციით მიჰყვება დაწესებულ გრაფიკს, თუ ეს გრაფიკი ირევა, ტვინს დრო სჭირდება ახალ გრაფიკზე გადასაწყობად. განსაკუთრებით მძიმეა ახალ წყობასთან ადაპტირება გამოუძინებელ მდგომარეობაში, ამიტომ კარგი იქნება, თუ ბავშვებს ყოველდღიურად ცოტა ადრე დააძინებთ, სწავლამდეც და სწავლის დაწყების პერიოდშიც, რათა მიეჩვიოს ადრე დაძინებას და შესაბამისად - ადრე გაღვიძებას.

შეამცირეთ ეკრანის დრო

არდადეგების დროს ბევრი ბავშვი დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან. მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს, რომ სწავლის დაწყების შემდეგ მას ამდენი დრო უბრალოდ არ ექნება, შეუთანხმდეს და ყოველდღიურად 15 წუთი მოაკლოს დაწესებულ დროს. ასე ბავშვისთვის არც ისე რთული იქნება ჩვეული რეჟიმის შეცვლა.  

სწავლა, სკოლა, განათლება, სწავლა სტრესის გარეშე,

სასწავლო წლის წინასწარ  დაგეგმვა

კარგი იქნება, თუ მშობელი დაელაპარაკება ბავშვს გასულ სასწავლო წელზე, რა მოსწონდა, რას შეცვლიდა, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს მისის შენიშვნები, მოთხოვნები. 

სკოლის  მეგობრებთან შეხვედრა

ხელი შეუწყვეთ ბავშვს, იმეგობროს კლასელებთან, სკოლის შემდეგაც ჰქონდეს კავშირი, და არ დაუშალოთ, ითამაშოს დასვენებებზე, რომ მეტი ხალისით იაროს სკოლაშიც და ბავშვისთვის, რომელიც ჯერ კიდევ პატარაა და თამაში უყვარს, სასწავლო გარემო მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი კი არა, ბევრი დადებითი ემოცია და სიხარული იყოს.

მხედველობის შემოწმება

ფსიქოლოგები გვირჩევენ ასევე, რომ სანამ სწავლა დაიწყება და ასევე სწავლის დაწყების შემდეგ, ბავშვს მხედველობა შევუმოწმოთ. 

ძილის წინ წიგნის წაკითხვა

ძილის წინ წიგნის წაკითხვა რატომღაც მხოლოდ ბაღის ბავშვებში არის გავრცელებული, არადა, ძალიან კარგი იქნება, თუ მშობელი ბავშვს ძილის წინ წიგნს წაუკითხავს მოზარდსაც კი, ანუ სკოლის ასაკის ბავშვს. ეს აქტივობა ბავშვს სკოლაში წაკითხულის გააზრებასა და მსჯელობაში დაეხმარება.  

ბავშვის განცდებზე საუბარი

თუ ბავშვი პირველად მიდის სკოლაში ან ახალ კლასში გადადის და ატყობთ, რომ ღელავს, აუცილებლად დაელაპარაკეთ ამის თაობაზე, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ საშიში არაფერია და რომ მისი განცდები ნორმალურია. 

სწავლა, სკოლა, განათლება, სწავლა სტრესის გარეშე,

არ არის საჭირო წინასწარ და დამატებით მეცადინეობა

ბევრ მშობელს ეშინია, რომ მისი შვილი ჩამორჩება, გაუჭირდება ადაპტირება, ან სურს, მისი შვილი ყველაფერში პირველი იყოს და ცდილობს სასკოლო წიგნი ბავშვს წინასწარ გაატაროს, წააკითხოს სწავლის დაწყებამდე ან დავალებების გარდა, თავად კიდევ უმატებს სავარჯიშოებს და დავალებებს. ამის გაკეთება საჭირო არ არის. სკოლა იმისთვის არსებობს, რომ ბავშვმა იქ ისწავლოს, ამიტომ ნუ დათრგუნავთ ბავშვს, ზედმეტს ნუ დაავალებთ, მასწავლებლებმა უკეთ იციან, რა ოდენობის და რა სახის მასალა მიაწოდონ პატარებს ასაკის მიხედვით.
 
ემეგობრეთ და ჰკითხეთ ამბები

ემეგობრეთ შვილს აუცილებლად და ყოველთვის ინტერესით გამოჰკითხეთ სკოლის ამბები, მოაყოლეთ, მოუსმინეთ, იგრძნოს, რომ მისი ამბები თქვენთვის ძალიან საინტერესოა და ყოველთვის მოუნდეს თქვენთვის თავისი ემოციების, გრძნობების, გადახდენილი ამბების გაზიარება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: