ბავშვებისთვის არდადეგები ყოველთვის სიხარულთან, გართობასთან და საჩუქრებთან ასოცირდება. თუმცა, არდადეგების შემდეგ ბევრ ბავშვს უჭირს ადაპტაცია ჩვეულ რეჟიმთან. რუტინის შეცვლა, სკოლაში ან საბავშვო ბაღში დაბრუნება, დადებითი ემოციების ხარისხის დაქვეითებას იწვევს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და ემოციური დაძაბულობა ბავშვებში. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებლებმა გააცნობიერონ ეს მომენტი და მიხვდნენ, როდის შეიძლება დასჭირდეს ბავშვს დახმარება ამ ადაპტაციის პროცესში.
1. განწყობის ცვლილებები. თუ თქვენი შვილი არდადეგების შემდეგ გაცილებით გაღიზიანებული, სევდიანი ან ემოციურად არასტაბილური ხდება, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მას უჭირს ადაპტაცია.
2. აკადემიური მოსწრების დაქვეითება. არდადეგების შემდეგ ბავშვს უჭირს კონცენტრირება სწავლაზე, რაც ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას უჭირს სკოლის ჩვეულ რიტმში დაბრუნება.
3. თავს იჩენს პრობლემები დაკავშირებული ძილთან და მადასთან. თუ თქვენი შვილი არდადეგების შემდეგ განიცდის უძილობას ან მადის დაკარგვას, ეს შეიძლება იყოს სტრესის ან შფოთვის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ასევე ადაპტაციასთან.
4. სხვებისგან იზოლაცია და კომუნიკაციის პრობლემები. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი თავს არიდებს სხვა ბავშვებთან კონტაქტს ან არდადეგების შემდეგ აქვს პრობლემები სოციალური ურთიერთობის დროს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ადაპტაციის სირთულეზე.
თუ თქვენს შვილს ზემოხსენებულ ნიშანთაგან ერთ-ერთი მაინც შენიშნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება დახმარება არდადეგების შემდეგ ადაპტაციაში. თქვენ უნდა განიხილოთ ეს მასწავლებელთან ერთად ან დაუკავშირდეთ სკოლის ფსიქოლოგს, რათა ჩამოაყალიბოთ თქვენი შვილის დასახმარებლად შესაძლო სტრატეგიები.
გახსოვდეთ, თქვენი ზრუნვით და მხარდაჭერით ბავშვი შეძლებს ახალ რეჟიმთან მორგებას.
1. არდადეგების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ნელ-ნელა დაუბრუნდით ჩვეულ განრიგს, ყოველდღიურ რუტინას და წესებს. ეს საშუალებას მისცემს ბავშვს თანდათან შეეგუოს ყოველდღიურ საქმიანობას და შეამციროს შფოთვა.
2. ერთად განიხილეთ მოლოდინები.
სანამ ბავშვი სკოლაში ან საბავშვო ბაღში დაბრუნდება, ესაუბრეთ მას იმაზე, თუ რა ელის მას. განიხილეთ მისი გამოცდილება, მიეცით საშუალება დასვას კითხვები. საუბარი დაეხმარება მას იმაში, რომ თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს, ასე ნელ-ნელა შეემზადება ყოველდღიურ საქმიანობასთან დასაბრუნებლად.
3. დაიცავით ძილისა და კვების რუტინა.
არდადეგების დროს ბავშვები ხშირად ცვლიან ძილისა და კვების რეჟიმს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე. ჩვეულ რუტინასა და მენიუსთან თანდათანობით დაბრუნება ხელს შეუწყობს ბალანსის დამყარებას და ადაპტაციის გაუმჯობესებას.
4. დიდი ხნის დასვენების შემდეგ პირდაპირ სწავლაში არ უნდა ჩაეფლოს, სჯობს აქტიურობა თანდათან გაზარდოთ, მიეცით საშუალება ბავშვს მიეჩვიოს სასწავლო პროცესს და მეგობრებთან ურთიერთობას.
5. ემოციების უმეტესობა, რომელსაც ბავშვი განიცდის არდადეგების შემდეგ, უკავშირდება იმედგაცრუებას, ამიტომ მნიშვნელოვანია დრო დაუთმოთ ამ გრძნობების განხილვას. იყავით ყურადღებიანი, დაეხმარეთ ბავშვს ამოიცნოს და გამოხატოს თავისი ემოციები, მოახდინოს მათი ნორმალიზება - ნორმალურია არდადეგების დასრულებაზე განაწყენება. შეგიძლიათ მოიფიქროთ არდადეგებთან გამოსამშვიდობებელი რიტუალი.
6. განეწყვეთ პოზიტიურად, გადაანაწილეთ დრო არდადეგების შემდეგ ვალდებულებებსა და სასიამოვნო, საინტერესო აქტივობებს შორის. შეეცადეთ შექმნათ პოზიტიური მოლოდინები მომავლისთვის, როგორიცაა ოჯახური შაბათ-კვირის დაგეგმვა ან ახალი მხიარული აქტივობები ერთად.
7. არდადეგების შემდეგ მოერიდეთ ბავშვის გადაღლას და ფიზიკურ დატვირთვას. ყურადღება მიაქციეთ მის დიეტას, ფიზიკურ აქტივობას და ზოგად კეთილდღეობას. არდადეგების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მას ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დასვენება დასჭირდება. მიეცით ამის საშუალება.
ისიც გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და შესაძლოა თქვენს შვილს ადაპტაციის საკუთარი მახასიათებლები ჰქონდეს. ყოველდღიურობასთან და პასუხისმგებლობებთან დაბრუნებაში საყვარელი ადამიანების თანადგომა და დახმარება კი ყველას სჭირდება, ასე ბავშვი ბევრად მარტივად გაივლის და გადალახავს ადაპტაციის ამ რთულ პერიოდს.