როდესაც ბავშვი ეჩვევა ტკბილეულს, უარს ამბობს ჯანსაღ საკვებზე და ითხოვს მხოლოდ ტკბილს. რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს მშობელმა?
დავიწყოთ იმით, რომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, სახლში არ ვიქონიოთ ტკბილი. გარკვეული პერიოდი უბრალოდ არ შეიძინოთ. როდესაც ბავშვს არ აქვს ცდუნება, ვერც ნებისყოფა უმტყუნებს, როდესაც ბავშვი დაიწყებს სახლში კანფეტის ან ორცხობილას ძებნას, უბრალოდ ვერ იპოვის. ოჯახის წევრების მიდგომა ამ საკითხისადმი უნდა იყოს შეთანხმებული და ერთიანი. მაგალითად თუ დედა არ აძლევს ბავშვს ტკბილეულს, ბებიამ ჩუმად არ უნდა დააჯილდოვოს პატარა.
ტკბილი იწვევს დამოკიდებულებას. ცნობილია, რომ თუ ადამიანები, რომლებიც დღეში იღებენ 2000 კალორიას და აქედან რაციონის 17-21 % შედგება ტკბილისგან, 38 %-ით უფრო ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით იღუპებიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, ბევრად დიდხანს ცოცხლობენ.
თუ ატყობთ, რომ თქვენც და ბავშვსაც სერიოზულად გიჭირთ ტკბილზე უარის თქმა უცებ და კატეგორიულად ნუ იტყვით უარს. ჯერ შეზღუდეთ მისი მიღება, შეამცირეთ და ნელ-ნელა მისი მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეთ, ასე თავიდან აიცილებთ სტრესს. მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება, ერთად მიირთვას მთელი დღის ლიმიტი თუ გადაანაწილოს დღის განმავლობაში. სტომატოლოგებიც კი ირწმუნებიან, რომ ცოტაოდენი ტკბილი ყოველდღიურად არ არის იმდენად საშიში, თუ სათანადოდ დაიცავთ პირის ღრუს ჰიგიენას.
თუ გადაწყვეტთ რაციონიდან ტკბილის ამოღებას, იყავით შეუვალი, აღუჭურვეთ მოთმინებით და არ შეცვალოთ პოზიცია. ბავშვის ტირილმა გული არ უნდა მოგილბოთ. როდესაც ბავშვმა იცის, რომ ტირილი გაუვა, ის არ გაჩერდება სანამ სასურველს არ მიიღებს, ამიტომ ეცადეთ შეცვალოთ სტრატეგია და კანფეტის ან ორცხობილას ნაცვლად ჯანსაღი საკვები შესთავაზოთ, გვერწმუნეთ, ადრე თუ გვიან ბავშვი დათანხმდება თქვენს შემოთავაზებას. ეცადეთ გადაატანინოთ ყურადღება რაიმე საინტერესოს კეთებით ან მის თვალწინ გემრიელად მიირთვით ჯანსაღი საკვები. ამის შემყურე ბავშვი დიდი ალბათობით მოგბაძავთ და თვითონაც მოუნდება თქვენთან ერთად ჭამა.
რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ისეთ ბავშვებზე, რომელთაც განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ტკბილის მიმართ და შეუძლიათ ჯანსაღ საკვებზე უარი თქვან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს უმჯობესია მშობელმა კონსულტაცია ექიმთან გაიაროს. დიეტაზე მხოლოდ ბავშვის დასმა მიზანშეწონილი არ არის, თუ გინდათ, რომ შედეგს მიაღწიოთ, ბავშვთან ერთად უნდა აკეთოთ ყველაფერი, სიტყვა „შენ“ არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს სიტყვა „ჩვენ“. კარგი გამოსავალი იქნება ასევე ბავშვს შესთავაზოთ ტკბილის ალტერნატივა. ეს შეიძლება იყოს თეფშზე ლამაზად გაფორმებული ხილი, იოგურტი, ჩირი. შეგიძლიათ საკვები თეფში ლამაზად გააფორმოთ და ამით მიიქციოთ პატარას ყურადღება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა მიიღოს სათანადო რაოდენობის ვიტამინები და მიკროელემენტები. ასევე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვი ტკბილ სასმელებს. 300 მლ ლიტრი ტკბილი სასმელი შესაძლოა 9 კოვზ შაქარს შეიცავდეს. ტკბილის მოხმარების შემდეგ ბავშვის კბილებზე ჩნდება ნადები, ბაქტერიების ბუდე, რომელიც მრავლდება და იწვევს კბილის მინანქრის დაზიანებას, ამიტომ უმჯობესია ბავშვმა ტკბილი საუზმის შემდეგ მიირთვას და არა საღამოს, ძილის წინ. დღის განმავლობაში აქტიურად გამოიყოფა ნერწყვი, რომელიც ამ ნადებს ჩამორეცხავს, ღამის საათებში კი ეს არ ხდება.
ძალიან ხშირად მშობლები ბავშვებს კარგი საქციელისთვის ტკბილეულობით აჯილდოვებენ. ეს ემოცია იწვევს მიჯაჭვულობას და დიდ ასაკში, როდესაც ადამიანს აქვს სტრესი, ბავშვობის ტკბილ ემოციებში ეძებს გამოსავალს. ტკბილი მასთან ასოცრიდება დადებით მოგონებებთან, სწორედ ამის გამო გაუცნობიერებლად ბევრ ტკიბილეულს იღებს დიდ ასაკში და ხდება მასზე დამოკიდებული.
ასევე დაგაინტერესებთ: