კულინარია ბავშვს შეგიძლიათ ადრეული ასაკიდან შეასწავლოთ, ეს ავითარებს მოტორიკას და ამით ბავშვს სწორ კვებასაც მიაჩვევთ.
საკვების მომზადება ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა. ამ პროცესში კიდევ ბევრი საჭირო უნარ-ჩვევის შეთავაზებაა მოსახერხებელი. ფსიქოლოგებმა დადეს კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვით არსებობს კავშირი კულინარიის ადრეულ ასაკში შესწავლასა და სწორი კვების სწავლას შორის. ბავშვები, რომელთაც ადრეული ასაკიდან შეასწავლიდნენ კულინარიას, ნაკლებად იყენებენ ცხიმიან საკვებს და ე.წ. ფასთ ფუდს. ისინი უპირატესობას ხილსა და ბოსტნეულს ანიჭებენ. სწორი კვების ჩვევები ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც უნარჩუნდებათ.
თუმცა ძალიან ხშირად მშობლები ნერვიულობენ იმის გამო, რამდენად უსაფრთხოდ იქნება მათი შვილი სამზარეულოში საკვების მომზადების დროს. იმისათვის, რომ ბავშვმა თან საკვების მომზადება ისწავლოს, იყოს ჩართული ამ პროცესში, ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე ძალიან საინტერესო რჩევას და რეკომენდაციას.
რისკის მნიშვნელობა
უსაფრთხოება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც მშობელმა ბავშვისთვის კულინარიის შესწავლის დროს უნდა გაითვალისწინოს, თუმცა მისი ფიზიკური და ასევე შემეცნებითი განვითარებისთვის ზომიერ რისკზე წასვლა საჭიროც კი არის. ბავშვის კეთილდღეობისთვის საჭიროა ბავშვმა გაითვალისწინოს რისკის ფაქტორი, აკონტროლოს ის და არა თავი აარიდოს მას. თუ სამზარეულოში რისკის ხარისხი შეესაბამება ბავშვის ასაკს, მაშინ ამ რისკის გათვალისწინება ბავშვს ემოციურ მდგრადობას ასწავლის.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ფსიქოლოგები მშობლებს საერთო რეკომენდაციებს სთავაზობენ.
მაგალითად, ორი წლის ასაკში ბავშვმა შესაძლებელია ცომით სხვადასხვა ფორმა გააკეთოს, ასევე შესაძლებელია მიეხმაროს მშობელს ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვაში. მიეცით მას საშუალება, შეეხოს ხილსა და ბოსტნეულს, შეიგრძნოს იგი. აუხსენით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ მიირთმევს, საფუძვლიანად გარეცხოს და მოაშოროს ჭუჭყი, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა.
სამი წლიდან, თუ ბავშვს ატყობთ ამის მზაობას, შეგიძლიათ დანით რაღაცების დაჭრა ასწავლოთ. დაიწყეთ პლასტმასის ან კარაქის დანით და თავდაპირველად რბილი პროდუქტის დაჭრა ასწავლეთ, მაგალითად ბანანის, მთავარია, რომ ბავშვს გაუჩნდეს საკუთარი თავის რწმენა.
სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთში შერევა ავითარებს წვრილ მოტორიკას.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წვრილი მოტორიკის განვითარება ხელს უწყობს ბავშვს მათემატიკისა და სხვა საგნების უკეთ ათვისებაში.
საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ კვლევების შედეგად, 2015 წლიდან ბავშვებს მოტორიკა სათანადოდ არ აქვთ განვითარებული და ამის მიზეზად ბევრი ელექტრონული სათამაშო დაასახელეს და არა მაგალითად მაგიდის ასაწყობი კუბები, ან სხვა მსგავსი სათამაშოები, რომელიც სწორედ მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.
ასე რომ, ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, ადრეულ ასაკში შეასწავლონ ბავშვს კულინარია და ამით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერენ.