როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ წელის ტკივილს?

02-02-2022

რა არის მშობიარობის შემდგომი წელის ტკივილის მიზეზი?
იმ მიზეზებს, რომლებიც ორსულობის დროს წელის ტკივილს იწვევდა, მშობიარობის შემდეგაც იგივე ეფექტი აქვთ სხეულზე.
ორსულობის განმავლობაში საშვილოსნოს ზომის ზრდა, მუცლის კედელზე გაზრდილი ზეწოლა, მუცლის პრესის კუნთების შესუსტება, დგომისას პოზის შეცვლა და ზურგის კუნთებზე გაზრდილი ზეწოლა იწვევს წელის ტკივილს. ორსულობისას წონის ნამატი, რომელიც მშობიარობის შემდეგაც რჩება, კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს კუნთებსა და სახსრებზე. ამ ყველაფერთან ერთად, ჰორმონული ცვლილებები ამცირებს სახსრებისა და იოგების სიმყარეს. სამწუხაროდ, ყველა ეს ცვლილება, რომლებიც ორსულობის პერიოდში ხდება, მშობიარობის შემდეგაც ძალაში რჩება და იმავე პრობლემას - წელის ტკივილს იწვევს.

მშობიარობის დროს შეიძლება ის კუნთები დაიძაბოს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არ იყენებთ, რაც წელის ტკივილის დამატებით მიზეზს ქმნის.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას - ახალბედა დედებს ხშირად უმწვავდებათ წელის ტკივილი, თუ ძუძუთი კვებისას სწორ პოზიციას არ აირჩევენ. როდესაც დედა ძუძუთი კვების ტექნიკას სწავლობს, უფრო მეტ ყურადღებას ბავშვის ძუძუზე კარგ მოჭიდებს აქცევს, ვიდრე თავისი სხეულის პოზიციას და სასურველი შედეგის მისაღწევად შეიძლება წინ გადაიხაროს და კისერი, მხრები და წელი ზედმეტად დაძაბოს. ასევე, ახალშობილის მოვლით გამოწვეული ზოგადი სტრესი და გადაღლილობაც ამწვავებს პრობლემას და ართულებს მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციას.

რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობის შემდგომი წელის ტკივილი?
როგორ წესი, წელის ტკივილი მშბიარობიდან რამდენიმე თვეში მსუბუქდება და ქრება.თუ ორსულობის დროს წელის ტკივილი გაწუხებდათ, უფრო მეტი შანსია, რომ ის მშობიარობის შემდეგაც შეგაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ტკივილი ორსულობის ადრეულ პერიოდში დაიწყო. 
ჭარბწონიანობა ზრდის ქრონიკული ტკივილის განვითარების შანსს.

რა ზომები შეგიძლიათ მიიღოთ წელის ტკივილის შესამსუბუქებლად?
თავდაპირევლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ ჩივილის შესახებ. მან შეიძლება დამატებითი მედიკამენტი გამოგიწეროთ ან სასარგებლო რჩევები მოგცეთ.
შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც  შეგიძლიათ დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ:

მსუბუქი ვარჯიში
როდესაც წელის ტკივილი გაწუხებთ ,მოძრაობა შეიძლება ყველაზე ნაკლებად გინდოდეთ, თუმცა ეს თქვენს სხეულს სჭირდება.
თავიდან მსუბუქი ფიზიკური ატივობით დაიწყეთ, როგორიცაა სეირნობა. სეირნობა შეგიძლიათ საკეისრო კვეთის და ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ მალევე დაიწყოთ, რადგან ეს ფიზიკური აქტივობა ყველაზე უსაფრთხოა. თავიდან იარეთ მოკლე მანძილზე და ცოტა ხნით, რამდენიმე კვირაში კი გაზარდეთ დისტანცია.
როდესაც თქვენი ექიმი დაგრთავთ ამის ნებას, ვარჯიშის რუტინაში შეიტანეთ მენჯის მიდამოზე მიმართული ვარჯიშები. მოგვიანებით შეგიძლიათ დაამატოთ მუცლის და ზურგის კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები. სცადეთ მსუბუქი, გაწელვითი ვარჯიშები, როგორიცაა იოგა, მაგრამ თავი აარიდეთ რთული, დამტვირთავი პოზების შესრულებას. 
მოუსმინეთ თქვენს სხეულს - თუ რაიმე სახის ვარჯიში ან პოზა დისკომფორტს იწვევს, მაშინვე შეწყვიტეთ მისი კეთება.

სხეულის ბიომექანიკის კორექცია
ქვემოთ მოცემული რჩევები გაიხსენეთ და გაითვალისწინეთ მთელი დღის განმავლობაში:
•    დგომის და ჯდომის დროს იყავით გამართული.
•    ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეული პოზას ბავშვის კვების დროს, იქნება ეს ძუძუთი კვება თუ ბოთლით. მოთავსდით კომფორტულ სავარძელში, რომელსაც აქვს საზურგე და ხელის საყრდენი. თუ ძუძუთი კვებას მიმართავთ, დაფიქრდით ძუძუთი კვებისთვის შექმნილი ბალიშის შეძენაზე, რომელიც მუცლის და წელის მიდამოს ეხვევა. ასევე გამოიყენეთ დაბალი სკამი, რომელზეც ფეხებს დადებთ.
•    ძუძუთი კვების დროს ბავშვი მიიყვანეთ ძუძუსთან ახლოს და არა პირიქით. სცადეთ სხვადასხვა პოზიცია. თუ დაძაბულობას გრძნობთ მხრებსა და ზურგის ზედა ნაწილში, გვერდზე წოლის პოზიცია შეიძლება უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის.
•    ნივთების იატაკიდან აღებისას ყოველთვის მოიხარეთ მუხლებში, რათა მინიმალური დატვირთვა მიადგეს წელის კუნთებს.
•    არ აზიდოთ მძიმე ტვირთი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა გაიკეთეთ.

თავის მოვლის ზოგადი პრინციპები
ზოგადი დაძაბულობის მოხსნა წელის ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ:
•    მიიღეთ თბილი აბაზანა.
•    მტკივან ადგილზე დაიდეთ თბილი ან ცივი კომპრესი.
•    ჩაიტარეთ მასაჟი.
•    ისწავლეთ რელაქსაციის ტექნიკები. ისინი დაგეხმარებათ ზოგადი დისკომფორტის შემცირებასა და დაძინებაში.
•    სცადეს ნერვების კანქვეშა ელექტროსტიმულაცია. ბევრი ადამიანის თქმით, ამ მოწყობილების გამოყენება ძალიან ეფექტურია წელის ტკივილის დროს.

კიდევ რა შეგიძლიათ სცადოთ?
•    მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლების რეცეპტით განსაზღვრული რეკომენდებული დოზა. თუ ამან ეფექტი არ გამოიღო, ესაუბრეთ თქვენს ექიმს.
•    სცადეთ ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპევტი გასწავლით ვარჯიშებსა და ხერხებს წელის ტკივილის შესამსუბუქებლად.
•    სცადეთ ალტერნატიული საკმურნალო ტექნიკები, როგორიცაა აკუპუნქტურა ან ქიროთერაპია. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ეს საშუალებები ეფექტურია ტკივილის შესამცირებლად.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ,თუ:
•    წელის ტკივილი ძალიან ძლიერია, მუდმივია, ან პორგრესულად ძლიერდება.
•    წელის ტკივილი გამოიწვია ტრავმამ ან თან ახლავს მაღალი ტემპერატურა.
•    მგრძნობელობა შეგიმცირდათ ერთ ან ორივე ქვემო კიდურში, ან უეცრად იგრძნობთ წონასწორობის შეკავების გაძნელებას ან სისუსტეს.
•    დაკარგეთ მგრძნობელობა შორისის, დუნდულა კუნთების ან მცირე მენჯის მიდამოში (შარდის ბუშტის და ანუსის მიდამოში). ეს შეიძლება გამოვლინდეს მოშარდვის ან დეფეკაციის გაძნელებით ან შეუკავებლობით.