ანდერსენის ზღაპარში "ყინულის დედოფალი" სარკეს ჰქონდა ჯადოსნური თვისება, ყველაფერი კარგი და ლამაზი პატარავდებოდა, თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა, ყველაფერი ცუდი და მახინჯი კი კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო. სწორედ ამ სარკის ნამსხვრევი ჩაუვარდა კაის თვალში, რამაც სამყაროს აღქმა დაუმახინჯა. საყვარელი ნივთები აღარ ახარებდა, ყველაფერი მშვენიერი უსახურად ეჩვენებოდა. ყინულის ნამსხვრევები, რომლებიც ამახინჯებენ სამყაროს აღქმას, ერთგვარი სქემაა. მათი მეშვეობით სამყაროს ხედვით ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს, მოვლენებს და სხვა ადამიანებს.
ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ ზემოქმედებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები ადამიანის ქვეცნობიერზე.
სქემები - ეს გახლავთ მოდელი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროსა და საკუთარი თავისადმი. ის ეფუძნება ბავშვურ გამოცდილებას.
როდესაც ბავშვი პატარაობიდანვე იღებს მიმღებლობისა და თანადგომის გამოცდილებას, მას უყალიბდება ჯანმრთელი სქემები, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელ რეაქციებს, პოზიტიურ განწყობებს, დადებით მოქმედებებს. და პირიქით, უარყოფითი სქემები განსაზღვრავს ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათა საპირისპირო ქცევებს. მსგავს ნეგატიურ განწყობებს შეუძლია ბავშვი ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიიყვანოს. მაგალითად, თუ ბავშვში ჭარბობს ნეგატიური სქემები გარე სამყაროს მიმართ, მაშინ მის ყველა მოქმედებაში და სიტყვაში ჩადებული იქნება ბოროტი ზრახვა. ასეთი ადამიანი ყოველთვის ეცდება გააკრიტიკოს და დააკნინოს გარშემო მყოფები. ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორი ადამიანში ბავშვობიდან ყალიბდება და ფორმირდება, სამყაროსა და სხვა ადამიანების აღქმის პროცესში. თუმცა, ეს სურათი შესაძლოა შეიცვალოს ასაკთან ერთად სხვადასხვა შთაბეჭდილების გავლენით. მოდით ვნახოთ, რომელი მოთხოვნები არ კმაყოფილდება ყველაზე ხშირად ბავშვებში, როგორი სქემების ფორმირებას იწვევს ეს და როგორ მუშაობს ეს სქემები.
დაბადებისთანავე ადამიანს გააჩნია სიყვარულის, მიმღებლობის, დაცულობის და თანადგომის მოთხოვნილება. როდესაც ამ მოთხოვნილებათაგან რომელიმე არ აქვს, ბავშვი გარე სამყაროს სათანადოდ ვერ აღიქვამს. ამ დროს ბავშვს უყალიბდება მიტოვების, დაუცველობის, უსიყვარულობის, სირცხვილისა და მიტოვების სქემები.
ეს სქემები განსაკუთრებით დედების მიერ მიტოვებულ ბავშვებში იკვეთება.
ზრდასრულ ასაკშიც კი ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები დაუცველები არიან ინტიმური ურთიერთობისა და ნდობის საკითხების მიმართ. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ძალიან რთულია საიმედო ურთიერთობების დამყარება. სიყვარულისადმი ბავშვობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება მიმართულია პარტნიორისკენ, რომელიც მისთვის ხდება უახლოესი ადამიანი. მაგრამ მასთან ოდნავი უთანხმოებაც კი იქცევა სერიოზულ კონფლიქტად, თავს იჩენს მიტოვებული ადამიანის განცდა, სწორედ ეს არის მშობლის მიერ დატოვებული ჯოჯოხეთი. ბავშვობის ტრავმა თავს იჩენს ზრდასრულ ურთიერთობებში. ამიტომ ეს ადამიანები ხშირად განიცდიან ტრავმებს ხელახლა, რაც კიდევ უფრო ამყარებს პირვანდელ სქემებს. ყოველი ასეთი გამოცდილების შემდეგ სულ უფრო და უფრო რთული ხდება სხვისი ნდობა.
როგორც კი ბავშვი იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, მას უჩნდება დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, სურვილი, იმოქმედოს სხვებისგან დამოუკიდებლად და ისე მიაღწიოს საკუთარ მიზნებს.თუ დედა ძალიან ზღუდავს ბავშვის აქტივობას, აკონტროლებს მას ზედმეტად, წუხს და შიშობს ბავშვის საქმიანობის შესაძლო შედეგების გამო, მაშინ ბავშვის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება. შედეგად ვითარდება დამოკიდებულების, მარცხის, უმწეობის სქემები.
ამ სქემებით სამყაროს აღქმისას ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის, საკუთარი ძალის, მუდმივად ეჭვობს, ეძებს ავტორიტეტულ ფიგურას ან აზრს, ეშინია შეცდომის დაშვების.
თუ ოჯახში თავისუფლება სუფევს, არ არსებობს ჩარჩოები, რეჟიმები, წესები, ბავშვის ქმედებების გონივრული დაგეგმვა და ხელმძღვანელობა, მაშინ მისი მოთხოვნილება მკაფიო საზღვრებსა და მენტორობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.შედეგად ვითარდება პრივილეგიის, თვითკონტროლის ნაკლებობის სქემები.
ეს სქემები აიძულებს ადამიანს საკუთარი თავი გამონაკლისად, განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანად ჩათვალოს. ასეთი ადამიანები სხვებთან შედარებით საკუთარი უპირატესობისკენ მიისწრაფვიან, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით ხდება. თვითკონტროლის უნარის ნაკლებობა იწვევს იმპულსურობას, სოციალური ნორმებისა და წესების დარღვევას. ასეთი ბავშვებიდან ხშირად იზრდებიან მოძალადეები და დამნაშავეები.
გრძნობების გამოხატვის მოთხოვნილება
ზოგიერთი მშობელი უკრძალავს შვილებს ემოციების გამოვლენას: „არ შეიძლება ტირილი“, „შეწყვიტე გაბრაზება“, „ნუ ყვირი! ეს ისეთი პატარა რამეა“ და ა.შ.გრძნობების გამოხატვის მოთხოვნილების დათრგუნვა აყალიბებს „დამორჩილების“ და „თავგანწირვის“ სქემებს.ასეთი აღქმის სქემების მქონე ადამიანი უგულებელყოფს საკუთარ თავს, გრძნობებს, „ემსახურება“ სხვა ადამიანების ემოციურ ინტერესებს.
ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თამაში ბავშვისთვის. ზრდასრულში ეს მოთხოვნილება გადადის შემოქმედებით საქმიანობაში, სპორტში და საყვარელ საქმეში, თუმცა არიან მშობლები, რომლებიც ბავშვის მუდმივი განვითარებით არიან დაკავებულნი და თავისუფალი თამაშის უფლებას არ აძლევენ, საამისოდ დრო არ ემეტებათ.
თამაშის მოთხოვნილების დათრგუნვა ზრდასრულ ასაკში ქმნის ემოციების დათრგუნვას და მკაცრ სტანდარტებს.
გავიხსენოთ რამ განკურნა კაი? ატირდა, ისე ატირდა, რომ ცრემლმა ნამსხვრევი თვალიდან ამოუგდო. ყინულის ნატეხი დადნა, ბიჭს დაუბრუნდა გრძნობები და სიცოცხლის სიხარული.შეიძლება თუ არა ადრეული ბავშვობიდან ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანის განკურნება?დიახ, ფსიქოთერაპია გვეხმარება ავადმყოფური სქემების გაგებასა და გალღობაში. ამას აკეთებს ექიმი. უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზის დროს სპეციალისტი განსაზღვრავს პრობლემური სქემების შინაარსს და სიმძიმეს.
ამის შემდეგ მიმდინარეობს კვლევა სქემაზე: რა სიტუაციებში აიწყო იგი და როგორ მოქმედებს ეს ქცევაზე. შემდეგ ეტაპზე ადამიანს უწევს ქცევის ახალი გზების შესწავლა - სქემატურ თერაპიაში ამას "ჯანსაღ რეჟიმებს" უწოდებენ.ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს ახალი უნარები: უნდა გაიგოს და დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, თუ საჭიროა გახდეს საკუთარი თავის მშობელი, რათა მხარი დაუჭიროს და ანუგეშოს საკუთარი თავი, იზრუნოს საკუთარ თავზე. უნდა აღიაროს საკუთარი დაუცველობა. სამწუხაროდ, ყოველთვის როდია შესაძლებელი ბავშვობის ყველა ჭრილობის სრულად მოშუშება და მტკივნეული სქემების დაძლევა. ამიტომ, ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი სისუსტეების შესახებ, გაითვალისწინოს ეს და ისწავლოს რთულ სიტუაციებთან გამკლავება.ამ ეტაპების გავლის შემდეგ ადამიანი იწყებს სამყაროს ახლებურად აღქმას - უფრო ობიექტურად და ოპტიმისტურად. ეს მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ ცხოვრება იყოს საინტერესო და მშვენიერი.მშობელს კი, რომელიც ახლა ზრდის შვილს, აქვს ფუფუნება და ბევრი დრო, ჯერ კიდევ წაიკითხოს და გაიაზროს ბევრი რამ და ეცადოს, რაც შეიძლება სწორად, ნაკლები ტრავმებით აღზარდოს შვილი, რათა მას მომავალში მეტი პოზიტივი ჰქონდეს ცხოვრებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: