რა ასაკში ვუყიდოთ ბავშვს ტელეფონი?

21-08-2022

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი შვილი მზად არის, გახდეს საკუთარი სმარტფონის მეპატრონე? 

ბევრ თანამედროვე მშობელს ებადება შეკითხვა, ხომ არ არის დრო, შვილს უყიდოს მობილური ტელეფონი?
კეტრინ პერლმანის აზრით (ავტორის წიგნისა „პირველი ტელეფონი“), სანამ მშობლები ბავშვისთვის ტელეფონის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ რამდენიმე საკითხზე:
1. რად უნდა ბავშვს ტელეფონი? შესაძლოა დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან სახლში დამოუკიდებლად ბრუნდება ან ხშირად უწევს სახლში მარტო დარჩენა. 
2. როგორ მიიღებს ბავშვი იმ ფაქტს, რომ თქვენ მის ტელეფონთან ურთიერთობის დროს განსაზღვრავთ. 
3. რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ბავშვი საკუთარ ნივთებს. 
4. მოისურვებს თუ არა ბავშვი გაეცნოს ციფრული უსაფრთხოების წესებს და ისაუბრებს თუ არა ამასთან დაკავშირებულ  საფრთხეებზე მშობლებთან. 

აღნიშნულ კითხვებზე პასუხი დაეხმარება მშობლებს იმის გარკვევაში, თუ  რამდენად არის მზად მათი შვილი გახდეს მობილური ტელეფონის  პატრონი. რამდენად მოახერხებს მისთვის ახალი ნივთით ისე სარგებლობას, რომ ზიანი არ მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფთ.  

ტელეფონი, მობილური, სმარტფონი,

შესაძლო საფრთხეები

თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხუთი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება სმარტფონის ფლობას:
1. ინტერნეტ თაღლითები, რომელთა მსხვერპლი თავისუფლად შეიძლება გახდეს ზრდასრული ადამიანიც. 
2. ციფრული კვალი, რომელსაც ბავშვი ტოვებს ინტერნეტში, ვის როდის ეკონტაქტა, სად რა ინფორმაცია განათავსა. 
3. რას აკეთებს ბავშვი სოციალურ ქსელში, რა კონტენტს უყურებს, როგორ ეკონტაქტება სხვა მომხმარებლებს. 
4. როგორ იმოქმედებს სოციალური ქსელი თქვენს შვილზე, ხომ არ გახდება კიბერ-ბულინგის მსხვერპლი. 

პერლმანი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებსა და ბავშვს შორის იყოს გულახდილი საუბრები სოციალურ ქსელთან, მასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან მიმართებაში. აუცილებელია ბავშვს დაუწესოთ გარკვეული წესები მობილურით სარგებლობასთან დაკავშირებით, როდის და რამდენი დრო შეუძლია გაატაროს ტელეფონთან ერთად.  აუხსენით, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. 
 

საგანგაშო ზარი

არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბავშვის სმარტფონთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა.  აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • ბავშვს არ აინტერესებს არაფერი ის, რაც აინტერესებდა, გახდა დეპრესიული და უხასიათო.
  • ბავშვმა დაკარგა მოტივაცია, არაფერი ახალისებს. არ მეგობრობს სხვა ბავშვებთან და დროის უმეტეს ნაწილს ტელეფონში ატარებს.
  • ცდილობს დაუმალოს მშობლებს ტელეფონი და არ აჩვენოს, რა ხდება შიგნით.
  • თუ თქვენს შვილს მსგავსი საქციელი შენიშნეთ, უნდა დაფიქრდეთ, კიბერბულინგის ან სხვა ციფრული საფრთხის წინაშე ხომ  არ აღმოჩნდა ბავშვი.