რას ნიშნავს ბავშვის ადრეული განვითარება?
ადრეულ განვითარებაში იგულისხმება ბავშვის ნაადრევად განვითარება, დროზე ადრე, როდესაც ბავშვის თანდაყოლილი მისწრაფებები იგნორირებულია, ბავშვის ცხოვრებაში სპონტანური განვითარების ნაცვლად ფიგურირებს ათასგვარი გასავითარებელი სავარჯიშო, თავსატეხი და ა.შ.
როდესაც ბავშვს წერა-კითხვას, თვლასა და ანგარიშს ასწავლიან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საუბარიც კი არ დაუწყია, როდესაც ბავშვის ასაკობრივი მოთხოვნილებები უგულებელყოფილია.
მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ბავშვისთვის მთავარია, სიარული, ლაპარაკი და გარკვეული უნარები დამოუკიდებლად აითვისოს.
ადამიანის ნერვული სისტემა მილიონობით წელია ერთნაირად ვითარდება. ამ სისტემის არცოდნა არანაირად არ მოქმედებს განვითარებაზე. მაგალითად, ამა თუ იმ უნარის გამომუშავებისათვის საჭიროა ერთი და იგივე მოქმედების მრავალჯერ გამეორება. სიარულის სწავლის დროს ბავშვი ათასჯერ დაეცემა, ათასმეერთედ კი თავისუფლად გაივლის. ან კოვზით ჭამის დროს, ჯერ არ გამოუვა, დაისვრება, ბოლოს კი აითვისებს და დამოუკიდებლად ჭამას მიეჩვევა. მართალია, ეს ყველაფერი მშობლისთვის მარტივი ასატანი არ არის, თუმცა განვითარების აუცილებელი ეტაპია და ამის გარეშე წარმოუდგენელია.
ასევე წარმოუდგენელია ნერვული სისტემის განვითარების დაჩქარება. თუ ეს უკანასკნელი არ არის მზად ახალი უნარების ასათვისებლად, ბავშვი ამ უნარებს ვერც აითვისებს. 8 თვის ბავშვი გამართულად სიარულს ვერ ისწავლის, ისევე, როგორც ვერ ისწავლის კითხვას ლაპარაკზე ადრე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშსა და სხვა უნარებს, მშობლების გასაკვირად, ვერ გაიზარდნენ ისეთ წარმატებულები, როგორი მოლოდინიც მშობლებს ჰქონდათ, მათ უჭირდათ ემოციების მართვა, თავის კონტროლი, ათვისება და ა.შ. რატომ, იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში ამის გაკეთება ხელს უშლის ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას.
იმისათვის, რომ ჩვენი შვილის განვითარებას არ შეექმნას საფრთხე და სამომავლოდ სავალალო შედეგი არ მივიღოთ, შეგვიძლია მივმართოთ მონტესორის მეთოდს, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში, რომ თუ ბავშვს აქვს გარკვეული სწრაფვა და ინტერესი ამა თუ აქტივობის მიმართ, მშობელმა უნდა გაარკვიოს და ჩაუღრმავდეს ამ ინტერესს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მშობელმა ბავშვს ყველაფრის გაკეთების უფლება უნდა მისცეს, უბრალოდ მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს და თან დაუკვირდეს, რატომ აკეთებს ამას, რა მოსწონს ამა თუ იმ აქტივობაში, რა იზიდავს.
მთავარია ბავშვი არ შეზღუდოთ არჩევანში, მიეცით მას თავისუფლება, ნუ დააძალებთ ნურაფერს, მით უმეტეს ადრეულ ასაკში. დაძალებით ნასწავლი მას მომავალში არ გამოადგება, დაზეპირებული ცოდნა არ არის ის, რაც ბავშვს ან მშობელს სჭირდება, ბევრად მნიშვნელოვანია ბავშვმა გაითავისოს რას და რატომ აკეთებს, შეიგნოს და ასეთი ნასწავლი მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.
ნუ ეცდებით, რომ თქვენი შვილი იყოს სამაგალითო და ყველასთვის მოსწონი, ეცადეთ, რომ თქვენი შვილი იყოს ბედნიერი და რეალიზებული. ასევე თავისუფალი არჩევანში, თუნცა არა გათამამებული, ამაშია ჭეშმარიტი სრულყოფილება და ბედნიერება.
რასაკვირველია, არის შემთხვევები, როცა ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი და უნარები აქვს, განსაკუთრებულად გამოირჩევა თანატოლებისგან და თავად ისწრაფვის განვითარებისკენ. ძალიან ადრე, თავისით სწავლობს კითხვას, არითმეტიკას და ა.შ. ამ დროს მშობელმა ხელი არ უნდა შეუშალოს და პირიქით, წაახალისოს. თუმცა სტატიაში საუბარია მშობლების მხრიდან ზეწოლაზე და მონდომებაზე, ბავშვს ნაადრევად დააწყებინონ ის, რაც ჯობს, თავის დროზე მოხდეს.