ბროწეული ბავშვის მენიუში (+ რეცეპტი)

24-09-2022

როდის შეუძლიათ ბავშვს ბროწეულის მირთმევა?

ბროწეული ბავშვის კვების რაციონში 6 თვის ასაკიდან შეგიძლიათ შეიტანოთ.

სასარგებლოა თუ არა ბროწეული ბავშვებისთვის?

დიახ! ბროწეულის მარცვლები სავსეა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. ის შეიცავს  B, C და K ვიტამინებს, თუთიას და 150-ზე მეტ ანტიოქსიდანტს! ჩვენ გირჩევთ, მოერიდოთ 2 წლამდე ბავშისთვის ნებისმიერი სახის წვენის, მათ შორის ბროწეულის წვენის, შეთავაზებას.

რამდენად დიდია ბროწეულის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

ბროწეულის მარცვლები, მრგვალი ფორმის და სიმკვირივის გამო დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს 12 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის, რადგან მათი გადაცდენა ძალიან მარტივია. რისკის შესამცირებლად გააბრტყელეთ თითოეული მარცვალი ჩანგლით, ან ბროწეულის შეთავაზებამდე დაელოდეთ, სანამ ბავშვს ღეჭვის და ყლაპვის უნარები კარგად განუვითარდება. 

ბროწეული, ბროწეული ბავშვისთვის, ბროწეული ბავშვის მენიუში,

არის თუ არა ბროწეული გავრცელებული კვებითი ალერგენი?

არა. ბროწეულზე ალერგია იშვიათია, თუმცა რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. გაითვალისწინეთ, რომ პირის ღრუს ალერგიის სინდრომის მქონე პირები შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ბროწეულის მიმართ.მჟავე ხილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (როგორც წესი, ეს ვლინდება პირის ღრუში, ლოყებზე და ნიკაპის ქვეშ). 

რა ფორმით მივაწოდოთ ბავშვს ბროწეული?

6-დან 12 თვემდე: დააქუცმაცეთ ან გააბრტყელეთ ბროწეულის მარცვლები კოვზის ზურგით. ბროწეულის მთელი მარცვლების მირთმევა წარმოადგენს დახრჩობის საშიშროებას 12 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის.

12-დან 18 თვემდე: ამ ასაკში დასაშვებია მთლიანი ბროწეულის მარცვლების შეთავაზება, თუმცა, ფრთხილად იყავით კერძებში მთლიანი მარცვლების დამატებისას, რადგან ბავშვმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს ბროწეულის მარცვლების დაღეჭვის აუცილებლობა, როდესაც მათ გლუვ საკვებს უმატებენ, როგორიცაა იოგურტი.
18-დან 24 თვემდე: შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ ბავშვს მთლიანი ბროწეულის მარცვლები დამოუკიდებლად, ან სხვა კერძებთან ერთად. 


რეცეპტი: შემწვარი ბადრიჯანი ბროწეულთან ერთად

ინგრედიენტები:
•    2 ცალი ბადრიჯანი 
•    2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 
•    1 კბილი ნიორი 
•    ½ ჭიქა ბერძნული იოგურტი
•    1 ცალი ბროწეული 
მომზადების წესი:
•    გააცხელეთ ღუმელი 375 გრადუსზე. 
•    გარეცხეთ ბადრიჯანი, დაჭერით სიგრძეზე და წაუსვით ზეითუნის ზეთი.
•    შეწვით ბადრიჯანი 45 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაელოდეთ გაცივებას.
•    სანამ ბადრიჯანი იწვება, დაჭერით ნიორი და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში საშუალო ან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ცეცხლი და გააცივეთ. 
•    თასში დაამატეთ ბერძნული იოგურტი და მოშუშული ნიორი მის ზეთთან ერთად და აურიეთ. 
•    ამოიღეთ მარცვლები ბროწეულიდან. მოაყარეთ იოგურტს 2 სუფრის კოვზი მარცვლები და დანარჩენი შეინახეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში.
•    მოაცილეთ შემწვარ ბადრიჯანს კანი და გადაიტანეთ თასში.
•    დაამატეთ იოგურტის სოუსი და მიირთვით. 

გემოების შეხამება:
ბროწეულის ტკბილი და მჟავე არომატი უხდება ცხიმიან საკვებს. მიირთვით ბროწეულის მარცვლები მოშუშულ ან ნედლ მწვანილთან,  მოხარშულ ორაგულთან ან ცხიმიან ყველთან ერთად. ის ასევე ძალიან უხდება თხილეულს, როგორიცაა ნიგოზი.

წყარო: solidstarts