თქვენი შვილი ჯერ 1 წლის არ არის...ჯერ არ მიგიციათ თქვენი ჩვილისთვის ნატურალური წვენი? კარგად მოქცეულხართ.
ალბათ, ძნელია ჩამოყალიბდეთ, საბოლოოდ რა არის მართლა კარგი თქვენი შვილისთვის და რა - არა. ახალგაზრდა დედას ბევრი ადამიანი აძლევს რჩევას - ასე სჯობს, ისე სჯობს, ბავშვობაში შენ ამას გაჭმევდით, იმას არ გასმევდით და ა.შ.
არც ნატურალური ხილის წვენის თემა იქნებოდა ალბათ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ხილის წვენის სასარგებლოდ არგუმენტირებული - როგორ, ბავშვისთვის წვენი ჯერ არ მიგიცია?! მიუცემლობის მიზეზს კი ან სიზარმაცით ხსნიან ან კიდევ იმით, რომ გენანებათ. ხშირია, როდესაც მშობლები 4 თვიდან ბავშვებს ხილის წვენებს ასინჯებენ, განსაკუთრებით პოპულარულია ვაშლის წვენი. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით(2017 წლიდან) წლამდე ასაკის ბავშვს წვენი არ სჭირდებათ, რამეთუ ბავშვი იღებს ან დედის რძეს, ან დედის რძესთან ადაპტირებულ სპეციალურ საკვებს. ბავშვის მენიუში წვენის ჩართვა მასში შაქრის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო არ არის რეკომენდირებული. სახლში გამოწურული, ნატურალური წვენიც, ცხადია, შეიცავს შაქარს,რადგან ხილი თავად შაქრის შემცველია. ბოსტნეულის წვენი ნაკლებ შაქარს შეიცავს, თუმცა მასში ჭარბად არის მარილი.
ნატურალური წვენის შეთავაზება დასაშვებია წლის შემდეგ. ნატურალური წვენი შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს მოხლოდ ჭიქით და მაშინ, როცა ის დამოუკიდებლად ზის. არასდროს შესთავაზოთ ბავშვს წვენი ბოთლით. ასევე დასაშვებია წყალში გააზავოთ წვენი და ისე შეთავაზოთ ბავშვს.
ასე რომ, წვენის საჭიროება წლამდე ასაკის ბავშვებში ნამდვილად არ არსებობს და შეგიძლიათ მასზე უარი თამამად თქვათ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ზარმაცი ან კიდევ უყურადღებო დედა ხართ.