სხვადასხვა მრავალფეროვან ტკბილეულს შორის ყველაზე გავრცელებული ალბათ, მაინც შოკოლადია, რომლის გარეშე ცხოვრება უამრავ ადამიანს ვერ წარმოუდგენია. ადამიანები შოკოლადზე გარკვეულწილად დამოკიდებულებიც არიან, დედამიწის მოსახლეობის მესამედი დღეში ერთ ნაჭერ შოკოლადს მაინც მიირთმევს.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო საინტერესოა,
რა ზიანი შეიძლება მოუტანოს შოკოლადმა ადამიანის ჯანმრთელობას და როგორ და რა რაოდენობით ჯობს მისი მიღება.
შოკოლადი, როგორც ნუგბარი, სამასი წლისაა. მისი წარმოების პროცესი იწყება იქიდან, როცა კაკაოს ხის ნაყოფის დამუშავება დაიწყეს და გაყვეს ორ ნაწილად - კაკაოს ზეთად და კაკაოს რბილობად. მიღებული კაკაოს ცხიმით ამზადებენ შოკოლადს, კაკაოს რბილობიდან კი ამზადებენ კაკაოს ფხვნილს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ კაკაოს მოსამზადებლად.
გარდა კაკაოს ზეთისა, შოკოლადის შემადგენლობაში ასევე შედის შაქარი. გარდა ამისა, შოკოლადის დასამზადებლად იყენებენ სხვადასხვა დანამატს, რძის ფხვნილს, არომატიზატორებს და ა.შ.
შოკოლადის ფასებიც სხვადასხვანაირი. ფასის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი მაინც შოკოლადის ცხიმია. რაც მეტია იგი შემადგენლობაში, მით ძვირია შოკოლადი. რაც მეტი შაქარი და სხვა დანამატია შოკოლადში, მით დაბალია მისი ფასი.
ძირითადად ორი სახის შოკოლადი არსებობს - შავი და რძიანი. ევროპულ ქვეყნებში უფრო შავი შოკოლადია პოპულარული, პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი - რძიანი.
არსებობს მოსაზრება, რომ უმჯობესია ბავშვებს რძიანი შოკოლადი მივცეთ. რადგან, ამ მოსაზრების თანახმად, შავი შოკოლადი ბავშვებისთვის მწარეა და მეორე, რომ რძიან შოკოლადში მეტი რძეა, რაც ბავშვისთვის სასარგებლოა.
დიახ, წესით რძიანი შოკოლადი რძის პროდუქტისგან უნდა დამზადდეს, თუმცა ძალიან ბევრი მწარმოებელი ეკონომიის მიზნით რძის ნაწარმს დაბალი ხარისხის ცხიმებით ანაცვლებს. ასე დამზადებული შოკოლადის ფასი გაცილებით დაბალია.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ შოკოლადი ძალიან საზიანოა ადამიანის ღვიძლისთვის, რეალურად კი, თუ შოკოლადს ზომიერად მივიღებთ, მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია. შოკოლადი შეიცავს საკმაო რაოდენობით ცილებს, რომელსაც შლის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტი.
მაშინ, რა არის ყველაზე მავნებელი შოკოლადის ფილის შემადგენლობაში?
ყველაზე მავნებელი შოკოლადის შემადგენლობაში არის შაქარი. 100-გრამიან შოკოლადის ფილაში დაახლოებით 53 გრ. შაქარია, რაც ზრდასრული ადამიანის დღიურ ნორმაზე მატია. შაქრის ჭარბად მოხმარება კი რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მაგრამ ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის და სუფთა ჰაერზე სეირნობის ფონზე ცოტაოდენი შოკოლადი ნამდვილად ვერაფერს დაგაკლებთ.
რომელ ალერგენს უნდა დავაკვირდეთ შოკოლადის ფილაში?
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მშობელი, ალერგიის შიშით ბავშვს შოკოლადს არც კი ასინჯებს, ეს არ არის სწორი მიდგომა. არ არსებობს ალერგია ყველაფერზე. თუ ბავშვი ალერგიულია მაგალითად მარწყვზე ან თევზზე, შოკოლადი რა შუაშია. ბავშვმა ზომიერად, მცირე ულუფებით ყველა პროდუქტი უნდა გასინჯოს. თუ შეატყობთ, რომ ბავშვს ალერგიული რეაქცია ჰქონდა შოკოლადის მიღების შემდეგ, შემადგენლობა აუცილებლად კარგად წაიკითხეთ, რადგან შოკოლადში ყველაზე ხშირად ალერგენი სოიოს ლეციტინია, რომელსაც მწარმოებლები უკეთესი წელვადობის მისაღებად იყენებენ. ამ შემთხვევაში სხვა დროს ისეთი შოკოლადი შესთავაზეთ ბავშვს, რომელიც სოიოს ლეციტინს არ შეიცავს.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის შოკოლადის მიცემა?
რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის შოკოლადის მიცემა, სპეციალისტები 2-3 წელზე თანხმდებიან. თუ არის იმის საშუალება, რომ ეს კიდევ უფრო გვიან მოხდეს, შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ, უკეთესია. კარგი იქნება, თუ ბავშვს შოკოლადის ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას და პირის ღრუს გამოვლებას ასწავლით, რათა დარჩენილმა შოკოლადმა კბილის მინანქარი არ დააზიანოს და არ გამოიწვიოს კარიესის წარმოშობა.
რასაკვირველია, ჯობს მიაწოდოთ ბავშვს ხარისხიანი შოკოლადი და არა დიდი დოზით, მცირე რაოდენობით.
ასევე არ ღირს შოკოლადის მირთმევა ღამის საათებში, რადგან მასში შემავალი შაქარი ადვილად შეიწოვება სისხლში და გადადის ენერგიაში, რაც ძილის წინ აუცილებელი სულაც არ არის.
ასე რომ, შოკოლადის ზომიერად მირთმევა და სწორ დროს არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, პირიქით, დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე და გვაბედნიერებს.