თანამედროვე დედის ბლოგი

12-05-2022

რისთვის უნდა იყოს მზად ახალბედა დედა მშობიარობის შემდეგ?

ორსულობა, მშობიარობა და ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ახალშობილი და მასთან დაკავშირებული ათასი რჩევა და დარიგება. რა შეიძლება მოისმინოთ გარშემო მყოფებისგან და რისთვის უნდა იყოთ მზად?
•    თქვენ შეიძლება გითხრან, რომ „ასეთი“ მკერდით ბავშვს ვერ აჭმევთ და უმჯობესია ხელოვნური კვება დაუმატოთ;
•    შეიძლება გითხრან, რომ ხსენი ბავშვს ვერ დაანაყრებს, როგორ შეიძლება ერთმა წვეთმა ბავშვი დაანაყროს?!
•    აუცილებელია კონკრეტული ბრენდის „ჩაი“ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, რომ ბავშვი კოლიკამ არ შეაწუხოს. თან რძესც წყალწყალაა და ცხიმიც არ ლივლივებს გამოწურულ, „ანალიზზე“ წასაღებ ჭურჭელში. 
•    შეიძლება დაგადანაშაულონ იმაში, რომ მხოლოდ ჩაი და პური არ არის თქვენი კვების რაციონი და გაბედეთ საყვარელი ნამცხვრის ან თუნდაც შემწვარი კერძის მირთმევა
•    აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენი კვებით ბავშვს „გაბერავთ“ და ამიტომ მკაცრი კვების რეჟიმი უნდა დაიცვათ და რომ კოლიკა ზუსტადაც თქვენი ბრალია.
•    გეტყვიან, რომ აუცილებელია რძის მომყვანი ელექსირების დალევა, მკერდის მასაჟთან ერთად, რომ რძე დიდხანს და ბედნიერად გქონდეთ.
•    როცა რძე დაგირეგულირდებათ, გეტყვიან, რომ რძე არ გაქვთ, აბა ჩაჩუტულ მკერდში რა უნდა რძეს?!
•    გაჩუქებენ ბავშვის ხელთათმანებს და იმასაც დაამატებენ, რომ 40 დღემდე ფრჩხილები არ უნდა დააჭრათ.
•    გისაყვედურებენ შეცვლილი ხასიათის, პოსტსამშობიარო დეპრესიის ნიშნების გამოვლენისთანავე: „როგორ შეიძლება სახე ჩამოგტიროდეს, არ გიხარია, რომ ჯანმრთელი შვილი გყავს?!“ 
•    გისაყვედურებენ, რომ ბავშვს ცივი ხელ-ფეხი აქვს - „აბა შენ დედა ხარ? ბავშვს რატომ ყინავ?!“
•    გათბობა ბოლომდე უნდა იყოს აწეული და ბავშვს 3 წინდა უნდა ეცვას. შეიძლება გაგიმართლოთ, თუ ბავშვი ზაფხულში გაჩნდა. 
•    ისიც იცოდეთ, რომ ბავშვის პირველი გაციება, დავარდნა და ტირილი თქვენი ბრალი იქნება.
•    მეზობელი მანანას დისშვილის რძალი კი დედობის ეტალონად მოგევლინება, მისი შვილი  ხომ 2 თვიდან დახოხავს, 6 თვიდან დარბის, სალტოებს აკეთებს და 10 თვის უკვე უნივერსიტეტში აბარებს, შენს შვილს კი ჯერ გადაბმულდ ვერ უთქვამს ჰიდროელექტროსადგური. 
•    იმასაც გეტყვიან, რომ  - რა ხართ ეს თანამედროვე დედები, რამდენ სისულელესაც წაიკითხავთ ინტერნეტში, ყველაფრის გჯერათ და ჯობს დაუჯეროთ პედიატრს, ქალბატონ თამარს, პროფესორს, 55-წლიანი გამოცდილებით, რომელიც დილას ერთ ხელოვნურ კვებას გინიშნავთ, საღამოს კი - მეორე ბრენდს, ისე - მრავალფეროვნებისთვის. 

წინ დიდი გზა გელით, დიდი მარათონი, სადაც მხოლოდ სწორი ინფორმაციით, ცოდნით და მუდმივი განვითარებით შეძლებთ გაზარდოთ შვილი ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ და ისე, როგორც ეს სწორია. არასდროს და არცერთი წუთით არ დაიდანაშაულო თავი! შენ საუკეთესო დედა ხარ! მთელი გულით გისურვებ წარმატებას!

თანამედროვე დედა