ჩემი ბლოგის შექმნის ისტორია
- მატილდა 6 თვის იყო, როდესაც ბლოგი შევქმენი, მანამდე თითქმის 1 თვე სახელზე ვფიქრობდი, რა იქნებოდა ყველაზე შესაფერისი სახელი ჩვენი დედა-შვილობისთვის, რადგან სულ ვმოგზაურობთ და არასდროს არ წავსულვარ სადმე მატილდას გარეშე.
შევჯერდი ამ სახელზე - "On adventure with Matilda", რადგან მასთან ერთად ცხოვრება მართლა თავგადასავალია.
რატომ შევქმენი ბლოგი?
ბლოგი შევქმენი ახალბედა დედებისთვის, ისეთი დედებისთვის, ვინც ხშირად ექცევა ბებიების ქარცეცხლში...
მე ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე.
ახლა 8 თვის არის მატილდა და დღემდე რჩევა-დარიგებებს ვისმენ, მაგრამ ვისწავლე ერთი ოქროს მეთოდი - ერთ ყურში ვისმენ და მეორედან ამ მოსმენილს ვუშვებ. მაგრამ აქამდე, სანამ ამას ვისწავლიდი, დიდი ბრძოლა დამჭირდა ჩემს თავთან. ასევე ვუზიარებ გამომწერებს მატილდას კვებას. მატილდა იკვებება BLW მეთოდით, ანუ თვითკვებით, მინდა, რომ ნელ-ნელა გაიცნოს საზოგადოებამ ეს მეთოდი... მატილდას კვების ვიდეოებით ვეხმარები დედებს, გადაცდენის და გულისრევის რეფლექსის გარჩევაში. ხშირად მწერენ, რომ შიში აქვთ, არ გადაცდეს ბავშვს საკვები ასე, არადა, გადაცდენის რისკი ერთნაირია, ტრადიციულ და თვითკვების მეთოდს შორის.
მატილდას ასაკის მატებასთან ერთად მეც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგროვებ და შემდეგ ვუზიარებ მათ. რჩევა, რასაც ახალბედა დედებს მივცემდი, არის ის, რომ 21-ე საუკუნეში გვაქვს იმის შესაძლებლობა, ჩვენით მოვიძიოთ ინფორმაცია აღზრის სწორ მეთოდებზე. ასევე, მე და სხვა ბლოგერი დედებიც იმისთვის ვართ, რომ რჩევა მივცეთ, გავუზიაროთ ინფორმაცია და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მაინც დავუდგეთ გვერდში მათ, რადგან ყველაზე რთულ პერიოდს გადიან.
თუ ახალბედა დედა ხარ და ფიქრობ, რომ გვერდში არავინ გიდგას; ფიქრობ, რომ შენი რძე არ არის საკმარისი შენი პატარასთვის და 90-იანების სტერეოტიპების მსხვერპლი ხარ - დაიმახსოვრე, რომ შენ ხარ იდეალური, შენი რძეც იდეალურია. შენ ყველაზე მაგარ საქმეს აკეთებ და ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგიფასდება.
ამ ბლოგით კიდევ ერთი ოჯახი შევიძინე - დედების. ვცდილობ ყველას მაქსიმალურად სწრაფად ვუპასუხო, ვეხმარები სწორ მოჭიდებაში, თვითკვებაში, გაზების და კოლიკის გადატანაში... იმ ყველაფერში, რაც უკვე გამოვიარე.
უკვე ქუჩაში გვაჩერებენ და ცნობენ მატილდას. დიდ სიყვარულს ვიღებ და ძალიან მიხარია.