10 ყველაზე ხშირი სოციალური პრობლემა, რომელსაც თინეიჯერები აწყდებიან

24-09-2021

ახალმა ტექნოლოგიებმა შეცვალა ან გააღრმავა პრობლემები, რომლებსაც ახალგაზრდები ხვდებიან. ტექნოლოგიური წინსვლის წყალობით დღევანდელი თინეიჯერები ისეთ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც წინა თაობისთვის უცხოა. ზოგიერთი ამ საკითხთაგან არ არის ახალი, თუმცა, ელექტრონულმა მედიამ ისინი შეცვალა, ან გაამძაფრა.
ციფრული ურთიერობების სიჭარბემ თინეიჯერების ცხოვრებაში მეგობრებთან და რომანტიკულ პარტნიორებთან მათი ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის გამო, ბევრ თინეიჯერს აკლია ინტერპერსონალური ურთიერთობებისთვის საჭირო უნარები, როგორიცაა სოციალური მიმანიშნებლების ამოცნობა. 
სოციალური მედია, ვირტუალური კონტაქტის სახეები, ასევე მედიის გამოყენების ჩვევები გავლენას ახდენს თინეიჯერების კომუნიკაციის, ძილის, ვარჯიშის, სწავლის, ფორმაზე. თინეიჯერები თავიანთ ელექტრონულ გაჯეტებთან დღეში საშუალოდ 9 საათს ატარებენ. 

ქვემოთ მოცემულია 10 ყველა გავრცელებული პრობლემა, რომლებთან გამკლავება თინეიჯერებს ყოველდღიურად უწევთ.

დეპრესია

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოზარდებში დეპრესიის სიხშირე იზრდება, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში. ზოგი მკვლევარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავებას ახალ ტექნოლოგიებს აბრალებს. ელექტრონულ მოწყობილობებთან ძალიან ბევრი დროის გატარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოზარდების უშუალო კონტაქტს და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართვას, როგორიცაა სპორტი. ეს კი ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ვირტუალური ურთიერთობების სიხშირე და უშუალო კომუნიკაციის ნაკლებობა იზოლაციის და მარტოობის შეგრძნებას იწვევს. დეპრესიული აშლილობები განკურნებადია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პროფესიონალი იღებდეს მონაწილეობას. თუ თქვენს შვილს შეეცვალა ძილის რეჟიმი,  სკოლაში მისი შეფასებები გაუარესდა და გეჩვენებათ, რომ ის ნაკლებად ინტერესდება ყოველდღიური აქტივობებით, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. სასურველია, არ გადადოთ პროფესიონალის დახმარების მოძიება.

თინეიჯერის პრობლემები,

ბულინგი

თინეიჯერებს შორის ბულინგის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ექსპერტების აზრით, ამის ერთ-ერთი ახსნა სოციალური მედიის გაზრდილი გამოყენებაა. სოციალური მედია ბულინგს უფრო საჯაროს და მრავლისმომცველს ხდის. თინეიჯერებში დღესდღეობით კიბერბულინგი  ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.მუდმივად ესაუბრეთ თინეიჯერს ბულინგის შესახებ. განიხილეთ მასთან, რისი გაკეთება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ბულინგის მომსწრეა და როგორ უნდა მოიქცეს, თუ თავად გახდება ბულინგის მსხვერპლი. თქვენი პროაქტიულობა გადამწყვეტია თქვენი შვილის ბულინგისგან დაცვისთვის.ასევე მნიშვნელოვანია ესაუბროთ შვილს იმაზე, თუ როდის და როგორ შეუძლია მიიღოს დამხარება უფროსებისგან. შეახსენეთ მას, რომ დახმარების თხოვნა არ არის სისუსტის ნიშანი, არამედ პირიქით - სიმამაცის მაჩვენებელია. იმაზე საუბარი, თუ როგორ დაამცირა ის სხვამ, არასოდესაა იოლი.

სექსუალური აქტივობა

მშობლები ხშირად მიიჩნევენ, რომ მათი შვილები სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას არ ეწევიან. თუმცა, შეიძლება ეს შეხედულება მცდარი იყოს და მშობელმა თავისი თინეიჯერი შვილის ცხოვრების ამ ნაწილზე არაფერი იცოდეს. ყოველთვის მნიშნელოვანია ესაუბროთ მოზარდს სექსზე და სექსის დროს დაცულობაზე იმის მიუხედავად, თვლით თუ არა, რომ თქვენი შვილი სექსუალურად აქტიურია.

ნარკოტიკების გამოყენება

დღესდღეობით მოზარდებში მარიხუანის მოხმარების სიხშირე უსწრებს სიგარეტის მოწევის სიხშირეს. მეტიც, თინეიჯერების უმეტესობა თვლის, რომ მარიხუანა ნაკლებად მავნებელია. ეს მოსაზრება შეიძლება გამოწვეული იყოს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონების ცვლილებით.სხვა არალეგალური ნარკოტიკების გამოყენება თინეიჯერებში ნაკლებადაა შესწავლილი.
აუცილებლად ესაუბრეთ მოზარდებს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობის შესახებ. ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება. ბევრი თინეიჯერი თვლის, რომ მისი მეგობრისთვის გამოწერილი წამლის მიღება არ არის საშიში.სამწუხაროდ, ხშირად თინეიჯერები ვერ აფასებენ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება ნარკოტიკულ საშუალებებზე და ვერ იაზრებენ ზედოზირებასთან დაკავშირებულ რისკებს. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მათ თქვენ აუხსნათ.

ალკოჰოლის მიღება

ესაუბრეთ მოზარდებს ალკოჰოლთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. გაანათლეთ ისინი რისკებზე, როგორიცაა ალკოჰოლის ტოქსიურობა, რომელიც თავის ტვინის განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. აუცილებლად გამოთქვით უკმაყოფილება, თუ თინეიჯერი სვამს. ამას დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია მის ქცევაში.

თინეიჯერის პრობლემები,

სიმსუქნე

იმის გარდა, რომ მსუქანი ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, ისინი ასევე სიცოცხლისთვის საშიში, ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან, როგორიცაა დიაბეტი, ართრიტი, სიმსივნე და გულის პათოლოგიები. მათ ასევე ხშირად ექმნებათ პრობლემები საკუთარი სხეულის მიმღებლობასთან ან უყალიბდებათ კვებითი აშლილობები, რადგან არაჯანსაღი გზებით ცდილობენ შეცვალონ გარეგნობა.ხშირად ამ პრობლემების შესახებ მშობლებს ინფორმაცია არ აქვთ. მშობლებს უჭირთ შვილის ჭარბი წონის შეფასება. ისინი არასათანადოდ აფასებენ შვილების ზომას და ჭარბ წონასთან დაკავშირებულ რისკებს.ესაუბრეთ პედიატრს თქვენი შვილის წონაზე და მიიღეთ მისგან რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეუნარჩუნოთ ბავშვს ჯანმრთელობა. ექიმი დაგისახავთ უფრო ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის გეგმას. იმუშავეთ თქვენს შვილთან ერთად, რომ შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.

აკადემიური პრობლემები

ყოველწლიურად იზრდება სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან წამოსული მოსწავლეების რაოდენობა.თუმცა, პრობლემა მხოლოდ „გზას აცდენილი“ თინეიჯერების მიერ სკოლის მიტოვება არ არის. ზოგიერთი მოზარდი განიცდის ძალიან დიდ წნეხს, რომ კარგ უნივერსიტეტში მოხვდეს და ამის გამო სანამ სკოლას დაამთავრებენ, განიცდიან გადაწვას და გამოფიტვას. ჩაერთეთ თქვენი შვილის საგანმანათლებლო პროცესში. გაუწიეთ მხარდაჭერა და დაეხმარეთ აკადემიური პრობლემების გადალახვაში და სწორი გზის მოძებნაში.


თანატოლთა წნეხი

თანატოლთა წნეხი ახალი მოვლენა არ არის, თუმცა, სოციალური მედია მას სრულიად სხვა სიღრმეს აძლევს. სექსთინგი ამის ერთ-ერთი მაგალითია. თინეიჯერები ვერ აცნობიერებენ იმ შედეგებს, რაც მათი თამამი ფოტოების გაზიარებას შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ, ეს არ არის ერთადერთი, რისკენაც თინეიჯერებს თანატოლები უბიძგებენ ხოლმე.
უფრო და უფრო მეტი ბავშვი ექცევა წნეხის ქვეშ, რომ დაკავდნენ სექსით, მიიღონ ნარკოტიკები, ან დაჩაგრონ სხვა ბავშვები. იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილი თანატოლთა გავლენისა და წნეხისგან, ესაუბრეთ და მიეცით უნარები, რომ ჯანსაღი დაგაწყვეტილებები მიიღოს.ზოგჯერ თინეიჯერებმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და შემდეგ ძალიან ეშინოდეთ ამის აღიარების და დახმარების თხოვნის. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს შვილს არ ეშინოდეს თქვენთან შეცდომის აღიარების. დაანახეთ მას, რომ თქვენ შეგიძლიათ მოსმენა განსჯის და გადამეტებული რეაქციის გარეშე და ამის მაგივრად დაეხმარეთ მას ჩადენილის გამოსწორებასა და ცხოვრების გაგრძელებაში.

სოციალური მედია

„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და „ტიკტოკი“ თინეიჯერებისთვის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარი გზაა. მართალია, სოციალურ მედიას ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგრამ ის ასევე ბევრ რისკსაც შეიცავს. მაგალითად, სოციალური მედიის მეშვეობით თქვენი შვილი შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლი გახდეს, ამან კი შეიძლება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. მაგრამ ყველა თავდაცვითი ღონისძიების მიუხედავად, თინეიჯერები, დიდი ალბათობით, მაინც შეხვდებიან არასასურველ ადამიანებს, ფოტოებს ან სექსუალურ კონტენტს ონლაინ.
სოციალური ქსელის ადმინისტრაცია იღებს ზომებს იმისთვის, რომ შეამციროს ამ ყველაფრის რისკი. თუმცა, მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.დაეხმარეთ ბავშვს მოახდინოს სოციალურ ქსელში უსაფრთხოდ ნავიგაცია. გაანათლეთ საკუთარი თავი ბოლოდროინდელი აპლიკაციების, ვებსაიტებისა და გვერდების შესახებ, რომლებსაც თინეიჯერები იყენებენ. შეიძლება მოგიწიოთ, რომ  თქვენი შვილის ეკრანის დრო შეზღუდოთ.

თინეიჯერის პრობლემები,

ძალადობა ეკრანზე

თინეიჯერები მედიაში ხვდებიან ძალადობის ამსახველ კონტენტს. და ეს არ ეხება მხოლოდ ტელევიზიას, მუსიკას, ფილმებს, რომლებიც აღბეჭდავენ ძალადობას. ბევრი ვიდეოთამაში შეიცავს ძალადობრივ და აგრესიულ სცენებს.კვლევებმა აჩვენა კავშირი ძალადობის ყურებასა და ემპათიის ნაკლებობას შორის. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისა, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვები ძალადობრივ მედიაზე, არის ის, თუ როგორ იქცევიან და ფიქრობენ ამაზე მათი მშობლები. რაც უფრო მეტ ძალადობის ამსახველ ფილმს უყურებს მშობელი, მით უფრო ბუნებრივია მისთვის, ნება დართოს შვილებს უყურონ ძალადობრივ სცენებს.  მიაქციეთ ყურადღება რას უყურებს თქვენი შვილი. არ მისცეთ მას უფლება უყუროს ან ითამაშოს მისი ასაკისთვის შეუფერებელი ფილმები და ვიდეოთამაშები. ასევე, ესაუბრეთ მოზარდებს იმ საფრთხეებზე, რაც ძალადობრივი კადრების ყურებას მოაქვს მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. 
თინეიჯერებმა უნდა ისწავლონ მისაღები და მიუღებელი კონტენტის გარჩევა მედიაში იმისთვის, რომ ობიექტურად შეაფასონ, რას უყურებენ ონლაინ, კინოთეატრში თუ კომპიუტერულ თამაშებში.

როგორ ვესაუბროთ თინეიჯერებს?


თინეიჯერებთან რთულ თემებზე  საუბარი შეიძლება თქვენთვის არაკომფორტული იყოს. მოზარდი, სავარაუდოდ, დადებითაც არ უპასუხებს ხანგრძლივ ლექციას ან ძალიან ბევრ პირდაპირ შეკითხვას. მაგრამ, რთულ თემებზე თინეიჯერთან საუბარს თავი არ უნდა აარიდოთ.
მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ მოზარდი არ გისმენთ, უნდა განაგრძოთ საუბარი. თქვენ მის ცხოვრებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ხართ. 
სასურველია, ისეთ თემებზე საუბარი, როგორებიცაა, ნარკოტიკები, სექსი, ბულინგი, დაიწყოთ მსგავსი შეკითხვით -  „შენი აზრით, შენს სკოლაში ეს პრობლემა აქტუალურია?“
მოისმინეთ მისი პასუხი. ეცადეთ, არ განსაჯოთ ის, მაგრამ მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი პოზიცია და მოლოდინები. მნიშვნელოვანია თქვენი შვილი ხვდებოდეს, რომ ზოგ საქციელს არ გმობთ, მაგრამ წესების დარღვევის შემთხვევაში ის შესაბამის შედეგებს უნდა ელოდოს.

წყარო: verywellfamily.com

ასევე დაგაინტერესებთ: