როგორ გავუმკლავდეთ თინეიჯერების აგრესიას - 11 რჩევა

13-03-2022

თინეიჯერების მეამბოხე განწყობა ხშირად აგრესიით გამოიხატება. ამიტომ უნდა იცოდეთ ბრაზის მენეჯმენტის ტექნიკები, რათა დაეხმაროთ მოზარდს თავის ემოციებთან გამკლავებაში. ბრაზი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის აუცილებლად ნეგატიურ ჭრილში არ უნდა აღვიქვათ. თუმცა თუ ბავშვს აქვს აგრესიის უეცარი, მკვეთრი და პრაქტიკულად უმიზეზო შეტევები, შეიძლება არსებობდეს ამის გამომწვევი მენტალური პრობლემები. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს, რომ მოძალებული აგრესია პროდუქტიული საქმიანობისკენ მიმართონ და ის უსაფრთხო ფორმით გამოხატონ.

რა იწვევს ბრაზის ემოციას თინეიჯერებში? 

თინეიჯერობის პერიოდი, რომელიც სქესობრივი მომწიფების ფაზას ემთხვევა, მიმდინარეობს ბევრი ჰორმონული, ფიზიკური და ემოციური ცვლილების ფონზე. მოზარდებში ჰორმონული ცვლილებები განსაკუთრებით გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას იწვევს. ამასთან ერთად, პრეფრონტალური კორტექსი, ტვინის ის უბანი, რომელიც იმპულსების კონტროლზე და რაციონალურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი, 25-26 წლამდე სრულყოფილად არ ვითარდება.
მოზარდის იმპულსურ ქცევას და ემოციების კონტროლის ნაკლებობას ემატება ჰორმონალური არასტაბილურობა და შედეგად ის მარტივად კარგავს მოთმინებას გარკვეულ სიტუაციებში.

ამ ყველაფერთან ერთად თინეიჯერის აგრესიულობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:

•    განცდა, რომ მას ვერავინ უგებს
•    შფოთვა
•    ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია
•    ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება
•    ქცევის დარღევა ან ანტისოციალური მიდრეკილებები
•    შიმშილი
•    სტრესი

როგორ აღმოვაჩინოთ ბრაზის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები თინეიჯერებში?

თინეიჯერებში ბრაზი შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ფორმით. ზოგი მათგანია: შეკრული მუჭები, ყბის დაძაბულობა, სარისკო ქმედებებში ჩაბმა და ა.შ. ჩამოგითვლით გამაფრთხილებელ ნიშნებს:
•    თანატოლების შესახებ არასასიამოვნო ჭორების გავრცელება
•    ვერბალური აგრესია უწმაწური სიტყვებით
•    ფიზიკური აგრესია 
•    ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება ან მათზე დამოკიდებულება 
•    გარშემო მყოფთა შეურაცხყოფა 
•    ბულინგი
•    სოციალური იზოლაცია
•    იარაღით ძლიერი გატაცება


როცა ბრაზი უკონტროლო ხდება, ის შემდეგნაირად გამოიხატება: 


•    სწრაფი გულისცემა
•    სისხლის არტერიული წნევის მომატება
•    მუცლის ან თავის ტკივილი
•    კანკალი
•    გულისრევა 
•    კუნთების დაძაბულობა

ბრაზის კონტროლის ტექნიკები და რჩევები:


1.    თავს ძალდატანებით არ მოახვიოთ კონტროლი: გაბრაზებული თინეიჯერის კონტროლის მცდელობა უფრო აღიზიანებს მას, რადგან ის ფიქრობს, რომ მისი არ ესმით და არ სურთ გაიგონ. ნება დართეთ მოზარდს, შიშის გარეშე გამოხატოს თავისი აზრები. თუმცა დარწმუნდით, რომ მას კარგად ესმის სად გადის ზღვარი და რა წესებს უნდა მიჰყვეს.
2.    ესაუბრეთ მას როგორც ზრდასრულს: თუ თქვენს მოზარდ შვილს მბრძანებლური ტონით დაელაპარაკებით, ეს მასში უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს. ესაუბრეთ მას როგორც თანატოლს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვრების და წესების დასახვას ცდილობთ. შედეგად მასაც უფრო ზრდასრული ადამიანისთვის შესაბამისი რეაქცია ექნება.
3.    პატივი ეცით თინეიჯერი შვილის პირად სივრცეს: თინეიჯერებისთვის პირადი სივრცე აუცილებელია. მიეცით მას თავისუფლებისთვის სივრცე და არ ჩაყოთ ცხვირი მისი ცხოვრების ყველა დეტალში. შედეგად მან შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და უფრო გულწრფელი იყოს თქვენთან. თუ თინეიჯერის პირად სივრცეს დაარღვევთ, ის უფრო მეტს დაგიმალავთ და თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს. 
4.    აღიარეთ მისი გრძნობები და ემოციები: მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ესაუბროთ შვილს და კარგად გაიგოთ, რას გრძნობს. ეცადეთ გაიგოთ მისი პრობლემების შესახებ და თანაუგრძნეთ, როცა ძლიერი, უკონტროლო ემოციებით არის მოცული. არ შეხედოთ მის ემოციებს, როგორც ბავშვურს და უმნიშვნელოს.
5.    ძალიან არ გააკრიტიკოთ: ჯანსაღი კრიტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიხვდეს, როგორ მოიქცეს სწორად. მაგრამ გადამეტებული კრიტიკა და ყველა დეტალის გაკონტროლების მცდელობა მოზარდს თვითშეფასებას უქვეითებს და მის მეამბოხე იმპულსებს კიდევ უფრო აძლიერებს. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილი და იცოდეთ, როდის უნდა მოიქცეთ მკაცრად და როდის - ლმობიერად.
6.    იცოდეთ, როდის უნდა დაიკავოთ თავი შორს: ყვირილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ვითარებას მხოლოდ გააუარესებს. როცა ხედავთ, რომ თქვენი თინეიჯერი შვილი წყობიდან გამოდის, ამ დროს უკან დაიხიეთ და მოიქეცით როგროც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიეცით მას რჩევა დელიკატურად. შედეგად მას ექნება შესაძლებლობა დამშვიდდეს და თავი ხელში აიყვანოს.
7.    გაატარეთ შვილთან ერთად დრო: ოჯახური შეკრებები და ერთად დროის გატარება მოზარდს ოჯახის წევრად აგრძნობინებს თავს. მას შეიძლება აღარ სურდეთ იმის გაკეთება, რაც ბავშვობაში უყვარდა, მაგრამ შეიტყვეთ მისი ინტერესების შესახებ და დაგეგმეთ ერთად შესასრულებელი აქტივობები, იქნება ეს კინოში წასვლა, სადილის ერთად მომზადება, მოგზაურობა თუ რაიმე სხვა. 
8.    მოიძიეთ დახმარება: ბრაზი ბუნებრივი, ადამიანური ემოციაა, მაგრამ უეცარი ბრაზის შეტევები, აგრესიული, სახიფათო ქცევა უკვე პროფესიონალის ჩართვას საჭიროებს. მოძებნეთ შესაფერისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი. ხშირად ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია არის ეფექტური.
9.    შესვენება: ბრაზის ემოციაზე იმპულსური პასუხი ყველაზე ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. ასწავლეთ შვილს, როგორ შეჩერდეს ბრაზის მოძალების დროს, შეისვენოს ყველაფრისგან და ეცადოს ბრაზის წყაროს იდენტიფიცირება, ასევე იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა აქვს მის ბრაზს სხვა ადამიანებზე.
10.    შეიმუშავეთ გამკლავების მექანიზმი: ბრაზის კონტროლის გასაუმჯობესებლად შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს მარტივი რელაქსაციის ტექნიკები:
•    მუსიკის მოსმენა
•    მედიტაცია ან ღრმად სუნთქვა
•    ვარჯიში
•    ხატვა
•    20-მდე დათვლა
11.    გასეირნება:.ბრაზის მოზღვავების დროს ზოგჯერ ეფექტურია მოშორდე ადამიანებს და 5-10 წუთით იარო. შედეგად ადამიანი მშვიდდება და უკეთ ახერხებს საკუთარ ემოციებსა და ფიქრებში გარკვევას.
მნიშვნელოვანია შეგვეძლოს თინეიჯერებში ბრაზის მოჭარბების ნიშნების ამოცნობა. სირთულის მიუხედავად, თინეიჯერების აგრესიას უნდა მივუდგეთ სიყვარულით და გაგებით იმისთვის,წ რომ შევძლოთ მათი დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ: