დედებს ძუძუთი კვების მრავალნაირი გამოცდილება შეიძლება ჰქონდეთ. მნიშვნელობა არა აქვს, პირველ შვილს ეხება საქმე თუ არა, ყველა პატარა უნიკალური და განსხვავებულია. ძუძუთი კვებისას როგორც დედას, ასევე მის პატარას ბევრ სიახლესთან გაცნობა უწევს.
პატარა ამ დროს სწავლობს:
• ძუძუზე მოჭიდებას
• წოვას
• ყლაპვას
დედა სწავლობს:
• როგორ დაიჭიროს ბავშვი სწორად
• როგორ მიხვდეს, რომ პატარას შია
• როგორ დაიცვას საკუთარი და მისი პატარას ჯანმრთელობა და აკონტროლოს რძის მარაგი
→ძუძუთი კვების პირველი დღეები და კვირები
სარძევე ჯირკვალი რძის გამომუშავებას იწყებს.მშობიარობის შემდეგ თქვენი სარძევე ჯირკვალი სქელ, მოყვითალო შეფერილობის სითხეს გამოიმუშავებს, რომელსაც ხსენი ეწოდება. ხსენი მდიდარია ახალშობილისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი პატარას იმუნური სისტემის განსავითარებლად. თავიდან ძუძუს სეკრეტი მცირე რაოდენობისაა, თუმცა ის მეორე დღის გასვლის შემდეგ იმატებს. სინამდვილეში, თქვენი პატარისთვის პირველ დღეებში მცირე რაოდენობის ხსენიც სრულიად საკმარისია. როდესაც ძუძუთი კვებას დაიწყებთ, ეს თქვენს ორგანიზმს სიგნალს მისცემს, უფრო მეტი რძე გამოიმუშავოს. მშობიარობიდან 3 დღის შემდეგ კი სარძევე ჯირკვალი უკვე სრულად ფუნქციონირებს და გამოყოფს უფრო თეთრი შეფერილობის და თხიერი კონსისტენციის მქონე რძეს (შეიძლება პირველად მშობიარეებში ეს პროცესი დროში უფრო გაიწელოს). ამ დროს ალბათ შეამჩნევთ, რომ თქვენი მკერდი ზომაში გაიზარდა, გამაგრდა და უფრო თბილი გახდა. ამ პერიოდში რძეზე თქვენი პატარას მოთხოვნილებაც იზრდება.
→გაჟონვა
თქვენი მკერდი შეიძლება გადაივსოს და თვითნებურად გამოიყოს სეკრეტი. დროთა განმავლობაში თქვენი ორგანიზმი ძუძუთი კვებას უფრო შეეჩვევა და ასეთი შემთხვევები შემცირდება. ზოგი დედა ამ პრობლემას მკერდის საფენებით ან ნაჭრებით შეხვევით უმკლავდება.
→ზომაში გაზრდა
მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი მკერდი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს და უფრო მკვრივიც გახდეს. ამან შესაძლოა გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს პრობლემაც მოგვარდება. თქვენი ორგანიზმი შეეჩვევა რძის ადეკვატური რაოდენობით გამომუშავებას და შემდეგ მის გამოყოფას. დისკომფორტის შეგრძნებას ასევე შეამცირებს თქვენი პატარასა ხშირი კვება.
→მტკივნეული ძუძუს თავები
ძუძუთი კვების პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი ძუძუს თავები შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე და მტკივნეული გახდეს. საბედნიეროდ, ეს მდგომარეობაც დროებითია. თუ თქვენი ძუძუს თავების მფარავი კანი დაზიანებულია, დახეთქილია ან ტკივილი პირველი 1-2 კვირის მანძილზე არ იკლებს, გირჩევთ მიმართოთ ლაქტაციის კონსულტანტს, მედდას ან ექიმს.
→ტკივილი ძუძუთი კვების დროს
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძუძუს თავები შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს და ძუძუთი კვების პროცესი თავიდან არასასიამოვნო იყოს, როგორც კი თქვენი პატარა ძუძუს სწორად მოეჭიდება, ტკივილს არ უნდა გრძნობდეთ. ძუძუთი კვებისას ტკივილის ზოგიერთი მიზეზია: არასწორი მოჭიდება, დახშული სარძევე სადინარი, მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება) და სხვა. თუკი თქვენ ძუძუთი კვების დროს განიცდით ტკივილს, განსაკუთრებით, თუ ამას თან მაღალი ტემპერატურაც ახლავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რას უნდა ელოდოთ, როდესაც თქვენი პატარა იზრდება?
→კბილების ამოსვლა
თავისუფლად შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება, როცა თქვენი პატარას კბილები ამოსვლას დაიწყებს. ჩვილები ძუძუს წოვისას ენას იყენებენ და არა კბილებს. თუ თქვენი პატარა სწორად არის ძუძუზე მოჭიდებული და კარგად წოვს, მისი კბილები საერთოდ ვერ უნდა იგრძნოთ.
თქვენი პატარა უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე?
ზოგჯერ ბავშვები მოულოდნელად წყვეტენ ძუძუს წოვას. ხშირად ძალიან რთულია მიზეზის დადგენა. მათი ეს „ახირება“, როგორც წესი, დროებითია და ისინი რამდენიმე დღეში ისევ აგრძელებენ ძუძუს წოვას. ძუძუთი კვებაზე უარის თქმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების ამოსვლამ, ავადმყოფობამ, სტრესმა, გარემოს ან დღის რუტინის ცვლილებამ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პატარა მზად არის, თავი დაანებოს ძუძუთი კვებას.
იმისათვის, რომ დაეხმაროთ პატარას გააგრძელოს ძუძუთი კვება:
• არ შეწყვიტოთ თქვენი პატარასთვის ძუძუს შეთავაზება.
• ჩვეულზე მეტი დრო გაატარეთ ბავშვთან. ჩაეხუტეთ და მოეფერეთ მას.
• კვება შესთავაზეთ მშვიდ ადგილებში, სადაც შეუძლია სრულიად დამშვიდდეს ან ჩაეძინოს.
• ხშირად გამოიწველეთ რძე, რომ თქვენი რძის მარაგი არ გაღარიბდეს.
→ყურადღების გაფანტულობა ძუძუთი კვების დროს:
ზრდასთან ერთად თქვენი პატარა გარემოს უკეთ აღქმას იწყებს. ის ყველაფერს ათვალიერებს და აკვირდება. ამის გამო, ძუძუთი კვებისას შეიძლება ყურადღება ხშირად გაეფანტოს და პროცესი შეფერხდეს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამორთოთ ტელევიზორი, ჩააქროთ შუქი ან განმარტოებით, წყნარ გარემოში გამოკვებოთ თქვენი პატარა.
წყარო: cdc.gov