დედის რძის წარმოქმნის პროცესი შეგვიძლია სამ განსხვავებულ ეტაპად დავყოთ. ეს პროცესი ჯერ კიდევ მშობიარობამდე იწყება!
კოლოსტრუმი არის პირველი ტიპის "რძე" იგივე ხსენი, რომელსაც დედის სხეული გამოიმუშავებს. ის მდიდარია ანტისხეულებითა და სისხლის თეთრი უჯრედებით, რათა ბავშვი ინფექციებისა და დაავადებებისგან დაცული იყოს სიცოცხლის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.კოლოსტრუმი შეიცავს კაროტინოიდების მაღალ კონცენტრაციას, რაც მას ყვითელ შეფერილობას აძლევს (თუმცა ის შეიძლება გამჭვირვალეც იყოს). მისი სქელი, წებოვანი კონსისტენცია იცავს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. კოლოსტრუმი ასევე მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ეხმარება ახალშობილებს მეკონიუმის გამოყოფაში.
კოლოსტრუმის გამომუშავება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება - ორსულობის მე-14-16 კვირის ვადაზე.
რძის ხშირი და ეფექტური გამოდევნით მისი მარაგი მალევე იზრდება და კოლოსტრუმი სხვა სახის რძედ გარდაიქმნება.
მშობიარობიდან სამი ან ოთხი დღის შემდეგ წარმოიქმნება რძე, რომელიც თავისი თვისებებით კოლოსტრუმსა და მომწიფებულ რძეს შორის დგას.
რძე იღებს მეტად მოთეთრო შეფერილობას და უფრო უხვია. გარდამავალი რძე ასევე შეიცავს მეტ კალორიას და უფრო მდიდარია ცხიმის შემცველობით, რაც აუცილებელია სწრაფად მზარდი ახალშობილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ზოგიერთი ნიშანი იმისა, რომ შუალედური რძის წარმოება იწყება:
• მკერდის შეშუპება
• მკერდზე და არეოლებზე კანის დაჭიმულობა
• რძის გამოჟონვა
• რძის მოცულობის ზრდა
მშობიარობის შემდგომ 10-14 დღის შემდეგ ყალიბდება მომწიფებული რძე, რომელიც თხიერი კონსისტენციის და თეთრი შეფერილობისაა. ამ ეტაპზე დედის რძე შეიცავს ყველა საკვებ ნივთიერებას, რომელიც პატარას სჭირდება.
უმეტეს შემთხვევაში, ამის გამომწვევი მშობიარობის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რძის იშვიათი, ან არაეფექტური გამოდევნაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვის ძუძუზე არასწორი მოჭიდებით.ზოგიერთ შემთხვევაში, რძის წარმოქმნის შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით, სარძევე ჯირკვლის ჰიპოპლაზიით ან სხვა ქრონიკული პათოლოოგიით, როგორიცაა დედის სიმსუქნე, ან ორსულობით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა.
შეშუპებისას მკერდი მკვრივი და მტკივნეულია, რაც ძუძუთი კვების დასაწყისში ნორმალური და მოსალოდნელია. მშობიარობიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, მკერდის შეშუპება გამოწვეულია შუალედური რძის გაზრდილი მოცულობით.
მკერდის მტკივნეული და არასასიამოვნო შეშუპების შესამსუბუქებლად სცადეთ შემდეგი სტრატეგიები:
თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას ან გამოწველას:
• მიმართეთ ძუძუთი კვებას ხშირად და მოთხოვნით. პირველ დღეებში მინიმუმ ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ.
• თუ საჭირო გახდა გამოდევნეთ რძე ხელით ან ტუმბოთი.
• გამოიყენეთ თბილი კომპრესი. შესაძლოა სასარგებლო იყოს მკერდის ნაზი მასაჟიც.
• სცადეთ კომბოსტოს ფურცლები. გაცივებული, სუფთა, მწვანე კომბოსტოს ფურცლების თითოეულ მკერდზე დადება დაგეხმარებათ შეშუპებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაში.
თუ არ გეგმავთ ძუძუთი კვებას ან გამოწველას:
• მოერიდეთ ძუძუს სტიმულაციას.
• დისკომფორტის შესამსუბუქლებლად შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები, ან გამოიყენოთ ცივი კომპრესი.
• თუ რძის გამოდევნა აუცილებელია, არ გამოიყენოთ ტუმბო და გააკეთეთ ეს ხელით. ზედმეტი რაოდენობის რძის გამოდევნამ შეიძლება გაზარდოს მისი პროდუქცია და გაახანგრძლივოს სიმპტომები.
მიუხედავად იმისა, რომ რძის წარმოქმნის დასაწყისში შეშუპება ნორმალურია (და ჩვეულებრივ უნდა შემცირდეს ორი ან სამი დღის განმავლობაში), თუ ის დიდხანს გაგრძელდება, ან განიცდით ტკივილს და სირთულეებს ძუძუთი კვების დროს, აუცილებლად დაუკავშირდით ლაქტაციის კონსულტანტს ან ექიმს.
წყარო: whattoexpect