როგორ გავზარდოთ რძის რაოდენობა- ფაუერ ფამფინგი

03-03-2022

რა არის ფაუერ ფამფინგი?

ფაუერ ფანმფინგი არის დედის რძის გამოწველის ტექნიკა, რომელიც კლასტერული კვების ანალოგია და აძლიერებს ორგანიზმში რძის წარმოქმნის პროცესს.
კლასტერული კვებისას ბავშვი ძუძუს ხშირად და მცირე დროით წოვს. ასეთ დროს, ყოველ 3 საათში ერთი სრული კვების ნაცვლად, ბავშვი შეიძლება საათში რამდენიმეჯერ იკვებებოდეს. რადგან ძუძუთი კვება გახშირებულია, ამ დროს რძის წარმოქმნაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ფაუერ ფამფინგსაც მსგავსი ეფექტი აქვს. მთავარი პრინციპი რძის უფრო ხშირად გამოწველაა დღის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა ორგანიზმმა ბუნებრივად გაზარდოს რძის პროდუქცია.ფაუერ ფამფინგი ამის მისაღწევად უფრო სწრაფი მეთოდია. შედეგის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო.

 

როდის არის რეკომენდირებული ფაუერ ფამფინგის მეთოდის გამოყენება?


ფაუერ ფამფინგის მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებსაც რძის მარაგის გაზრდა სჭირდებათ. თუ რძის მარაგი დამაკმაყოფილებელია, ლაქტაციის გააქტიურებამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას დედის ჯანმრთელობას. რძის მარაგის შემცირება შეიძლება მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ეს დედის სამსახურში დაბრუნების გამო ხდება, რადგან ძუძუთი კვების სიხშირე იკლებს.ასევე ძუძუთი კვების გამოტოვების ან მისი მყარი საკვებით ჩანაცვლების დროსაც მცირდება რძის პროდუქცია, ან როდესაც ბავშვი უფრო დიდი ხნის პერიოდით იწყებს ძილს, ან როცა ახლად შეძენილი უნარები და ინტერესები ხელს უშლის კვებაზე კონცენტრირებაში. ქალის რძის მარაგი იცვლება ავადმყოფობის ან მენსტრუაციის დროსაც. რძის პროდუქციის შესუსტება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორალური კონტრაცეპტივების ან იმ მედიკამენტების მიღებამ, რომლებიც ფსევდოეპინეფრინს შეიცავს. მიუხედავად იმისა, თუ რა არის მიზეზი, რძის ინტენსიური გამოწველის შედეგად შესაძლებელია რძის წარმოქმნის დონის გაზრდა და ისევ ნორმაში დაბრუნება.

რა წესების დაცვაა საჭირო ფაუერ ფამფინგის დროს?


არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ. მთავარი პრინციპი დღის გარკვეულ პერიოდში რძის ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გამოწველაა, რათა ორგანიზმმა ბუნებრივი რეაქციით რძის პროდუქცია გაზარდოს.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, ფაუერ ფამფინგს დაუთმოთ სულ მცირე ერთი საათი ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.
აუცილებელია დაიცვათ ინტერვალები გამოწველებს შორის, რათა არ დაიზიანოთ კერტები და არ შეგაწუხოთ მკერდის ტკივილმა. გამოწველის ერთ-ერთი შესაძლო განრიგია:
•    რძის გამოწველა 20 წუთის განმავლობაში
•    10-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 10 წუთის განმავლობაში
•    10-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 10 წუთის განმავლობაში
შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

ალტერნატიული განრიგია:
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
•    5-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
•    5-წუთიანი შესვენება
•    გამოწველა 5 წუთის განმავლობაში
შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში 5-6-ჯერ.

ფაუერ ფამფინგისთვის საჭირო დრო ყველასთვის ინდივიდუალურია. ზოგი ქალისთვის შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს დღეში მხოლოდ 1-საათიანი გამოწველის სესია ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო ზოგ დედას სასურველი შედეგის მისაღებად შეიძლება ორი კვირა და უფრო ხანგრძლივი გამოწველის სესიები დასჭირდეს.
ფაუერ ფამფინგისთვის რეკომენდებულია ელექტროგამოსაწველი აპარატის გამოყენება, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა სიხშირით მოგიწევთ გამოწველა, შეიძლება ხელები მალე დაგეღალოთ.
ასევე შეიძლება ორივე ძუძუ ერთდროულად გამოიწველოთ ან ერთი ძუძუთი ბავშვის კვებისას, მეორედან რძის გამოწველა განაგრძოთ.

ვისთვის არის რეკომენდებული ფაუერ ფამფინგი?


სანამ რაიმე ზომებს მიმართავთ, გაარკვიეთ თქვენი რძის მარაგის შემცირების გამომწვევი მიზეზი.
შეამოწმეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს რძის გამოსაწველი აპარატი
სანამ ფაუერ ფამფინგს დაიწყებთ, დაგეგმეთ ვიზიტი ლაქტაციის კონსულტანტთან. შეიძლება პრობლემას ძუძუთი კვების ან რძის გამოწველის არასწორი ტექნიკა იწვევდეს. შეიძლება მცირე ცვლილებები ძუძუზე მოჭიდებაში ან რძის გამოწველის ახალი რუტინა საკმარისი აღმოჩნდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

რძის არასაკმარისი მარაგის არსებობის ნიშნებია:

ავშვის წონაში არადამაკმაყოფილებელი ნამატი ან წონაში კლება, ასევე სველი საფენების ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობა. შეიძლება ბავშვის მოუსვენრობა ან ძუძუთი კვების ხშირი მოთხოვნა რძის არასაკმარის მარაგს დააბრალოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვის წონაში ნამატი და სველი საფენების რაოდენობა ნორმალურია, ის საკვების ნაკლებობას არ განიცდის.

ვისთვის არ არის რეკომენდებული ფაუერ ფამფინგი?

ქალებმა, რომლებსაც რძის ნორმალური მარაგი აქვთ, არ უნდა მიმართონ ფაუერ ფამფინგს. ამან შეიძლება რძის გადამეტებული პროდუქცია, სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვება, შესივება და მტკივნეულობა გამოიწვიოს, რაც გაართულებს ძუძუთი კვებას. ასევე, თუ ბავშვი კლასტერულ კვებას მიმართავს, ფაუერ ფამფინგი საჭირო არ არის. ამ პერიოდში დედის ორგანიზმში რძის პროდუქცია მაინც ბუნებრივად გაიზრდება. კლასტერული კვება კი ამისთვის უფრო ეფექტური და მოსახერხებელია, ვიდრე ფაუერ ფამფინგი.

რჩევები რძის მარაგის შესანარჩუნებლად:

  • დაიცავით ძუძუთი კვების რეგულარულობა
  • ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და სიხშირე დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და კვების ჩვევებზე. მაგალითად, ახალშობილებს პირველი თვის განმავლობაში დღეში 8-12-ჯერ კვება სჭირდებათ, ორი თვის ასაკისთვის კი - დღეში 7-9-ჯერ.
  • არ გამოგრჩეთ ბავშვის შიმშილის გამომხატველი ნიშნები: პირის გაღება, ხელის პირთან მიტანა, ტუჩების გამობურცვა, ენის გამოყოფა.
  • კონცენტრირდით მოდუნებაზე
  • ძუძუთი კვებისას მოდუნება და კომფორტულად ყოფნა ხელს უწყობს რძის შეუფერხებლად დენას. ეცადეთ, რომ ძუძუთი კვებისას არ გაგეფანტოთ ყურადღება  და მოთავსდეთ კომფორტულად.
  • ხშირად დედები ერთი ძუძუთი კვების რუტინაში ერთვებიან, კვებას იწყებენ და ასრულებენ ერთი და იმავე ძუძუდან. თუმცა, რძის მარაგის შესანარჩუნებლად სასურველია, ბავშვი ორივე ძუძუდან გამოკვებოთ.
  • გამოწველის პროცესი თუ მტკივნეული ან არაკომფორტულია, მას შეიძლება უფრო მცირე ხნით მიმართოთ. ეს შეიძლება გამოსაწველი აპარატის მკერდზე მოსარგები ნაწილის არასწორმა ზომამ გამოიწვიოს. აირჩიეთ სწორი ზომა, რათა შეამციროთ დისკომფორტი და ტკივილი.

წყარო: healthline