როგორ უნდა შეინახოთ გამოწველილი რძე, როგორ უნდა მოაგვაროთ გამაგრებული მკერდის პრობლემა?

04-11-2021

როგორ უნდა შეინახოთ გამოწველილი რძე, როგორ უნდა მოაგავროთ გამაგრებული მკერდის პრობლემა, რა არის „თეთრი წერტილი“ ამ თემაზე მოგვიყვება ლაქტაციის კონსულტანტი, lactation.ge ბლოგის ავტორი, თამუნა ლობჟანიძე:

რამდენ ხანს ინახება გამოწველილი რძე? 
გამოწველილი რძე სხვადასხვა დროით ინახება, გააჩნია ადგილს, სად უნდა შევინახოთ. შენახვა შეგვიძლია ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარში ან საყინულეში. ოთახის ტემპერატურაში იგულისხმება 20-22 გრადუსი. რძის მარაგის გაკეთებისთვის უნდა გავზარდოთ რძის რაოდენობა, ანუ დავიწყოთ დამატებითი გამოწველა, სასურველია - კვებებს შორის, ღამე ან კვების დროს მეორე ძუძუდან.

როგორ ხდება რძის გალღობა? 
რძის გალღობა: საყინულიდან 1 დღით ადრე გადაგვაქვს რძის გაყინული პაკეტი მაცივარში. მეორე დღეს უნდა ჩადოთ თბილ წყალში ან თბილ გამდინარე წყალს შეუშვიროთ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ. გამოწველილი რძის გათბობა შეიძლება თბილ წყალში ჩადებით ან სპეციალური რძის ელექტრო ხელსაწყოთი.
წარმატებული ლაქტაციისთვის, თუ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზეა, დედას არ სჭირდება არანაირი ხელსაწყოები. თუ დედა აპირებს სამსახურში გასვლას ან აწუხებს ჰიპერლაქტაცია ან რძის ნაკლებობა, მაშინ საჭიროა ჰააკა და რძის ელექტრო საწველი.

რძის შენახვა, ძუძუთი კვება,

რას გვეტყვით დახეთქილი ძუძუს თავების პრობლემაზე? 
დახეთქილი ძუძუსთავების პრობლემა ნამდვილად ხშირია, ამ დროს დედამ თავისივე რძე უნდა წაისვას და ეცადოს, რომ წოვის შემდეგ ძუძუ ჰქონდეს ღიად, ანუ მაშინვე არ გაიკეთოს ბიუსტჰალტერი. ასევე რეკომენდებულია ლანოლინის შემცველი კრემის ხმარება და მოჭიდების გასწორება. თუ დაზიანებული თავების გამოწოვა შეუძლებელია, რეკომენდებულია რეგულარული გამოწველა და ბავშვის გამოკვება გამიწველილი რძით ალტერნატიული მეთოდებით (შპრიცი, კოვზი, ჭიქა).

ხანდახან ძუძუს თავზე ჩნდება თეთრი წერტილი, როგორ მოვიშოროთ?
თეთრი წერტილი კანის ნაწილია, ან გაჭედილი რძის ცხიმი ან შესქელებული რძის ნაწილი, რომელიც საცობივით არის გაჭედილი სადინარის დაბოლოებაზე, ძუძუსთავზე. ის ჩნდება ხშირად არასწორი მოჭიდების გამო. ხანდახან ბავშვს შეუძლია წოვის დროსვე შემთხვევით მოგაშოროთ ეს საცობი. ხანდახან საჭიროა თქვენი ჩარევა, შეგიძლიათ დაიმუშავოთ სველი პირსახოცით, შემდეგ გამოიწველოთ ელექტრო საწველით. თუ ეს პროცესი თქვენთვის მტკივნეულია, დაშვებულია სტერილური ნემსის გამოყენება, ანუ კანის ამ ნაწილის ჩახევა ნემსით, ოღონდ აუცილებლად ჰორიზონტალურად.

რა ვუშველოთ გამაგრებულ მკერდს? 
გამაგრებულ მკერდს სჭირდებ დაცლა, იმისთვის რომ არ გართულდეს და არ გადაიზარდოს მასტიტში. ამ დროს უფრო ხშირად უნდა შევთავაზოთ გამაგრებული მხარე, წოვის დროს ნაზად ვიმასაჟოთ გამაგრებული ადგილი. კვებამდე მივიდოთ თბილი/ცხელი საფენები, მივიღოთ ცხელი შხაპი, დავლიოთ ცხელი სასმელი, კვების შემდეგ მივიდოთ ცივი. მაგალითად, კომბოსტოს ფოთოლი.
შეგიძლიათ ბავშვი მიატრიალოთ ისე, რომ მისი ნიკაპი იყოს გამაგრების მხარეს, ამ შემთხვევაში ის უფრო ადვილად გამოიტანს ჩაჭედილ რძეს სადინარიდან.