ჰიპერლაქტაცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც დედის ორგანიზმი წარმოქმნის იმაზე მეტი რაოდენობის რძეს, ვიდრე ბავშვს სჭირდება. რძე შეიძლება მოედინებოდეს სწრაფად და ძლიერად, რაც პატარას ხელს უშლის კვების პროცესში.
დედის მხრივი ნიშნები:
შეიძლება გრძნობდეთ, რომ თქვენი მკერდი გადავსებული და დაჭიმულია.
შეიძლება ძუძუთი კვების პროცესში გაწუხებდეთ მკერდის ტკივილი. სავარაუდოდ, კვებებს შორის რძის გამონაჟონს შეამჩნევთ. ხოლო ერთი ძუძუდან კვების დროს, მეორედანაც გექნებათ დენა.
ეს სიმპტომები შეიძლება მშობიარობიდან პირველივე კვირაში დაიწყოს ან ცოტა მოგვიანებით, 2-3 კვირის შემდეგ. შეიძლება თქვენი რძის მარაგი 3 თვეში თავად დარეგულირდეს. თუმცა, მკურნალობის გარეშე მეტად სავარაუდოა, ჰიპერლაქტაციამ მეოთხე-მეხუთე თვემდეც გასტანოს.ჰიპერლაქტაციის დროს გაზრდილია სარძევე სადინრის დახშობის ან მასტიტის განვითარების რისკი.
ბავშვის მხრივი ნიშნები:
თქვენს პატარას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს რეაქცია ჰიპერლაქტაციაზე. მაგრამ, თუ თქვენი რძის ნაკადი ძალიან სწრაფი ან ძალიან ძლიერია, მან შეიძლება ძუძუს თავი აარიდოს ან წოვის დაწყებისას ღებინების რეფლექსი აუმოქმედდეს. ასევე, ნაკადის შესამცირებლად მან შეიძლება მოუჭიროს ძუძუს თავს, რაც ძუძუს თავების ტკივილს გამოიწვევს.
თქვენი პატარა შეიძლება ძუძუს წოვისას ჭირვეულობდეს, იყოს ზედმეტად მოძრავი და ძალიან ხშირ-ხშირად გთხოვდეთ კვებას. შეიძლება მან კვების შემდეგ პირის ღრუში დაგროვებული რძის ნაწილი ამოიღოს (ხშირად ჰიპერლაქტაცია რეფლუქსში ერევათ ხოლმე).
პატარა შეიძლება მალე დანაყრდეს და შეწყვიტოს კვება მანამ, სანამ რძის უფრო ცხიმიანი და ნოყიერი, უკანა პორცია დაიწყებს გამოსვლას. ამის შედეგად, მის ნაწლავებში დაგროვდება ჭარბი რაოდენობის ლაქტოზა, რაც კოლიკის მსგავს სიმპტომებს გამოიწვევს: შებერილობა, დიდი მოცულობის განავალზე გასვლა, რომელიც არის მომწვანო და ქაფიანი. ასევე, ბავშვის წონის ნამატი შეიძლება იყოს შეუსაბამო: ან ძალიან მცირე, ან ზედმეტად ჭარბი.
დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული რძის რაოდენობა ბავშვის საჭიროებებით რეგულირდება. თუმცა, ჰიპერლაქტაციის დროს დედები იმაზე მეტ რძეს გამოიმუშავებენ, ვიდრე ამას ბავშვის საჭიროება მოითხოვს. ხშირად ეს პრობლემა იმ დედებს აწუხებთ, რომლებსაც სარძევე ჯირკვლებში ჭარბი რაოდენობის ალვეოლები აქვთ (სარძევე ჯირკვლების ფუნქციური ერთეული). ძუძუში ალვეოლების საშუალო რაოდენობა 100,000 – 300,000-ია. ჰიპერლაქტაციის მქონე დედების სარძევე ჯირკვლებში ალვეოლების რაოდენობა ამ მაჩვენებლის ზედა ზღვარს უტოლდება, ან აჭარბებს.
ზოგჯერ, დედა თავისდა უნებურად, თავადვე იწვევს ჰიერლაქტაციას, რადგან ორგანიზმს აძლევ სიგნალს, გამოიმუშავოს საჭიროზე მეტი რაოდენობის რძე - ამის ერთ-ერთი მაგალითი რძის გადაჭარბებული გამოწველაა.
კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი ორგანიზმი საკმარისზე მეტი რაოდენობის საკვებს წარმოქმნის თქვენი პატარასთვის. შესაბამისად, მისი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო საკვები არასოდეს მოგაკლდებათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პატარები ხშირად რძის უკანა პორციის მცირე რაოდენობას იღებენ, რაც შებერილობას და კოლიკის სიმპტომებს იწვევს. ასევე, შეიძლება მათ საერთოდ ვერ მიიღონ საკვების საკმარისი რაოდენობა, თუ რძის ძლიერ და სწრაფ ნაკადს ვერ უმკლავდებიან. ხოლო, ეს პრობლემა თუ დიდი ხანი გაგრძელდა, შეიძლება ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას საფრთხე შეექმნას. ამიტომ, გახსოვდეთ, რძის ჭარბი პროდუქცია ყოველთვის კარგ კვებას არ ნიშნავს და აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი რძის მარაგის დარეგულირებისთვის.
წყარო: babycenter.com