როგორ მივხვდეთ ჰყოფნის თუ არა ბავშვს რძე?

19-10-2021

დედებს ხშირად აწუხებთ შეკითხვა, ჰყოფნის თუ არა მათ შვილს რძე?

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი საკმარის საკვებს იღებს? პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალი გამოყოფს ხსენს. ხსენი არის სქელი, წებოვანი, ძალიან ნოყიერი და უმნიშვნელოვანესი ბავშვის იმუნური სისტემისთვის. დასაწყისში ბავშვი ხშირად იკვებება -  დღე-ღამეში 8-12-ჯერ. პირველ დღეებში ასეთი ხშირ კვება სიგნალს აგზავნის ორგანიზმში და ასტიმულირებს რძის წარმოქმნას. რამდენიმე დღეში რძის შემადგენლობა იცვლება და ხსენის მაგივრად საბოლოოდ ფორმირებული რძე გამოიყოფა, რომელიც უკეთ პასუხობს ბავშვის მზარდ მოთხოვნილებებს. ბავშვი განაგრძობს ხშირ კვებას და იწყებს წონაში მატებას. 

რამდენ რძეს მოიხმარს ბავშვი თითო კვებაზე?

ახალშობილის კუჭის მოცულბა ძალიან მცირეა, სიცოცხლის პირველ კვირაში უმეტესობა ჭამს არაუმეტეს 30-დან 60 მლ-ს. დაახლოებით 5-6 კვირის შემდეგ, 90-დან 120 მლ-მდე, ხოლო რძის ყოველდღიური მიღება საშუალოდ 700-750 მლ ან მაქსიმალურად 900 მილიგრამია. დედა საშუალოდ გამოიმუშავებს 30-40 მლ რძეს ყოველ 1 საათში.

რა არის იმის ნიშნები, რომ ბავშვი კარგად იკვებება?

• პატარა ხშირად იკვებება 8-12-ჯერ 24 საათის განმავლობაში.
• ბავშვი კვების შემდეგ მშვიდი და კმაყოფილია და თავისი ნებით წყვეტს კვებას. კვებამდე შეიძლება მას ხელები მომუჭული ჰქონდეს, კვების შემდეგ კი მოდუნებული და გაშლილი.
• წონაში იმატებს ნორმის შესაბამისად, დაახლოებით, იხილეთ ცხრილი. 
• ბავშვის განავალი მეხუთე დღიდან ხდება ყვითელი, მარცვლოვანი ტექსტურით. მეოთხე დღიდან ახალშობილს დღეში 3-4-ჯერ უნდა ჰქონდეს ნაწლავების მოქმედება.
• თავიდან ახალშობილი მცირე რაოდენობით შარდს გამოყოფს, მაგრამ გამოყოფილი შარდის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს. მეორე დღიდან ნორმაა დღე-ღამეში 2 სველი საფენი, მესამე-მეოთხე დღიდან კი - 3 ან მეტი. მეხუთე დღიდან დღე-ღამეში 6 ან მეტი გამოცვლილი საფენი უნდა იყოს. თავიდან რთულია იმის გარჩევა საფენი სველია თუ არა, მაგრამ მეხუთე დღიდან, როცა დიდი მოცულობის რძე დაიწყებს დენას, ბავშვის გამოცვლილი საფენებიც უფრო დამძიმდება. (ბევრ საფენს შუაში მკრთალი ხაზი აქვს, რომელიც დასველებისას ფერს იცვლის.)
• ღვიძილის დროს ბავშვი არის აქტიური და მისი მოტორიკა ასაკის შესაბამისად ვითარდება.

წონაში მატება, ბავშვის ზრდის ცხრილი,

 

რა არის იმის ნიშნები, რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობის რძეს ვერ იღებს?

•    თუ ბავშვი საკმარის საკვებს ვერ იღებს ის არის მიძინებული და ლეთარგიული, არ აქვს საკმარისი ენერგია, სძინავს უჩვეულოდ დიდხანს - ერთ ჯერზე 4 სთ ან მეტი.
•    ბავშვი ძუძუთი კვებას ანდომებს ძალიან ცოტა ან ძალიან დიდ დროს. ბავშვს, რომელიც არასაკმარისად იკვებება შეიძლება ძუძუს წოვის დაწყების შემდეგ მალევე ჩაეძინოს, ან ერთ კვებას 30-40 წუთი მოანდომოს.
•    ძუძუს თავზე მოჭიდება არის მტკივნეული და ზედაპირული. ძუძუზე არასწორი მოჭიდება ხელს უშლის საკმარისი რძის მიღებას.
•    ვერ მოხდა დაბადების შემდეგ დაკარგული წონის დაბრუნება დაბადებიდან 10-14 დღეში ან წონის ნამატი არის მოსალოდნელზე უფრო ნელი (ნორმაა ყოველ კვირაში 155-241 გრამის მომატება).
•    ბავშვის შარდი არ არის მკრთალი, და/ან საფენზე არის მოწითალო-ყავისფერი ლაქები.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვი საკმარის რძეს ვერ იღებს?

ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უმეტესი პრობლემა, მათ შორის რძის მწირი მარაგიც, მარტივად მოგვარებადია. მთავარია, ამაზე მუშაობა ადრიანად დაიწყოთ.  
თუ ეჭვობთ, რომ ბავშვი საკმარის რძეს ვერ იღებს, შეგიძლიათ ძუძუთი კვებამდე რძე ხელით გამოიწვლოთ და ბავშვს კოვზით ან ჭიქით დაალევინოთ. თუ ბავშვს არასაკმარისი კვების ნიშნები აქვს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ლაქტაციის კონსულტანტს. გახსოვდეთ, რომ როცა საქმე თქვენ შვილს ეხება თქვენ  ექსპერტი ხართ. თუ ეჭვი გაქვთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, ენდეთ თქვენს ინტუიციას და მოიძიეთ დახმარება.

ასევე გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი მკერდი მუდმივად გადავსებული გქონდეთ, ეს არ განსაზღვრავს იმას გაქვთ თუ არა რძე. დროთა განმავლობაში რძე რეგულირდება შესაბამისად სისავსის შეგრძნება იკლებს და ბავშვი რეგულარულად იღებს იმ რაოდენობის რძეს, რაც მას სჭირდება. 

ძუძუთი კვება ბევრად უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ რძე.ძუძუთი კვების აქტი ბევრად უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ბავშვისთვის რძის მიწოდებას. ამას გაიგებთ მაშინვე როგორც კი თქვენ პატარას მკლავებში ჩაიწვენთ. აუცილებლად ენდეთ თქვენს დედობრივ ინსტინქტებს და დაიჯერეთ, რომ ნამდვილად შეგიძლიათ ბავშვის გამოკვება.  იმის შემჩნევა და გაგება თუ როდის იღებს ბავშვი საკმარისი რაოდენობის რძეს არის ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა ისწავლოთ. 
 

წყარო: la leche league www.llli.org

შემოგვიერთდით ძუძუთი კვების ჯგუფში