როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის პირის ღრუს ჩვილობიდანვე – ამ საკითხზე სტომატოლოგი, ქეთი მეგრელაძე გვესაუბრება.
როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის პირის ღრუს მოვლა და როგორ უნდა გავუწმინდოთ ღრძილები კბილის ამოსვლამდე?
ბავშვის პირის ღრუს მოვლა აუცილებელია დავიწყოთ პირველივე კბილის გამოჩენისთანავე. კბილის ამოსვლამდე ღრძილები წმენდას არ საჭიროებს, თუმცა თუ გვინდა, რომ ჩვენი პატარა რუტინას მიეჩვიოს, კარგი აზრია თითზე დახვეული მარლის გამოყენება. ასევე, პირველი კბილის ამოჭრის პერიოდში უკეთესია სპეციალური თითის ჯაგრისი პატარა სილიკონის ჯაგრულებით, ამ დროს ბავშვს ქავილიც აღენიშნება და სიამოვნებს კიდეც ამოჭრის პროცესში მყოფი კბილის წმენდა.
ღამის კვების შემდეგ უნდა გავუწმინდოთ პირის ღრუ?
კბილების ამოჭრამდე პერიოდში არ არის საჭირო. პირველივე კბილის ამოჭრის შემდეგ უნდა ვეცადოთ, რომ ღამის კვების შემდეგ ნახევარ საათში გავუსუფთაოთ კბილები, თუმცა მესმის, რომ ეს ძალიან რთული შესასრულებელია. ხშირად პატარებს კვების დროს ეძინებათ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ე.წ. „ბოთლის კარიესი“?
1 წლის ასაკიდან ბავშვი ღამით და მითუმეტეს ძილში აღარ უნდა იკვებებოდეს. უშუალოდ ძილისწინა რუტინიდან კვება უნდა იქნეს ამოღებული. ვგულისხმობ შემთხვევებს, როდესაც ბავშვს ლოგინშივე აძლევენ ბოთლით ან ძუძუთი რძეს და მერე პირდაპირ იძინებს. კვების შემდგომ აუცილებლად უნდა გავიდეს ნახევარი საათი, შემდგომ უნდა გავუწმინდოთ კბილები და ისე დაიძინოს.

როგორი ჯაგრისი ავირჩიოთ ასაკის მიხედვით?
ჯაგრისის ყველა შეფუთვას აწერია შესაბამისი ასაკი და თავისუფლად შეიძლება მათი გამოყენება. მე პირადად პირველი ოთხი კბილის ამოჭრის პერიოდში სპეციალურ თითის ჯაგრისს ვუწევ რეკომენდაციას, რადგან პირველი კბილების ამოჭრა უფრო მეტად მგრძნობიარეა პატარებისთვის და ეს თითის ჯაგრისი საკმაოდ სიამოვნებთ ხოლმე, შემდგომში ნელ-ნელა ეჩვევიან კბილის ამოჭრის შეგრძნებებს და შეიძლება უკვე ჩვეულებრივ საბავშვო კბილის ჯაგრისებზე გადასვლა ასაკის მიხედვით.
ფტორის შემცველი პასტა შეიძლება თუ არა და რა დოზით? რომელი წლიდან უნდა გამოვიყენოთ კბილის პასტა? კარიესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თუ არა ფტორის წვეთების მიღება?
კბილის პასტის გამოყენება შეგვიძლია დავიწყოთ პირველივე კბილის ამოსვლისთანავე , სასურველია ფტორის შემცველი იყოს და ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კბილის პასტის მოცულობა არ აღემატებოდეს ბრინჯის მარცვლის ზომას. საბავშვო კბილის პასტებს ყოველთვის აწერია შესაბამისი ასაკი და თუკი პასტა შეიცავს ფტორს, ის აუცილებლად იქნება ამ ასაკისთვის შესაბამისი რაოდენობით. თუ ვხედავთ, რომ ჯანსაღი კბილი ამოდის ფტორის დამატებით დანიშვნა რაიმე სახით არ არის აუცილებელი. თუ ბავშვი ყლაპავს პასტას სასურველია, რომ გადავიდეთ უფტორო კბილის პასტაზე.
როდის არის რეკომენდებული პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან?
1 წლიდან! ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი უკვე კარგად იმახსოვრებს გარემოს და ადამიანებს. მანიპულაციის ჩატარება ამ ასაკის ბავშვს არ ჭირდება, მაგრამ აუცილებელია ის მიეჩვიოს გარემოს და კონკრეტულ ბავშვთა სტომატოლოგს(ვისაც აირჩევთ), რომ მომავალში საჭიროებისამებრ მშვიდად და სტრესის მიღების გარეშე ჩაიტაროს პროცედურები. თუ 1 წლის ასაკიდან მიაჩვევთ სტომატოლოგიურ კლინიკას და კონკრეტულ ექიმს, მას არ შეეშინდება. პროფილაქტიკურ შემოწმებაზე მიყვანა კი სასურველია, 6 თვეში, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ.

რომელი პროდუქტები აზიანებს ყველაზე მეტად სარძევე კბილებს?
ტკბილი სითხეები, ტკბილეული, განსაკუთრებით წებოვანი. ასევე, 2 წლის შემდეგ საწოვარას ან თითის წოვამ შესაძლოა გამოიწვიოს თანკბილვისა და/ან ყბების დეფორმაციები.
ღამით ძუძუთი კვება/ბოთლით კვება რამდენად ზრდის კარიესის რისკს? როდის გადავაჩვიოთ ბავშვი ბოთლით კვებას?
ძილის დროს ნერწყვის გამოყოფა მცირდება, ამიტომ რძეში არსებული ლაქტოზა უფრო სწრაფად აზიანებს მინანქარს (ემალს). 1 წლის ასაკიდან უნდა ამოვაგდოთ ღამით კვება: ნელ-ნელა, უნდა შევუმციროთ მიცემული რძის რაოდენობა და გადავიდეთ წყალზე, რომელიც ასევე ნელ-ნელა უნდა შევუმციროთ. დღის განმავლობაში წყალი უნდა მივაწოდოთ უკვე ასაკის შესაბამისი ბოთლით, რომლის შემდეგაც მარტივად გადავა ჭიქის გამოყენებაზე. აფთიაქებში იყიდება სპეციალური ბოთლები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად კბილების გახეხვა სწორად?
6 წლამდე ასაკის ბავშვს ყოველთვის დაჭირდება დახმარება, რომ სრულფასოვნად გაიწმინდოს კბილები და ამ პერიოდში სულ უნდა ვესაუბროთ და ვაჩვენოთ, როგორ არის სწორი. 6 წლიდან შეუძლია დამოუკიდებლად გაიწმინდოს, თუმცა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. სტომატოლოგთან 6 თვეში (მაქსიმუმ წელიწადში) ერთხელ ვიზიტით მარტივად ვიგებთ, სწორად იცავს თუ არა ჩვენი პატარა პირის ღრუს ჰიგიენას და თუ ამას ვერ ახერხებს, ექიმი აუცილებლად გვეტყვის და უნდა გამოვასწოროთ.





