ADHD არის ნეიროგანვითარებითი თავისებურება, რომელიც გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე, იმპულსების კონტროლსა და აქტიურობის დონეზე. ის არ ნიშნავს, რომ ბავშვი „ცუდად აღზრდილია“, „ზარმაცია“ ან „პრობლემურია“. პირიქით — ხშირად ეს ბავშვები გამოირჩევიან მაღალი ენერგიით, კრეატიულობით, სწრაფი აზროვნებით და არასტანდარტული ხედვით. ADHD არ არის იარლიყი, არამედ თავის ტვინის ფუნქციონირების განსხვავებული სტილია. როდესაც გარემო, სწავლების მეთოდები და მხარდაჭერა სწორად არის მორგებული, ADHD-ის მქონე ბავშვები სრულად ავლენენ თავიანთ პოტენციალს — სწავლაში, სპორტში, ხელოვნებასა თუ ლიდერობაში.
ძალიან ხშირად ADHD სიმპტომების მქონე ბავშვებს სკოლაში პრობლემები ექმნებათ, ხდებიან დისკრიმინაციის და ბულინგის მსხვერპლები. იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ბავშვს ხელი სასკოლო გარემოში, გვესაუბრება დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი, ნათია უჩავა.
პროფესიული გამოცდილების განმავლობაში, რამდენად ხშირად გყოლიათ კლასში ADHD-ს მქონე მოსწავლეები?
პირველ რიგში მკითხველისთვის განვმარტავ, რას ნიშნავს ADHD? ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის დარღვევას, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს მოძრაობის კონტროლი, ყურადღების კონცენტრაცია. როგორც მასწავლებელს, მქონია გამოცდილება ADHD სინდრომის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ ხშირ შემთხვევაში მშობელმა არც იცის, რომ ბავშვს აქვს ADHD, რადგან ეს დგინდება სპეციალური ნეიროფსიქოლოგიური შეფასებით.
რას ნიშნავს თქვენთვის ADHD – ქცევითი სირთულე თუ განსხვავებული სწავლის სტილი?
ყველაზე გავრცელებული მითია, როდესაც ADHD დიაგნოზის მქონე ბავშვების მდგომარეობას ცუდად აღზრდას, გატუტუცებას მიაწერენ. ეს არ არის მხოლოდ ქცევის სირთულე, ჩემთვის ეს სიგნალია, რომ მოსწავლეს უბრალოდ სხვა ნეოროგანვითარების თავისებურება აქვს, რომელიც გავლენას ახდენს მის ქცევაზე, ყურადღებაზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სირთულეები ახლავს და ადვილი არ არის, თუმცა სასკოლო გარემოში ვცდილობთ ვიმუშაოთ და მოსწავლეების ადაპტაცია მოვახდინოთ.
რა არის თქვენი პირველი ნაბიჯი, როდესაც კლასში გყავთ ADHD-ის მქონე მოსწავლე?
პირველ რიგში საჭიროა მოსწავლის ახლოდან გაცნობა. თუ შესაძლებლობა არსებობს, სასურველია სწავლის დაწყებამდე შეხვედრა როგორც თავად მოსწავლესთან, ასევე მშობელთან, რათა განისაზღვროს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან თანამშრომლობა. ჩემი დაკვირვებით, ასეთ დროს, მშობელს ხშირად ავტომატურად უჩნდება უნდობლობა სკოლისა და მასწავლებლის მიმართ თითქოს ჩვენ რამეს ვაკლებთ ან სათანადოდ ვერ ვუწყობთ ხელს, რაც რეალურად ასე არ არის. როდესაც მშობელი გენდობა, გისმენს და შენთან ერთად გეგმავს თითოეულ ნაბიჯს, შედეგამდე მისვლა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური ხდება. მშობელს უნდა აგრძნობინო, რომ შენთვის მოსწავლე მნიშვნელოვანი ადამიანია. უნდა მოიპოვო ნდობა და შეეცადო რომ მასთან ერთად დაგეგმო, განიხილო და იპოვო გადაჭრის გზები. მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ეს ის სამი მნიშნელოვანი რგოლია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, თუ გვსურს მივიღოთ პოზიტიური შედეგი.

როგორ რეაგირებთ არასასურველ ქცევაზე ისე, რომ ბავშვის თვითშეფასება არ დაზიანდეს?
პირველ რიგში არ უნდა ვაგრძნობინოთ ბავშვს თავი დამნაშავედ ნაბიჯ-ნაბიჯ მივახვედროთ, რატომ არის მისი ქცევა არასასურველი იმ მომენტში. აღვნიშნოთ მისი მცირე მცდელობები სხვა დროს და შემდეგ აღვნიშნოთ კონკრეტული არასასურველი ქცევა – რატომ და რის გამო არაა მისაღები. ეფექტურია თუ მოვუყვანთ მაგალითსაც: მადლობა რომ დღეს შენს რიგს დაუცადე, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახლა თანაკლასელს ხელი რომ კარი, მას ეს ეწყინა.
რა ძლიერი მხარეები აქვთ ADHD მოსწავლეებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება?
ADHD მოსწავლეებს არასტანდარტული აზროვნების უნარი აქვს. მათ რამდენიმე ძლიერ მხარეს გამოვყოფ, ესენია: კრეატიულობა პრობლემების გადაჭრის უნარები , ჰიპერფოკუსი, დიდი ენერგია, თანაგრძნობის უნარი.
როგორ ეხმარებით კლასელებს, რომ მიიღონ განსხვავებული ქცევა და არ მოხდეს სტიგმატიზაცია?
მოსწავლეებს ყოველთვის ვასწავლით ტოლერანტობას და განსხვავებული ადამიანების მიღებას. სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ვცდილობთ ემპათიის გაღვივებას. თუ ამ საკითხებზე მუშაობა მცირე ასაკიდანვე იწყება, მოსწავლეებს უფრო მეტი მზაობა და მიმღებლობა უყალიბდებათ. აუცილებლად ვუხსნით, რატომ შეიძლება უჭირდეს მათ თანაკლასელს გაკვეთილზე გაჩერება ან კონკრეტული ქცევის მართვა. თუმცა ეს ახსნა უნდა იყოს ლამაზად და ფაქიზად მიწოდებული – არავითარ შემთხვევაში მოსწავლის თანდასწრებით, რათა არ მოხდეს მისი გამორჩევა ან სტიგმატიზაცია.
როგორ მუშაობთ ბავშვის თვითშეფასებისა და მოტივაციის გაძლიერებაზე?
ბავშვს ყოველთვის უნდა აგრძნობინო საკუთარი შესაძლებლობები – უნდა აღნიშნო, რა შეუძლია და რა გამოსდის კარგად. უნდა მისცე ბიძგი მაშინ, როცა საკუთარი თავის არ სჯერა, და დაანახო, რომ მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. წავახალისოთ ის პატარა მიღწევაზეც კი.
ხშირად ADHD მქონე მოსწვლე გაჰყავთ კლასიდან და ბავშვს დერეფანში უწევს ყოფნა. ასევე ხშირია რთული ქცევის გამო ADHD ბავშვების სკოლიდან გარიცხვის შემთხვევები – რას გვეტყვით ამ საკითხზე. როგორი უნდა იყოს სწორი მიდგომა?
არცერთ მოსწავლეს არ უნდა უწევდეს დერეფანში ყოფნა. სკოლა უნდა უცხადებდეს მხარდაჭერას თითოეულ მოსწავლეს. სკოლას ჰყავს მანდატურის სამსახური ფსიქოლოგები, სპეციალური მასწავლებლები, შესაბამისად უნდა ხდებოდეს ამ რესურსების ათვისება საჭიროებისამებრ.
რამდენად პასუხობს დღეს არსებული განათლების სისტემა ADHD ბავშვების საჭიროებებს?
დღევანდელი განათლების სისტემა ADHD ბავშვების საჭიროებებს სათანადოდ ვერ პასუხობს. სკოლები ძირითადად ერთი პრინციპითაა აგებული: განსაზღვრული გაკვეთილების ხანგრძლივობა, მკაცრი წესები და სტანდარტიზებული პროგრამა. ეს ყველაფერი ADHD ბავშვებისთვის დამღლელია. კლასები არ იძლევა საშუალებას, რომ ADHD ბავშვმა ფიზიკური ენერგია გამოხატოს. სკოლების უმრავლესობაში არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ADHD ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ვიზუალური და კინესთეტიკური ალტერნატივები სჭირდებათ ინფორმაციის მისაღებად. მრავალრიცხოვანი კლასები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც არ იძლევა საშუალებას თითოეულ ბავშვთან მუდმივად მოხდეს ინდივიდუალური მუშაობა. ასევე დიდი გამოწვევაა სპეციალისტების, დიაგნოსტიკისა და თერაპიების ხელმისაწვდომობა, რადგან ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რას გვეტყვით დონატელა არქანჯელის წიგნზე- – ADHD გზამკვლევი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის?
ეს წიგნი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი გასწავლით, როგორ იმუშაოთ მოსწავლეებთან, რომლებსაც ADHD დარღვევა აქვთ. დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რისგან გამომდინარეობს ასეთი ქცევა და მოგცემთ პრაქტიკულ, ნაბიჯ-ნაბიჯ რჩევებს შედეგზე გასაყვანად. ჩემი აზრით, ეს წიგნი ყველა მასწავლებლის სამაგიდო გზამკვლევად იქცევა, ხოლო მშობლებისთვის – მეგზურად, რომელიც დაეხმარება ბავშვის ქცევის მიზეზების გაგებაში. როდესაც მომზადებულნი ვართ და წინასწარ ვიცით ქცევის მიზეზი, შედეგზე გასვლა ბევრად უფრო მარტივია.
რას ეტყოდით საზოგადოებას და მასწავლებლებს ADHD ბავშვების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე?
ADHD ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს მათი. მასწავლებლები აუცილებლად უნდა გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას, შეხვდნენ მოსწავლეს მომზადებულნი. შეისწავლონ მოსწავლის ინტერესები, მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მშობელთან. არ შევაფასოთ ერთი შეხედვით მათი ქმედება და შევეცადოთ გაგებას. ეს არ არის მშობლის აღზრდის ბრალი, არც ის, რომ ბავშვს თავად არ სურს რაიმის გაკეთება. უბრალოდ მათი ტვინი სხვაგვარად მუშაობს და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ფაქტი.
🌟 მსოფლიო ცნობილი, წარმატებული ადამიანები ADHD-ით
- Richard Branson
- Bill Gates
- Britney Spears
- Adam Levine
- Dave Grohl
- Paris Hilton
- Catieosaurus
- Jennifer White‑Johnson
- Chloé Hayden
- Albert Einstein
- Jim Carrey
- Michael Phelps
- Will Smith
- Justin Timberlake
ასეთი ადამიანები გვიჩვენებენ, რომ სწორად გამოყენებული ADHD არ არის დაბრკოლება, არამედ შესაძლებლობა. ბევრი მათგანი საკუთარი ტვინის განსხვავებულობას ხედავს როგორც რესურსს წარმატებისთვის.





