მთავარი » მე-დედა » დედის ბლოგი » “ავი დედამთილის” როლიდან ზღაპრების შემქმნელ დედიკომდე – როგორია თანამედროვე ბლოგერი დედის რეალური ცხოვრება

“ავი დედამთილის” როლიდან ზღაპრების შემქმნელ დედიკომდე – როგორია თანამედროვე ბლოგერი დედის რეალური ცხოვრება

სოციალურ ქსელებში ხშირად ყველაზე დიდი პოპულარობით ის ისტორიები სარგებლობს, რომლებშიც საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა თუ ყოველდღიურობას ამოვიცნობთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაცნობი რეალობა იუმორით არის გადმოცემული. ლილი თამაზაშვილი ახალგაზრდა დედა და კონტენტკრეატორია, რომელმაც ქართული ოჯახებისთვის კარგად ნაცნობი ურთიერთობები, რძალ-დედამთილის სტერეოტიპები და ყოველდღიური სიტუაციები სახალისო პაროდიებად აქცია. მისი TikTok-ვიდეოების უკან რეალური ამბები, მოსმენილი ფრაზები და ის სოციალური თემები დგას, რომლებზეც ხშირად სერიოზულად საუბარს იუმორით სიცილი გვირჩევნია. თუმცა „ავი დედამთილის“ პერსონაჟის მიღმა სრულიად სხვა, არანაკლებ საინტერესო შემოქმედებითი სამყაროა. ლილი საკუთარი ზღაპრების ავტორიცაა. მეტიც, მან დამოუკიდებლად შექმნა ვებსაიტი, სადაც თავის გამოგონილ ისტორიებს პატარა მკითხველებს უზიარებს. როგორია ცხოვრება კამერის მიღმა, როგორ იქცევა ოჯახური სტერეოტიპები იუმორისტულ კონტენტად და როგორ ახერხებს თანამედროვე დედა ყოველდღიურ პასუხისმგებლობებთან ერთად საკუთარი იდეების განხორციელებას? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ModernMoms.ge ლილი თამაზაშვილს ესაუბრა.

დედამთილის კულტი ქართულ ოჯახში — საიდან დაიწყო ყველაფერი? როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ ეს თემა TikTok-ზე პაროდიის ფორმით გაგეცოცხლებინათ და როდის მიხვდით, რომ თქვენი იუმორი ბევრ ქალს საკუთარ გამოცდილებას ახსენებდა?

მე სოფელში გავიზარდე, სადაც, მოგეხსენებათ, მსგავსი დამოკიდებულებები და დიალოგები საკმაოდ ხშირად გვხვდება. სწორედ ისეთ სიტუაციებს წარმოვადგენდი ჩემს ვიდეოებში, რომლებიც ბავშვობიდან მქონდა ნანახი და მოსმენილი. პატარაობიდანვე მქონდა პროტესტის გრძნობა არასწორი შეხედულებების მიმართ. თითქოს ბავშვობიდანვე ვხვდებოდი, რომ ზოგიერთი რამ, რასაც საზოგადოება ნორმად მიიჩნევდა, სინამდვილეში არასწორი იყო. ბევრჯერ გავბრაზებულვარ, მიკამათია და მიჩხუბია კიდეც სხვადასხვა ადამიანთან ამ თემებზე, რადგან ვერ ვეგუებოდი იმას, რომ რაღაც მხოლოდ ტრადიციის გამო უნდა მიგვეღო და არავის დაგვესვა კითხვა: რამდენად სწორი იყო ეს. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს სხვაგვარად შევხედე. მივხვდი, რომ ზოგჯერ პროტესტის გამოხატვა იუმორითაც შეიძლება. მეგობრებთან და ნათესავებთან ხშირად ვაკეთებდი ასეთ პაროდიებს, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ამას TikTok-ზე გავაზიარებდი. ერთ დღესაც, სრულიად სპონტანურად, გადავიღე პირველი ვიდეო და გამოვაქვეყნე. დაახლოებით ერთ საათში ვიდეოს უკვე 100 ათასი ნახვა ჰქონდა და უამრავი კომენტარი იწერებოდა. ადამიანები თავიანთ გამოცდილებას მიყვებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ზუსტად ასე ხდებოდა მათ ოჯახებშიც. სიმართლე გითხრათ, შოკში ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ ამ თემაზე პროტესტის გრძნობა მხოლოდ მე არ მქონდა. თურმე უამრავი ქალი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახსა და საკუთარ გამოცდილებას ხედავდა ჩემს ვიდეოებში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ იუმორისტული ვიდეოები აღარ იყო. ამ იუმორის უკან გაცილებით დიდი სათქმელი იდგა. სურვილი, რომ იმ საკითხებზე გვესაუბრა, რომლებზეც ხშირად ჩუმად ვართ, რადგან გვგონია, რომ ასე უნდა იყოს და სხვანაირად მოქცევა არ შეიძლება.

თქვენს ვიდეოებში ბევრი ქალი საკუთარ თავს, დედამთილს ან ნაცნობ ოჯახურ სიტუაციებს ამოიცნობს. რამდენად ეფუძნება თქვენი კონტენტი რეალურ ამბებს და სად გადის ზღვარი რეალობას, გაზვიადებასა და იუმორს შორის?

– ჩემი კონტენტი, ფაქტობრივად, 100%-ით რეალურ ამბებს ეფუძნება. რასაც ჩემს ვიდეოებში გადმოვცემ, ყველა დიალოგი ან პირადად მაქვს მოსმენილი, ან წამიკითხავს, ან მეგობრებსა და ნაცნობებს მოუყოლიათ ჩემთვის. ზოგი ისტორია ჩემი მეგობრების გამოცდილებაა, ზოგი — ნათესავების, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანების, რომლებიც მსგავს სიტუაციებს სხვადასხვა ჯგუფში საჯაროდ აზიარებენ. რაც შეეხება რეალობასა და იუმორს შორის ზღვარს, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რომ ხშირად არაფრის გამოგონება არ გჭირდება. რეალობა იმდენად საინტერესო და ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, რომ საკმარისია, სწორად დაინახო სიტუაცია და იუმორისტულად გადმოსცე. რა თქმა უნდა, პაროდიის დროს შეიძლება რომელიმე მომენტი უფრო გამოკვეთო ან ემოცია გააზვიადო, რათა მაყურებლამდე უკეთ მიიტანო სათქმელი, მაგრამ თავად სიტუაციების საფუძველი რეალურია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიები კონკრეტული ადამიანის დაცინვად არ იქცეს. მე უფრო იმ დამოკიდებულებებსა და დამკვიდრებულ შეხედულებებს დავცინი, რომლებიც წლების განმავლობაში ნორმად მივიჩნიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის.  ადამიანებს მართლა ბოროტი ქალი ვეგონე და სერიოზულად აღიქვამდნენ იმას, რასაც ვთამაშობდი. ალბათ, იმდენად რეალისტურად გამომდიოდა ეს პერსონაჟი, რომ ყველას არ სჯეროდა, რომ უბრალოდ პაროდია იყო. მოგვიანებით, როცა ჩემი სახე გამოჩნდა და ადამიანებმა გაიგეს, რომ ეს ყველაფერი იუმორი იყო, ნეგატიურმა კომენტარებმა იკლო, პოზიტიური გამოხმაურება კი ძალიან ბევრი დარჩა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბევრი ქალი არა მხოლოდ ვიდეოებზე მიკომენტარებდა, არამედ საკუთარ ისტორიებსაც მიზიარებდა. ზოგჯერ ისეთი ამბები მომდიოდა, ვფიქრობდი, ეს უკვე ჩემს ვიდეოზე უფრო დიდი ისტორიაა-მეთქი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალი მწერს და მეუბნება, რომ ჩემს ვიდეოში საკუთარი თავი ამოიცნო, ან რომ ამ თემაზე პირველად გაიცინა, რადგან მანამდე მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. ვფიქრობ, იუმორს სწორედ ეს ძალა აქვს. ზოგჯერ ისეთ თემებზე გვალაპარაკებს, რომლებზეც პირდაპირ საუბარი გვიჭირს. შეიძლება ვიღაცამ ჩემი პერსონაჟი ვერ აიტანოს, მაგრამ თუ ამ ყველაფერმა ადამიანს დააფიქრა, რომ ყველა ოჯახში დამკვიდრებული წესი აუცილებლად სწორი არ არის, მაშინ მგონია, რომ ჩემმა ვიდეომ თავისი საქმე გააკეთა.

ქართულ საზოგადოებაში რძალ-დედამთილის ურთიერთობა ხშირად სტერეოტიპებით არის დატვირთული. თქვენი აზრით, რა არის ამ ურთიერთობაში კონფლიქტის მთავარი მიზეზი — თაობებს შორის განსხვავება, პირადი საზღვრების დარღვევა თუ ტრადიციები, რომელთა გადახედვაც გვიჭირს?

– ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი ხშირად როლებისა და პოზიციების ზედმეტად გაზვიადებაა. თითქოს ოჯახში ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს მთავარი და ვიღაც — მასზე დამოკიდებული. ხშირად ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს შიშიც — შიში იმისა, რომ ერთ დღეს ოჯახს აღარ დასჭირდები ისე, როგორც ადრე სჭირდებოდი. განსაკუთრებით უფროსი თაობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანმა იგრძნოს, რომ შვილები გაიზარდნენ, საკუთარი ოჯახები შექმნეს და მისი როლი ნელ-ნელა იცვლება. ამის გამო შეიძლება უფრო მეტად ეცადოს, საკუთარი თავი ოჯახის უფროსად წარმოაჩინოს და ამით იგრძნოს, რომ კვლავ მნიშვნელოვანია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებსაც სჭირდებათ ყურადღება, სიყვარული და სითბო. ზოგჯერ კონტროლის სურვილის უკან სწორედ ეს მოთხოვნილებები დგას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს სხვისი პირადი საზღვრების დარღვევას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ერთ ოჯახში ორი დიასახლისის თანაცხოვრება ხშირად ძალიან რთულია.

ჩვენ, ქალებს, გვიყვარს, როცა სახლში ჩვენი წესრიგი, ჩვენი გემოვნება და ჩვენი შეხედულებებია. და მოდი, გულწრფელები ვიყოთ — რაც არ უნდა ფრთაშესხმული ანგელოზები ვიყოთ, ყველას გვინდა, რაღაცები ჩვენს ჭკუაზე იყოს.

ახლა წარმოიდგინეთ ორი ქალი, რომლებსაც საკუთარი წარმოდგენები აქვთ იმაზე, როგორ უნდა იმართებოდეს ოჯახი, როგორ უნდა დალაგდეს სახლი, როგორ უნდა აღიზარდონ ბავშვები და როგორ უნდა მომზადდეს სადილი. ორივე დარწმუნებულია, რომ თავისი გზა სწორია. სწორედ აქ იწყება დაპირისპირება.

ამიტომ ვფიქრობ, პრობლემა არც მხოლოდ თაობათა შორის განსხვავებაა და არც ის, რომ დედამთილი აუცილებლად ცუდია ან რძალი — უმადური. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ორივე მხარეს უჭირს ერთმანეთისთვის სივრცის დათმობა და იმის მიღება, რომ ერთი ოჯახის წევრობა არ ნიშნავს ერთი ადამიანის წესებით ცხოვრებას.

ერთდროულად ხართ დედა, კონტენტკრეატორი, ზღაპრების ავტორი და საკუთარი ციფრული პროექტის შემქმნელი. როგორ ახერხებთ ამ როლების შეთავსებას და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის მომავალი — რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გსურთ?

სიმართლე გითხრათ, ამ როლების შეთავსებას ყოველთვის კარგად ვერ ვახერხებ. ზოგჯერ მგონია, რომ დღეში 48 საათი მჭირდება და ისიც არ მეყოფა. ორი პატარა შვილი მყავს და ჩემი დღის დიდი ნაწილი მათ აღზრდასა და საოჯახო საქმეებს მიაქვს. ჩემი შემოქმედებითი საქმიანობისთვის დრო ხშირად მაშინ მრჩება, როდესაც სხვებს უკვე სძინავთ, ან ბავშვების მოვლასა და საკუთარ იდეებს შორის მიწევს დროის გამონახვა.

ზოგჯერ ძალიან ვიღლები, მაგრამ როდესაც რაღაცის შექმნას ვიწყებ, ისეთი ენთუზიაზმი მიჩნდება, რომ გაჩერება მიჭირს. ალბათ, ყველაზე რთული ის არის, რომ ყველა იდეას ერთდროულად ვერ განვახორციელებ. თავში უამრავი ჩანაფიქრი მაქვს და ხშირად მინდა, ყველაფერი ახლავე გავაკეთო, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ყველაფერს თავისი დრო სჭირდება.

რაც შეეხება მომავალს, ძალიან მინდა, „ჯადოსნური ბუმბული“ განვითარდეს და უფრო მეტ ოჯახამდე მივიდეს. მინდა, შევქმნა ახალი ზღაპრები, გავამრავალფეროვნო ვებგვერდი და საბოლოოდ ეს პროექტი მხოლოდ ჩემს ჰობად არ დარჩეს — იქცეს საქმედ, რომელიც შემოქმედებით სიამოვნებასთან ერთად ფინანსურ დამოუკიდებლობასაც მომიტანს.

კონტენტკრეატორობაშიც მინდა განვითარება. მიხარია, რომ იუმორით შემიძლია ადამიანებამდე მნიშვნელოვანი სათქმელის მიტანა და მინდა, ეს სივრცე კიდევ უფრო გავაფართოო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დედობა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების დასასრული კი არა, მისი ერთ-ერთი ნაწილი იყოს. არ მინდა, შვილების გაზრდისას საკუთარი ინტერესები, იდეები და პიროვნებაც დავკარგო. მინდა, მათაც დაინახონ, რომ ადამიანს შეუძლია, ოჯახიც უყვარდეს, შვილებზეც ზრუნავდეს და ამავდროულად საკუთარი ოცნებებისთვისაც იბრძოდეს.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, ახლა ჩემი მთავარი მიზანია, „ჯადოსნური ბუმბული“ განვავითარო, ზღაპრები უფრო მეტ ადამიანს გავაცნო და ჩემი შემოქმედება სტაბილურ საქმიანობად ვაქციო.

მე არ ვცდილობ, იდეალური დედის ან იდეალური ქალის როლი მოვირგო. უბრალოდ მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც შვილებსაც ზრდის, საკუთარ თავზეც მუშაობს და იმ იდეებსაც აძლევს შანსს, რომლებიც გულით უნდა, რომ რეალობად აქციოს.

ეწვიეთ ლილის საიტს: ჯადოსნური ბუმბული
ესაუბრა სალომე გორგოშიძე

რას ვგრძნობთ დედები, როდესაც ბავშვი ავადმყოფობს – კიდევ რას დამავალებთ? 

დაიჭირე წამი და იგრძენი ბედნიერება