2-3 წლის ასაკში ბევრი მშობელი პირველად აწყდება ბავშვის ძლიერ პროტესტს, ტანტრუმებსა და მუდმივ „არა“-ს. ხშირად ჩნდება განცდა, თითქოს ბავშვი უცებ შეიცვალა — გახდა უფრო ჯიუტი, ემოციური და რთულად სამართავი. თუმცა სინამდვილეში, ამ ასაკში ბავშვის ტვინსა და ემოციურ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. რას ნიშნავს ტანტრუმი? რატომ უჭირს ბავშვს საზღვრების მიღება? და როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა ისე, რომ ბავშვმა თანდათან ემოციების მართვა ისწავლოს? ამ თემებზე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე გვესაუბრება.
ბავშვი 2-3 წლის ასაკში: რატომ ამბობს „არა“, რატომ იწყება ტანტრუმი და რას გვეუბნება ქცევა?
მშობლებისგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფრაზაა: „არ ვიცი რა მოხდა… თითქოს უცებ შეიცვალა. ყველაფერზე ამბობს “არა’-ს, ბრაზდება, ტირის, უნდა, თვითონ გადაწყვიტოს.“ ხშირად სწორედ 2-3 წლის ასაკში ჩნდება განცდა, რომ ბავშვთან კომუნიკაცია რთულდება, უფრო ჯიუტი ხდება ან თითქოს განზრახ ეწინააღმდეგება უფროსს. თუმცა სანამ ქცევებს შევაფასებთ, აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ: რა ხდება ამ ასაკში ბავშვის ტვინსა და ემოციურ განვითარებაში?

2-3 წელი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პერიოდია. ბავშვი იწყებს საკუთარი თავის განცალკევებულ პიროვნებად აღქმას და ჩნდება ძლიერი მოთხოვნილება: „მე თვითონ.“ ეს ავტონომიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამავე დროს, ტვინის ის სისტემები, რომლებიც ემოციების რეგულაციას, ლოდინს, იმედგაცრუების ატანასა და იმპულსების შეკავებას უკავშირდება, ჯერ განვითარების პროცესშია. ამიტომ ბავშვს ძალიან უნდა რაღაც, მაგრამ ჯერ არ იცის რა გააკეთოს მაშინ, როცა ვერ იღებს იმას, რაც სურს. სახელს ვერ არქმევს მის ემოციებს, სიტყვებით ვერ გამოხატავს სასურველს, სურს მისით გააკეთოს ყველაფერი, მისით გადაწყვიტოს, სწრაფად დაკმაყოფილდეს მისი სურვილი, ხდება წინააღმდეგობა ძლიერ სურვილსა და ჯერ კიდევ მოუმწიფებელ თვითრეგულაციას შორის, ეს წინააღმდეგობა ვლინდება ტანტრუმების, პროტესტისა და ძლიერი ემოციური რეაქციების სახით. ამიტომ 2-3 წლის ბავშვის ქცევის გაგებისთვის მნიშვნელოვანია – ქცევა განვიხილოთ, როგორც კომუნიკაციის ფორმა.
რატომ იწყება ტანტრუმები და რას გვეუბნება ბავშვის ქცევა?
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ტანტრუმები 2-3 წლის ასაკში განვითარების ნორმალური ნაწილია და ხშირად პიკს სწორედ ამ პერიოდში აღწევს. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი მანიპულირებს ან ცუდად იქცევა. ხშირად ტანტრუმი იმის ნიშანია, რომ ბავშვის ემოციური გამოცდილება მის თვითრეგულაციის შესაძლებლობებს აღემატება. წარმოიდგინეთ, სტუმრად ხართ და ბავშვს სხვისი სათამაშო ძალიან მოეწონა. უნდა ამ სათამაშოს სახლში წაღება, თქვენ კი ეუბნებით: “ეს სათამაშო შენი არ არის, აქ რჩება.” ბავშვი იწყება ტირილს, ყვირილს, ხელს გირტყამთ ან ძირს წვება. ზრდასრულისთვის ეს ქცევა, შეიძლება მხოლოდ სათამაშოზე რეაქცია იყოს, მაგრამ ბავშვის შინაგანი მდგომარეობა შეიძლება ამას გვეუბნებოდეს:
„ძალიან მინდოდა, ვერ მივიღე, ვერ ვიტან ამ იმედგაცრუებას, ვერ ვმართავ ჩემს ემოციას.“ ტანტრუმი ამ ასაკში ხშირად არ არის სასურველის მიღების მცდელობა. უფრო ხშირად იმის სიგნალია, რომ ვერ არეგულირებს დამოუკიდებლად ემოციებს.

როგორ ვიმოქმედოთ ტანტრუმის დროს?
ალბათ, ყველაზე რთული სწორედ ეს მომენტია, ბავშვი ტირის, ყვირის, თქვენ დაღლილი ხართ, ან შიში გიპყრობთ, გერიდებათ გარშემომყოფების, დაბნეული ხართ და პირველი სურვილი შეიძლება იყოს სიტუაციის სწრაფად დასრულება. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ დროს დაფიქრდეთ: მე ახლა რა მდგომარეობაში ვარ? მე თავს როგორ ვგრძნობ, როგორც ზრდასრული? რადგან პატარა ბავშვები ხშირად ჩვენს სიტყვებზე ადრე ჩვენს მდგომარეობას კითხულობენ, გრძნობენ, ჩვენ რას ვგრძნობთ. თუ ზრდასრული დაძაბულია, თავადაც ეშინია და ამ დროს ბავშვს ეუბნება: “დამშვიდდი“, ბავშვისთვის ეს სიტყვები რთულად აღსაქმელია, ტვინი საპირისპიროდ რეაგირებს ამ სიტყვაზე.
თანამედროვე ხედვები ემოციურ განვითარებაზე სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს თანარეგულაციის იდეაზე, რომ ბავშვი თავდაპირველად საკუთარი თავის კი არა, ზრდასრულის დახმარებით სწავლობს ემოციების მართვას. სანამ ბავშვი ისწავლის საკუთარი თავის დამშვიდებას, მან ბევრჯერ უნდა დაინახოს და იგრძნოს, რომ მის გვერდით მყოფი ზრდასრული არის მშვიდად როცა ის ღელავს, მის გვერდით მყოფი უფროსი თავად ახერხებს ემოციის რეგულაციას. ამიტომ ტანტრუმის დროს ძალიან სასარგებლოა:

მაგალითად:
“ძალიან მოგეწონა ეს სათამაშო და გეწყინა, რომ სახლში ვერ მიგაქვს.” ემოციის მხოლოდ დასახელება საკმარისი არ არის. ბავშვმა უნდა ისწავლოს, „რას ვგრძნობ?, რატომ ვგრძნობ?“.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციებისა და ბრაზის უსაფრთხო გამოხატვაში?
ბრაზი ამ ასაკში პრობლემა არ არის, ბრაზი ბუნებრივი ემოციაა. სირთულე მაშინ იკვეთება, როცა ბავშვმა არ იცის, რა გააკეთოს ამ ძლიერ ემოციასთან მარტომ? როგორ მართოს ან როგორ გამოხატოს? წარმოიდგინეთ, რომ ბავშვს კუბიკების კოშკი დაენგრა, რომელსაც დიდხანს აშენებდა და ბავშვი ბრაზდება, იწყებს სათამაშოების სროლას. სასარგებლოა ამდროს თუ ეტყვით: “როგორ, გაბრაზდი… ამდენ ხანს აშენებდი და დაგეშალა.” აქ ისევ ხდება ემოციის დაკავშირება მიზეზთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ალტერნატივების შეთავაზება. მაგალითად; შეგიძლია თავიდან სცადო, გინდა დაგეხმარო? …
როგორ ვასწავლოთ ემოციების სიტყვიერად გამოხატვა?
ემოციების სიტყვიერად გამოხატვის სწავლება არ იწყება მაშინ, როცა ბავშვი ტანტრუმს მართავს, არამედ ყოველდღიურ ურთიერთობებში, როდესაც ზრდასრული მის განცდებს ახმოვანებს. თუმცა მხოლოდ ემოციის დასახელება „გეწყინა“ ან „გაბრაზდი“ საკმარისი არ არის; მნიშვნელოვანია ემოციის კონტექსტთან დაკავშირება: „გეწყინა, რადგან პარკში ვერ მივდივართ“, „შეგეშინდა, რადგან ჭექა-ქუხილის ხმა იყო“, „გაგიხარდა, რადგან მამა მოვიდა“. ასე ბავშვი თანდათან სწავლობს კავშირს: რას ვგრძნობ და რატომ ვგრძნობს- რაც ემოციური ცნობიერების საფუძველია. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლის მაგალითსაც, რადგან ბავშვები ემოციებზე საუბარს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით კი არა, ზრდასრულისგან სწავლობენ, როდესაც მშობელი ბუნებრივად ამბობს: „დღეს ვღელავ“, „მეწყინა“ ან „გავბრაზდი, რადგან…(უკავშირებს შინაარსს)“, ბავშვი ხედავს, რომ ემოციები ნორმალურია, მათზე საუბარი შესაძლებელია და ისინი ურთიერთობას არ აფუჭებს. სწორედ ამიტომ ემოციური რეგულაციის საფუძველი თანდათან სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯით შენდება: ჯერ ბავშვი სწავლობს, რას გრძნობს, შემდეგ რატომ გრძნობს და ბოლოს რა შემიძლია გავაკეთო ახლა, როცა ასე ვგრძნობ. სწორედ აქ იწყება რეგულაციის სტრატეგიების სწავლება, მაგ; ღრმა სუნთქვა თამაშის ფორმით („მოდი ყვავილი დავყნოსოთ და სანთელი ჩავაქროთ“), რბილ სათამაშოზე ჩახუტება, გასეირნება, მშვიდ სივრცეში განმარტოება ან ზრდასრულთან ფიზიკური სიახლოვე. დროთა განმავლობაში ბავშვი სწავლობს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯაჭვს: რას ვგრძნობ – რატომ ვგრძნობ – როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს, რაც ემოციური რეგულაციის საფუძვლად ყალიბდება.
რატომ უჭირს 2-3 წლის ბავშვს საზღვრებისა და „არა“-ს მიღება და როგორ დავეხმაროთ ძლიერი ემოციებისა და აგრესიული რეაქციების დროს?
გამომდინარე იქიდან, რომ 2-3 წლის ასაკში ბავშვი განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადის იწყებს საკუთარი თავის განცალკევებულ პიროვნებად აღქმას და ძლიერდება ავტონომიის განცდა. სწორედ ამიტომ ამ ასაკში ხშირად გვესმის: „მე თვითონ“, „არ მინდა“, „არა“. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ასაკში „არა“ ყოველთვის უარს ან დაუმორჩილებლობას არ ნიშნავს. ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ „არა“-ს ამბობს გააზრების გარეშეც, რადგან მისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს: „მე თვითონ მინდა გადავწყვიტო.“ ამიტომ, როდესაც ვეკითხებით: „გინდა ვაშლი?“ და პასუხია „არა“, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ვაშლი არ უნდა. ხშირად უფრო ეფექტურია არჩევანის შეთავაზება: „ვაშლი გინდა თუ ბანანი?“ ამ დროს ბავშვი კვლავ გრძნობს, რომ არჩევანის უფლება აქვს, მაგრამ არჩევანი უკვე ზრდასრულის მიერ შექმნილი უსაფრთხო საზღვრების შიგნით ხდება. სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება ბავშვს ისწავლოს, რომ სამყაროში არსებობს როგორც საკუთარი სურვილები, ისე საზღვრებიც.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საზღვრები ბავშვისთვის შეზღუდვა კი არა, უსაფრთხოების განცდის საფუძველია. თუმცა საზღვრებსა და მუდმივ აკრძალვებს შორის განსხვავებაა. თუ ბავშვის ყოველდღიურობა მხოლოდ „არ ქნა“, „არ შეეხო“, „არა“ ტიპის შეტყობინებებით არის სავსე, ხშირად იზრდება წინააღმდეგობა. ამიტომ სასარგებლოა არა მხოლოდ იმის თქმა, რა არ შეიძლება, არამედ იმის ჩვენებაც, რა შეიძლება: „მაგიდაზე არ ავდივართ, მაგრამ შეგიძლია აქ ახვიდე“ ან „ეს ნივთი არ არის სათამაშო, მოდი სხვა ვიპოვოთ. თუ ბავშვს ეუბნებით მხოლოდ “არა”, “არა შეიძლება”, თუმცა იმას აღარ ეუბნებით აბა რა შეიძლება, ის ვერ სწავლობს და ხელს ვუშლით განვითარებაში. ბავშვმა ისწავლა მაკრატელის გამოყენება, უხარია როცა ჭრის. შეძვრა ფარგის უკან და ფარდა გაჭრა. ამ დროს მხოლოდ აკრძალვა ან მაკრატლის ჩამორთმევა შესაძლოა ზღუდავდეს სწავლის შესაძლებლობას, თუ ბავშვს ალტერნატიულ უსაფრთხო გამოცდილებას არ ვთავაზობთ, მაგ; სხვადასხვა მასალა (ნაჭრები, ქაღალდები, პატარა უსაფრთხო მაკრატელი) გამოჭრას და განავითაროს ნატიფი მოტორული უნარები.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი აგრესიულად იქცევა?
აგრესიული ქცევა – დარტყმა, კბენა, ჩქმეტა ან ნივთების სროლა 2-3 წლის ასაკში არ ნიშნავს, რომ ბავშვი აგრესიულია. უფრო ხშირად ეს არის სიგნალი, რომ ბავშვი ჯერ ვერ ახერხებს ძლიერი ემოციების რეგულაციას და ფიზიკური ქცევით გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ ამბობს. ემოციის დასახელება, შინაარსთან დაკავშირება და რეგულაციის სტრატეგიების სწავლება დროთა განმავლობაში მიუღებელი ქცევების პრევენციასაც უწყობს ხელს. თუმცა ეს სწრაფი პროცესი არ არის, მას სჭირდება:
- დრო
- მოთმინება
- სისტემატიურობა
- თანმიმდევრული რეაგირება.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია მკაფიო საზღვარი: თუ ბავშვი გვარტყამს, ვიხრებით მის სიმაღლეზე, საჭიროების შემთხვევაში მსუბუქად ვაჩერებთ ხელს და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ვამბობთ: „ვერ მოგცემ დარტყმის უფლებას, მტკივნეულია.“ აქ მთავარი გზავნილია – ქცევა მიუღებელია, ბავშვი კი არა. ამის შემდეგ ვუბრუნდებით ემოციას: „ძალიან გაბრაზდი, რადგან…“ და ვეხმარებით მის განცდას შინაარსი მიეცეს, შემდეგ კი ვთავაზობთ რეგულაციის გზებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ბავშვი მარტო არ დავტოვოთ ძლიერი ემოციის წინაშე. მისი ემოციის მიღება და მხარდაჭერა არ ნიშნავს საზღვრის შეცვლას ან სურვილის სწრაფად შესრულებას.
მხარდაჭერა ნიშნავს: ვრჩები შენთან, როცა რთულია, გეხმარები გაუმკლავდე იმას, რასაც ახლა გრძნობ და თან ვინარჩუნებ უსაფრთხო საზღვარს. სწორედ ასეთი განმეორებითი გამოცდილებები ხდება ემოციური რეგულაციის საფუძველი. ამ დროს თქვენი სიმშვიდე წამყვანია, თქვენ ხართ ბავშვის ემოციების რეგულატორი, თქვენი გავლით მშვიდდება ის.
2-3 წლის ასაკში ბავშვის ქცევის შეცვლა კი არა, იმის გახსენებაა, რომ მისი ტირილის, ბრაზის, პროტესტისა და „არა“-ს უკან დგას პატარა ადამიანი, რომელიც პირველად სწავლობს იმედგაცრუებას, საზღვრებსა და საკუთარ ძლიერ ემოციებთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში ბავშვს სრულყოფილი მშობელი კი არა, ემოციების მიმართ ყურადღებიანი, თანმიმდევრული და საკმარისად უსაფრთხო ზრდასრული სჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:





