ჩვენი გზა აუტიზმის სამყაროში დაიწყო მრავალი წლის წინ და მას შემდეგ ვცდილობ არა მარტო ჩემს შვილს დავეხმარო, არამედ სხვა მშობლებსაც. სწორედ ამიტომ შევქმენი ჩემი გვერდი და ჯგუფი, რათა ჩემი გამოცდილება, ცოდნა და სხვადასხვა აღმოჩენა სხვებს გავუზიარო, ასევე სითბოთი და მხარდაჭერით დავეხმარო მათ, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს.
როდის გაიგეთ თქვენი შვილის აუტიზმის დიაგნოზი და როგორც დედა, რა სიმპტომებს ამჩნევდით?
– გელას დიაგნოზი გავიგეთ, როცა ერთი წლისა და რვა თვის იყო. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი ნიშნები: ბავშვმა მოულოდნელად დაივიწყა საყვარელი სათამაშოები, შეწყვიტა ურთიერთობა ოჯახთან – მამასთან, დედასთან და დანარჩენ წევრებთან – და თავის პატარა სამყაროში ჩაიკეტა.
რა გეხმარებოდათ მაშინ ინფორმაციის მოძიებაში – ექიმები, წიგნები, სხვა მშობლები თუ ინტერნეტი? როგორ დაგიგროვდათ ამდენი ინფორმაცია აუტიზმზე და რა წყაროებს ენდობით ყველაზე მეტად?
– 12 წლის წინ ინფორმაცია აუტიზმის შესახებ ძალიან ცოტა იყო და ყველაფერი ძალიან რთულად მიდიოდა. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვემადლიერები, რომ პირველი დღიდანვე აქტიურად დავიწყე მოქმედება: პირველ რიგში, ვეძებდი გამოცდილ მშობლებს უცხოეთში, რაც ჩემთვის უდიდესი დახმარება იყო. სწორედ მათი გამოცდილების საფუძველზე მივაგენი იმ ექიმებს, რომლებიც დღემდე ეხმარებიან ჩემს შვილს.
როგორია თქვენი დღის რუტინა?
– ეს ყველაზე რთული კითხვაა, რადგან ჩემს ყოველდღიურ რუტინას მოკლედ ვერ გადმოვცემ… ვისაც ექნება სურვილი, გვადევნოს თვალი თუ როგორ ვცხოვრობთ, ვაზიარებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას მშობლებისთვის. სოციალურ ქსელში ყველას ველოდები სიყვარულით!
რა აქტივობები მოსწონს ყველაზე მეტად და ვინ გეხმარებათ აქტივობების მოძიებასა და დაგეგმვაში?
– სამწუხაროდ, გელას დაინტერესება არც ისე მარტივია. ბევრი მეთოდი და თამაშით სწავლებაც ვცადეთ, მაგრამ ყველაზე უკეთ ჩემს შვილთან მუშაობს მოტივაცია და მისი თანდათანობითი გაფართოება. ასევე ვცდილობ, ხშირად შევცვალო საცხოვრებელი გარემო და სივრცე. მოგზაურობა და გადაადგილება ახალ ადგილებში ძალიან ეხმარება მას, რომ ადაპტირდეს და მშვიდად იგრძნოს თავი.
როგორ ცდილობთ მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას?
– ყველაზე მეტად მეხმარება ყოველდღიურ საქმეებში, ყოფით ცხოვრებაში ჩართვა. სახლის საქმეებში გელას აქტიურად ვრთავ და ეს საუკეთესო გზაა მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
როგორ ახერხებთ კომუნიკაციას – სიტყვიერად, ჟესტებით თუ სხვა მეთოდებით?
– სამწუხაროდ, ჩემი შვილი რუსულენოვანია და კომუნიკაციაში ყველაზე დიდი ბარიერი სწორედ ენის სხვაობაა. ლოგოპედიურ სკოლაში დავდივართ და ვცდილობ, რომ ყველგან ჩავრთო, სადაც რუსულენოვანი ბავშვები არიან.
რა ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში თამაშებს, სპორტს, ხელოვნებას ან მუსიკას?
– სპორტი და მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. ჩემი შვილი თავიდანვე ითვლებოდა არავერბალურად, თუმცა სწორედ მუსიკის საშუალებით შევძელი მისთვის მეტყველების ჩამოყალიბება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მსხვილი მოტორიკის განვითარებას, რაც ყველაზე მეტად გვეხმარებოდა.
როგორია მისი გამოცდილება ბაღში/სკოლაში და რა მხარდაჭერა იქცა ყველაზე მნიშვნელოვანად?
– სკოლაში გამოცდილება საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად კვალიფიციური სპეციალისტებისა, ხშირად არ იციან, როგორ იმუშაონ განსაკუთრებულ ბავშვებთან. რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ ამოვიღე სკოლა და გადავედით შინაურ სწავლებაზე — დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
რა როლი აქვს თანატოლებთან ურთიერთობას ბავშვის განვითარებაში?
– ჩემი აზრით, საუკეთესო „თერაპია“ სწორედ ადამიანებთან კომუნიკაციაა. თანატოლებთან ურთიერთობა უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.
რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ სივრცეებში სიარულს – მაგალითად, მაღაზიაში, პარკში, სტუმრად? გელუკა ამას უკვე დამოუკიდებლადაც ახერხებს, როგორ მიაღწიეთ ამ ყველაფერს?
– არ შეიძლება ბავშვის ძალადობრივად მიყვანა საზოგადოებრივ სივრცეებში. მე პირადად ველოდი 12 წლამდე და მხოლოდ ახლა ვიწყებ მუშაობას ამ მიმართულებით. მთავარია დავაკვირდეთ და მოვუსმინოთ ჩვენს შვილს.
რა პატარა ხრიკებს იყენებთ, რომ რთულ სიტუაციებში ბავშვი დამშვიდდეს?
– ყველაზე მეტად დამეხმარა წახალისება. ჩანთაში ყოველთვის მქონდა რაღაც ახალი და არასასურველი ქცევის დროს ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა სასიამოვნო რამეზე.
რას გვეტყვით თერაპიებზე ან სხვა დამხმარე საშუალებებზე? რამდენად ეფექტურია მხოლოდ თერაპიები?
– სამწუხაროდ, მხოლოდ თერაპია ვერ ეხმარება. საჭიროა ბავშვის მხარდაჭერა ყველა მხრივ: თბილი გარემო სახლში, ორგანიზმის გაძლიერება ჯანსაღი საკვებით, ფიზიკური აქტივობა და სხვადასხვა მეთოდის შერწყმა.
რას ურჩევდით მშობლებს, ვინც თავს მარტო გრძნობს ამ გზაზე?
– პირველ რიგში, მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები. შეუქმენით სითბო და სიმშვიდე საკუთარ თავს, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ განვითარებას და იყავით გამოცდილ მშობლებთან ერთად. და რაც მთავარია — არასოდეს დაკარგოთ რწმენა და იმედი.
რის გაუმჯობესებას ისურვებდით საქართველოში – სკოლებში, ჯანდაცვაში, საზოგადოებრივ სივრცეებში?
– პირველ რიგში, ყველა მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უფასო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ოჯახებს უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის ცენტრებში მისვლის საშუალება.
რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიზანი, როგორც დედის?
– დღეს ვხედავ, რომ ჩემი შვილი ჭკვიანი, კეთილი და მონდომებულია. ჩემთვის მთავარი მიზანი არაა კონკრეტული შედეგი, არამედ ყოველდღე მასთან ერთად განვითარება და მადლიერება ღმერთის მიმართ.
რას ეტყოდით ყველა მშობელს, რომელიც ახლა იწყებს ამ გზას?
– ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა დედას, ვინც ზრდის განსაკუთრებულ ბავშვებს. გჯეროდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ. თქვენ მარტო არ ხართ. გულწრფელად გეხუტებით ყველას.