არჩილ მარშანიას პირველადი დახმარების ცენტრი გვიზიარებს რეკომენდაციებს, როგორ მოვიქცეთ თუ კრაზანამ გვიკბინა.
სამედიცინო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან სიფრიფანაფრთიანთა (Hymenoptera) რიგს მიეკუთვნება:
Apidae ოჯახი – თაფლის ფუტკრები და ”ბამბლ” ფუტკრები (bumble bees).
Vespidae ოჯახი – ყვითელი კრაზანები (yellowjackets, yellow hornets), თეთრშუბლა ბზიკები (white-faced hornets) და ”ქაღალდის” ბზიკები (paper wasps).
ზემოხსენებული მწერები, როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ. მათი კბენა მტკივნეულია და პაციენტი მაშინვე აცნობიერებს, რომ დაკბენილია, მიუხედავად იმისა, რომ თავად მწერი შესაძლოა იმ მომენტში ვერ დაინახოს.
მწერისა და ნესტრის მოცილება:
ფუტკრებს (და ზოგჯერ ყვითელ კრაზანებსაც) აქვთ ეკალსახსრიანი ნესტარი, რომელიც კბენის შემდეგ მწერის სხეულიდან მოწყვეტისას, შხამის ტომარასთან (venom sac) ერთად კანში რჩება.
შხამი პირველივე წამებში გამოიყოფა; ამიტომ, თუ მწერი ან ნესტარი დაუყოვნებლივ მოშორდება, შეყვანილი შხამის რაოდენობა შესაძლოა შედარებით მცირე იყოს.
თუმცა, თუ კბენიდან რამდენიმე წუთია გასული, ნესტრის მყისიერი მოცილება კრიტიკული აღარ არის, რადგან შხამი უკვე სრულად იქნება გამოყოფილი.
მიუხედავად ამისა, დარჩენილი ნესტარი მაინც უნდა ამოვიღოთ, ვინაიდან ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს რეაქცია უცხო სხეულზე (ანთებითი პროცესის განვითარება მის გარშემო).
რეაქციის ტიპები დაკბენის შემდეგ:
ნაკბენზე შეიძლება განვითარდეს როგორც ლოკალური, ასევე სისტემური რეაქცია.
ლოკალური რეაქციები:
ლოკალური რეაქციები მოიცავს მხოლოდ იმ ქსოვილებს, რომლებიც უშუალოდ ნაკბენის მიდამოშია. ისინი, უმეტესად, მსუბუქი და ხანმოკლეა, თუმცა, ზოგიერთ პაციენტში ვითარდება დიდი ლოკალური რეაქცია (LLR) ან, იშვიათად – მეორადი ბაქტერიული ინფექცია.
მსგავსი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს დაუყოვნებლივ ან დაგვიანებითაც.
გაურთულებელი ლოკალური რეაქციები:
ყველაზე ხშირად, ნაკბენის შემდეგ, ვითარდება გაურთულებელი ლოკალური რეაქციები.
ადგილობრივად აღინიშნება სიწითლე და მტკივნეული შეშუპება (1–5 სმ დიამეტრით), რომელიც ვითარდება რამდენიმე წუთში და ქრება რამდენიმე საათში. ზოგჯერ შეშუპება გრძელდება 1–2 დღე.
მკურნალობისთვის საკმარისია:
- ნაკბენის საპნით ჩამობანა;
- ცივი კომპრესები (დღეში რამდენჯერმე, 15–20 წუთის განმავლობაში);
- ანტიჰისტამინური პრეპარატი (თუმცა, უმეტესწილად ამის საჭიროება არ დგება).
დიდი ლოკალური რეაქციები (LLR):
იშვიათად – ნაკბენების დაახლოებით 10%-ში – ვითარდება მკვეთრი სიწითლე და შეშუპება, რომელიც ნელ-ნელა იზრდება 1–2 დღის განმავლობაში.
ზრდა პიკს აღწევს 24–48 საათში და ქრება 5–10 დღეში.
შეშუპებული უბანი, ჩვეულებრივ, დაახლოებით 10 სმ დიამეტრია. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმს, ვინაიდან შეშუპება მათთვის ზედმეტად დიდია და შესაძლოა, წითელი ანთებითი ხაზების არსებობა შეცდომით ანაფილაქსიად მიიჩნიონ.
დიდი ლოკალური რეაქციების მკურნალობა, სიმპტომურია:
ტკივილი – დაზიანებული კიდურის აწევა და ცივი კომპრესები ამსუბუქებს მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება არარეცეპტული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ.)
ქავილი – ძირითადად საკმარისია ცივი კომპრესები და არარეცეპტული ანტიჰისტამინები (ალერგიის წამლები).
თუ ქავილი იწყება დაკბენიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ, ის, როგორც წესი, სხვა მექანიზმითაა გამოწვეული და შესაძლოა, ანტიჰისტამინებზე რეაგირება არ ქონდეს, ამიტომ, ასეთ დროს გამოიყენება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, მალამოს სახით (მაგ., ჰიდროკორტიზონის 0.1%-იანი მალამო).
სისტემური რეაქციის რისკი LLR-ის შემდეგ:
პაციენტებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ LLR, განმეორებით დაკბენისას უმეტესად იგივე ტიპის რეაქცია უვითარდებათ. მსუბუქი სისტემური ალერგიული რეაქციის რისკი შეადგენს დაახლოებით 7%-ს (დიაპაზონი 4–10%).
ხოლო საშუალო სიმძიმის ან მძიმე ანაფილაქსიის რისკი 3%-ზე ნაკლებია.
სისტემური ალერგიული რეაქციები / ანაფილაქსია
დაკბენის ყველაზე საშიში გართულება არის სისტემური ალერგიული რეაქცია — ანაფილაქსია. ანაფილაქსია არ არის იგივე დიაგნოზი, რაც ”ალერგიული რეაქცია”, ეს არის სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც სწრაფად იწყება, მოიცავს ორ და მეტ ორგანოთა სისტემას და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, თუმცა, სტატისტიკურად იშვიათია.
ანაფილაქსიის დროს ჩნდება სხვადასხვა სიმპტომები:
- კანი – გენერალიზებული ურტიკარია, სიწითლე, შეშუპება.
- სასუნთქი სისტემა – ხმის ჩახლეჩა ან ზედა სასუნთქი გზების დახშობა, ქოშინი, ხიხინი ბრონქოსპაზმის შედეგად.
- გულსისხლძარღვთა სისტემა – თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, შოკი.
სტატისტიკა:
- ანაფილაქსია აღირიცხება ნაკბენების 0.3–3% შემთხვევებში.
- ალერგია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მოზრდილებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ფატალური შემთხვევების უმეტესობა სწორედ მათში ფიქსირდება.
ანაფილაქსიის მკურნალობა:
- პირველი არჩევის პრეპარატი არის ეპინეფრინის კუნთშიდა ინექცია ბარძაყზე.
- მას არ აქვს ალტერნატივა და ანაფილაქსიის მკურნალობაში არ არსებობს მისი შემცვლელი მედიკამენტი.
- დექსამეტაზონი არ არის ეფექტური ანაფილაქსიის მკურნალობაში, ბევრი მიზეზის გამო და შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი რეკომენდაცია თუ სამედიცინო ლიტერატურა, სადაც ანაფილაქსიის მკურნალობაში დექსამეტაზონია შეტანილი, მითუმეტეს ამპულის გატეხვით და მისი დალევით.
- სისტემურ რეაქციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სიმძიმის მიუხედავად (არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქია ეს სისტემური რეაქცია თუ მძიმე), პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს კლინიკაში და გაიაროს კონსულტაცია ალერგოლოგთან/იმუნოლოგთან.
- საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციები იშვიათია: წლიურად შეიძლება დაფიქსირდეს დაახლოებით 70 შემთხვევა (სხვადასხვა მიზეზით, არა მხოლოდ მწერის ნაკბენით). მათი უმრავლესობა სიკვდილის გარეშე სრულდება (99%), ხოლო წლიური სიკვდილიანობა საშუალოდ 1 შემთხვევას შეადგენს.
ყოველწლიური შედარებითი მონაცემები საქართველოში:
- გულის გაჩერების ≥500 შემთხვევა;
- 5000-ზე მეტი ავტოსაგზაო და ზოგადი ტრავმა;
- 400-ზე მეტი ავტოსაგზაო გარდაცვალება.
უნდა გვედოს თუ არა, ზოგადად, ადრენალინის ავტოინჯექტორი, ან ანდრენალინის ამპულა, ყოველდღიურად ჩანთაში?
მოკლე პასუხია – არა.
მისი შეძენა და ტარება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური რისკი მაღალია და ეს ალერგოლოგის მიერ არის შეფასებული. ასეთ დროს, პაციენტს ეძლევა ინსტრუქცია დოზირებისა და გამოყენების შესახებ. სტატისტიკიდან გამომდინარე, პირველადი დახმარების ჩანთაში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ტარება ზოგადი მოსახლეობისთვის არ არის რეკომენდებული.
რა არის ზოგადად რეკომენდებული:
ტრავმების მართვისთვის, გულ-ფილტვის რეანიმაციისა და სისხლდენის შეჩერებისთვის მზაობა გაცილებით მნიშვნელოვანია. განვითარებულ ქვეყნებში პირველადი დახმარების ცოდნა და ტრენინგების რეგულარული გავლა უსაფრთხოების კულტურის განუყოფელი ნაწილია.