მთავარი » ლაქტაცია » ძუძუთი კვება » შეიცავს თუ არა დედის რძე საკმარისი რაოდენობით რკინასა და D ვიტამინს?

შეიცავს თუ არა დედის რძე საკმარისი რაოდენობით რკინასა და D ვიტამინს?

რკინა და D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. რომ დავრწმუნდეთ მათ მნიშვნელობაში, თავდაპირველად გავეცნოთ მათ ფუნქციებს ორგანიზმში.

რკინა ჰემოგლობინის აუცილებელი კომპონენტია. ჰემოგლობინი ჟანგბადის ორგანიზმის ყველა უჯრედამდე ტრასპორტირებას უზრუნველყოფს. რკინა ასევე აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის.
D ვიტამინი საჭიროა ძვალ-სახსროვანი სისტემის განსავითარებლად და რაქიტის პრევენციისთვის. რაქიტი არის დაავადება, რომლის დროსაც ბავშვებს სუსტი ძვლოვანი სისტემა აქვთ და ძვალ-სახსროვანი დეფორმაციები უვითარდებათ. D ვიტამინ დეფიციტური რაქიტის განვითარება ძუძუთი კვების დროს იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია, თუ ჩვილი D ვიტამინს დამატებით დოზას საკვებით, კვებითი დანამატებით ან მზესთან კონტაქტით არ იღებს.

იღებს თუ არა ახალშობილი D ვიტამინის საკმარის რაოდენობას დედის რძიდან?
სამწუხაროდ, მხოლოდ დედის რძით კვებისას პატარა D ვიტამინის ადეკვატურ დოზას ვერ იღებს. დაბადებიდან მალევე ახალშობილებს D ვიტამინის დამატებითი დოზის მიცემა სჭირდებათ.
D ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია შემდეგ რეკომენდაციას გასცემს: ექსკლუზიურად ან ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს უნდა მივცეთ დღეში 400 საერთაშორისო ერთეულის დოზის D ვიტამინი, დაბადების პირველივე დღეებიდან.
როდესაც ბავშვი მყარ საკვებზე გადავა, მშობლებს შეუძლიათ, D ვიტამინით მდიდარი საკვების სწორი შერჩევით მიაწოდონ მას ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა.

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი D ვიტამინის ნაკლებობის განვითარებას ჩვილებში?
D ვიტამინის ნაკლებობის რისკი იზრდება მზესთან კონტაქტის ან საკვებში მისი ნაკლებობის დროს. მზესთან კონტაქტის შემცირება მართალია კანის კიბოს პრევენციას უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე D ვიტამინის მარაგის შევსებას უშლის ხელს.
მზისგან D ვიტამინის მიღებას ხელ უშლის:
• მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში
• ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე
• მკვრივი ღრუბლის საფარი
• მზისგან დამცავი კრემის გამოყენება
• მუქი ფერის კანი
ამიტომ, მზიან ამინდებში აუცილებლად უნდა გაიყვანოთ ბავშვი გარეთ და ხეების ჩრდილში, ფოთლებს შორის გამოჭვრეტილი მზის სხივები საუკეთესოა მისთვის. მთავარია, რაციონალურ დროებში გააკეთოთ ეს – დილიდან 12 საათამდე (ზაფხულში – 11 საათამდე) და საღამოს 5-ის მერე (ზაფხულში – 6-ის მერე).

იღებენ ჩვილები საკმარის რკინას დედის რძისგან?
ახალშობილი რკინის მარაგით იბადება, რომელიც 4 თვის განმავლობაში სრულიად ჰყოფნის. სამწუხაროდ, დედის რძე ძალიან მცირე რაოდენობის რკინას შეიცავს. ამიტომ რეკომენდებულია, ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები ყოველდღიურად 1 კგ წონაზე 1 მგ ოდენობის რკინის დანამატს იღებდნენ. ამ დანამატის მიცემას 4 თვის ასაკიდან იწყებენ პედიატრები, საჭიროებიდან გამომდინარე.
თუ ჩვილი რკინით გამდიდრებულ ხელოვნურ საკვებს იღებს, მას დამატებით რკინის მიცემა არ სჭირდება.
როდესაც პატარა 6 თვის შესრულდება, მისი რკინის საჭიროება უკვე სრულებით შეიძლება შეივსოს რკინით მდიდარი მყარი საკვებით.

წყარო: 1. CDC.gov 2. CDC.gov

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან

ვიტამინები, კვებითი დანამატები და კვების რაციონი ორსულობის პერიოდში

დედის რძის ფერი

როგორ ვკვებოთ ძუძუთი პატარა, როდესაც აფეთქების ხმა ისმის

როგორ დავეხმაროთ ახალშობილს ამოქარვებაში?