თქვენ შეიძლება სიარულით დაიწყოთ, შემდეგ ჩაჯდომით გააგრძელოთ, როცა ჭინთვები დაიწყება, ან თავიდან გვერდზე იწვეთ, შემდეგ კი ხელებსა და მუხლებზე დადგებით, ან შეგიძლიათ სამშობიარო ბურთზე რწევით დაიწყოთ შეკუმშვების დროს და შემდეგ თქვენს პარტნიორს დაეყრდნოთ და წინ გადახრილმა გააგრძელოთ, როცა ბავშვის დაბადების დრო მოვა. ან შეიძლება ამ ყველა პოზის კომბინაცია სცადოთ. საბედნიეროდ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მშობიარობის დროს მრავალი პოზა შეგიძლიათ აირჩიოთ, რომლებიც არა მხოლოდ სამშობიარო ტკივილს შეგიმსუბუქებთ, არამედ მშობიარობის პროცესსაც დააჩქარებს.
საბედნიეროდ, სამშობიარო ბლოკში ქალებს აღარ აიძულებენ ზურგზე წოლას. ახალი მიდგომებით, მშობიარეს სთავაზობენ აირჩიოს მისთვის კომფორტული პოზები და შეცვალოს ისინი, როცა მოუნდება. და ამისთვის კარგი მიზეზიც არსებობს. ზურგზე წოლა ყველაზე ნაკლებად ეფექტური პოზაა მშობიარობისთვის. სინამდვილეში, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც გრავიტაციის ძალას იხმარს, მშობიარობის პროცესს აადვილებს და აჩქარებს.
დღესდღეობით დედებს ეპიდურული გაუტკივარების და ნაყოფის კარდიო-მონიტორინგის პირობებშიც კი შეუძლიათ აირჩიონ სასურველი მშობიარობის პოზები.
მშობიარობის პოზები:
• დგომა ან სიარული. ვერტიკალურ პოზიციაში ყოფნას ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია: ის მენჯის ღრუს გაშლაში და ბავშვის თავს სამშობიარო გზებზე დაშვებაში ეხმარება, რადგან იყენებს გრავიტაციის ძალას. სიარულის შესაძლებლობა, სავარაუდოდ, მშობიარობის ადრეულ ეტაპზე უფრო გექნებათ, ვიდრე მშობიარობის შემდეგ სტადიებში, როცა საშვილოსნოს შეკუმშვები გახშირდება და გაძლიერდება. თუმცა, ფეხზე დგომა მშობიარობის ნებისმიერ სტადიაში შეგიძლიათ აირჩიოთ. კედელზე ან პარტნიორზე მიყრდნობა საუკეთესო არჩევანია, რადგან დამოუკიდებლად დგომა შეიძლება გაგიჭირდეთ. ასევე, ბავშვის დაბადების მომენტში შეიძლება დგომა სხვისი დახმარებითაც ვერ შეძლოთ და ჩაჯდომა არჩიოთ.
• რწევა. რწევა სკამზე ან საწოლზე ამოძრავებს მენჯს და ხელ უწყობს ნაყოფს ქვევით დაშვებაში. რაც უფრო ვერტიკალურ პოზიციაში იქნებით, მით უფრო დაგეხმარებათ გრავიტაციის ძალა.
• ჩაჯდომა. ამ პოზას, დიდი ალბათობით, მშობიარობის ბოლოს გამოიყენებთ, როცა უკვე ბავშვის დაბადების მომენტი დადგება. ჩაჯდომა აფართოებს სამშობიარო გზებს. შეგიძლიათ ჩაჯდომის დროს თქვენი პარტნიორი დაიხმაროთ, რათა დაეყრდნოთ მას, ან შეგიძლიათ საყრდენად საწოლის მოაჯირი გამოიყენოთ, რომელიც უმეტეს სამშობიარო საწოლებს აქვს. ასე ფეხები ნაკლებად დაგეღლებათ.
• ჯდომა. ჯდომა - საწოლზე ან სამშობიარო ბურთზე - ამცირებს ტკივილს და გრავიტაციის ძალას თქვენს სასარგებლოდ იყენებს. ჯდომის დროს ასევე ფართოვდება მენჯის შესავალი.
• წინ გადახრა ან მუხლებზე დადგომა. საწოლში ბალიშებზე ან ბურთზე გადაწოლა ამსუბუქებს წელის ტკივილს, რადგან ამცირებს ბავშვის თავის ზეწოლას თქვენს ხერხემალზე.
• ხელებსა და მუხლებზე დგომა. ოთხზე დგომა თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ, თუ წელის ტკივილი გაწუხებთ. ამ პოზაში შეგიძლიათ ამოძრაოთ მენჯის მიდამო ისე, როგორც თქვენთვის იქნება კომფორტული. ასევე თქვენს პარტნიორს შეუძლია ზურგის მასაჟი გაგიკეთოთ - ზურგზე განხორციელებული ზეწოლა ამ დროს შვებას მოგგვრით. ბევრი დედა ირჩევს, ბავშვი ამ პოზაში დაბადოს, რადგან მენჯის ღრუ საკმაოდ ფართოვდება და გრავიტაციის ძალა ეხმარება ბავშვს სამშობიარო გზების გამოვლაში.
• გვერდზე წოლა. გვერდზე წოლა უკეთესია, ვიდრე ზურგზე წოლა, რადგან ამ დროს არ ხდება დიდი კალიბრის ვენებზე ზეწოლა, რაც ბავშვს უმცირებს სისხლის მიდინებას. გვერდზე წოლა ოპტიმალურია, თუ ზედმეტად დაღლილი ხართ იმისთვის, რომ იჯდეთ. გვერდზე წოლისას პარტნიორს აქვს მასაჟის ჩატარების საშუალება. ეს პოზა ბავშვის დაბადების დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, განსაკუთრებით, თუ მშობიარობა ძალიან სწრაფად პროგრესირებს და პროცესის შენელებაა საჭირო. ასევე ამ პოზაში შეიძლება ტკივილიც შეგიმსუბუქდეთ.
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ერთი პოზა, რომელიც ყველასთვის ყველაზე კომფორტულია. თუმცა, არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც უპირატესობა გარკვეულ პოზებს ენიჭება:
• თუ გაწუხებთ წელის ტკივილი: წინ გადახრა, მუხლებზე დადგომა, ან ხელებსა და მუხლებზე დადგომა არის ყველა ოპტიმალური.
• თუ მიღებული გაქვთ ეპიდურული ანესთეზია: ვერ შეძლებთ სიარულს, მაგრამ მრავალი პოზა შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორებიცაა: ჯდომა, გვერდზე წოლა და ა.შ.
• თუ თქვენ გიტარდებათ მონიტორინგი: შეგიძლიათ სცადოთ რწევა, ჩაჯდომა, ჯდომა ან გვერდზე წოლა მაშინაც კი, თუ მუდმივად ამოწმებენ ნაყოფის გულისცემას ან საშვილოსნოს შეკუმშვებს.
• ბავშვის დაბადების დროს: ნახევრად მჯდომარე პოზიცია ყველაზე მისაღებია მშობიარობის მიმღები პირისთვის (მეანი, ბებია ქალი), თუმცა თქვენ შეიძლება არჩიოთ ჩაჯდომა, ან ხელებსა და მუხლებზე დადგომა.
მთელი მშობიარობის განმავლობაში ზურგზე წოლის შემთხვევაში ზეწოლას განიცდის მნიშვნელოვანი სისხლძარღვები, რამაც შეიძლება ნაყოფისთვის სისხლის მიწოდება შეამციროს.
თუ თქვენ გირჩევნიათ მშობიარობისას იწვეთ, შეგიძლიათ დაწვეთ გვერდზე ან ნახევრად მჯდომარე პოზიციაში, რაც ამ რისკს ამცირებს და თქვენც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.
მშობიარობის დროს ექიმმა შეიძლება გთხოვოთ შეიცვალოთ პოზა, თუ ის ბავშვის გულისცემაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მაგალითად, შეიძლება მოგიწიოთ ერთი გვერდიდან მეორეზე გადაწვეთ ან დადგეთ ოთხზე, რათა ჭიპლარზე ზეწოლა ნაკლებად მოხდეს.
მრავალი სამედიცინო კვლევის გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამართულ პოზიციაში ყოფნა - დგომა, სიარული, ჩაჯდომა ან ჯდომა - ამცირებს მშობიარობის პირველი სტადიის ხანგრძლივობას დაახლოებით 22 წუთით. ასევე, მშობიარობისას გამართულ პოზაში გარკვეული პერიოდის გატარების შემთხვევაში მცირდება საკეისრო კვეთის საჭიროების ალბათობა.
გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ და შეცვალოთ პოზები თქვენი სურვილის მიხედვით. მთავარია მოუსმინოთ საკუთარ სხეულს. იცოდეთ ყველა შესაძლო პოზის შესახებ, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ სანამ მშობიარობა არ დადგება, მანამ ვერ გაიგებთ, რომელი პოზებია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.
წყარო: whattoexpect.com