დოულა - ადამიანი, რომელიც ორსულებს და მშობიარეებს ეხმარება

22-07-2022

 „ჩემს ჩანთაში ყოველთვის არის მასაჟორი, კათეტერი და გირლანდებიც კი“ - დოულა საკუთარი პროფესიის შესახებ 

ორი შვილის დედა საუბრობს იმაზე, თუ როგორ იქცა საკუთარი დის მშობიარობა მოტივაციად მისთვის, გამხდარიყო დოულა. 

- ადრე ჩემს, ისევე, როგორც ნებისმიერი ქალბატონის ჩანთაში იპოვიდით გასაღებს, კოსმეტიკას, საღეჭ რეზინს, სველ ხელსახოცებს, ახლი კი აღმოაჩენთ კათეტერს, მასაჟორს, არომაზეთებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ელექტრო გირლანდასაც კი. ვიღაცას ეს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს, თუმცა ჩემთვის ძალიან საჭიროა, ჩემი მაშველი რგოლია.  

რას ნიშნავს დოულა?

სიტყვა დოულა რომ თარგმნოთ ძველბერძნულიდან, მონა ქალს ნიშნავს. ჩვენთან ეს პროფესია უცხოა, სამშობიაროში რომ მიჰყვეს მშობიარეს, გაუკვირდებათ და კარგად გამოიკითხავენ, რა უნდა საერთოდ მშობიარესთან. არადა, ასობით და ათასობით წლის წინაც ქალს მარტო არასდროს უმშობიარა. მშობიარეს ყოველთვის ჰყავდა გვერდით გამოცდილი ქალბატონი, რომელიც ამ ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პროცესში ეხმარებოდა. სწორედ ეს ქალბატონია დოულა. 

ბევრი მომავალი დედა მშობიარობაზე დასასწრებად პროფესიონალ ფოტოგრაფს ან ოპერატორს იწვევს, რათა მისი შვილის  ამქვეყნად მოვლინება ფოტოებზე აღბეჭდოს ან ვიდეო გადაუღოს, აი, დოულა კი სპეციალურად მომზადებული და განსწავლული სპეციალისტია, რომელიც მომავალ  დედას ემოციურ, მორალურ და ფიზიკურ (არა სამედიცინო) თანადგომას და დახმარებას გაუწევს მთელი ორსულობის განმავლობაში.

დოულა, ორსული, მშობიარობა, დახმარება,

ეს გახლავთ პროფესიონალი კომპანიონი, რომლის მიზანიც ორსული ქალის დახმარება, მასზე მზრუნველობაა.  

„როდესაც გავიგე, რომ ჩემს დას მშობიარობა დაეწყო, მოსვენება დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავით, ვიგრძენი, მივხვდი, რომ მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. გერმანიაში მშობიარე ქმართან ერთად ბლოკში შეჰყავთ, ქალს ჭინთვები აქვს, ქმარი, ქალზე მეტად შეშინებული და დაბნეული გვერდით ჰყავს, მედდა გარკვეული პერიოდულობით შერბის და აკონტროლებს სიტუაციას. არადა, ქალს, მით უმეტეს, თუ ეს პირველი მშობიარობა, საოცარი შეგრძნებები აქვს, ეს შეიძლება იყოს შოკიც და პანიკაც. მას არავინ არაფერს უხსნის, ის უბრალოდ მარტოა ტკივილებთან და შიშთან ერთად. შეშინებულმა და დაბნეულმა დამ დასახმარებლად დამირეკა. ბევრი არ მიფიქრია, აღვიდგინე ყველაფერი, როგორ იქცეოდა ჩემი დოულა და შევუდექი საქმეს. გავიხსენე ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება. ჩემი და ამბობდა, რომ მე მას შევუმსუბუქე მდგომარეობა, თუმცა მაინც ძალიან უჭირდა. ძალიან ვნანობდი, რომ მეტი ცოდნა არ მქონდა და მეტად ვერ ვეხმარებოდი ამ შემთხვევაში საკუთარ დას. 
იმ ღამეს იმპულსურად მივიღე გადაწყვეტილება - გავმხდარიყავი დოულა. 

მინდოდა მესწავლა დახმარება. საკუთარი გამოცდილება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა საკმარისი. როდესაც თავად ვმშობიარობდი, ვერ ვაცნობიერებდი, რა მნიშვნელოვანია ამ დროს ფსიქოლოგიური და მორალური, თუნდაც ფიზიკური მხარდაჭერა, თუმცა საკუთარი დის მაგალითზე ამას აშკარად მივხვდი. ხშირად ხდება, რომ ქალი მშობიარობის დროს ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. 

დოულა, ორსული, მშობიარობა, დახმარება,

ამიტომ თანამედროვე დედები მიხვდნენ, რომ სჭირდებათ ადამიანი, ვინც ეყოლებათ გვერდით, დაეხმარება მათ ყველაფერში და ეს იქნება დოულა. 
მართალია, დოულა არ აღმოგიჩენთ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ის თქვენ გვერდით იქნება, მოგაწოდებთ წყალს, საჭმელს, გადაგისვამთ თავზე ხელს, გაგაცინებთ, დაგამშვიდებთ. ერთი სიტყვით, იქნება ორიენტირებული თქვენს დადებით განწყობაზე და პოზიტივზე. ეს ადამიანი უბრალოდ იქნება თქვენ გვერდით და თავს მარტო არ იგრძნობთ.