მშობიარობა სამეფო კარზე -  როგორ იბადებოდნენ მონარქთა შვილები 

29-01-2023

როგორ მშობიარობდნენ სამეფო კარზე?

მაქმანებიანი საფენები, მამის პერანგი და ბრილიანტის ორდენი - თურმე ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, თუ ის სამეფო ოჯახში იბადება. 
რაოდენ ბევრიც უნდა ისაუბრონ რომანტიკოსებმა მეუღლეთა შორის სიყვარულზე, მონარქებისთვის ქორწინების მთავარი მიზანი  შთამომავლობის გაგრძელება გახლდათ. ამიტომ უმთავრესი, რაც დედოფალს მოეთხოვებოდა, მემკვიდრის ქვეყნად მოვლინება იყო. ბევრი რამის პატიება შეეძლოთ დედოფლისთვის, თუმცა რეპროდუქციული მისიის შეუსრულებლობის გამო სერიოზულ სასჯელს თავიდან ვერ აიცილებდა, ამას შესაძლოა მისი ტიტულიც კი შესწიროდა. უნაყოფობა განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.არავის აინტერესებდა, რა იყო უნაყოფობის მიზეზი, თუ სამეფო ოჯახში მემკვიდრის პრობლემა იჩენდა თავს, დამნაშავედ ცალსახად დედოფალს მიიჩნევდნენ. მამაკაცები, როგორც წესი, ეჭვგარეშე რჩებოდნენ. 
დედოფლის რეპუტაცია ილახებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ის, მაგალითად, სულ გოგონებს აჩენდა ან ვაჟები ადრეულ ასაკში იღუპებოდნენ. ასე დაემართა ინგლისის მეფის, ჰენრიხ VIII ორ ცოლს. მეფე ორი ცოლისგან ჯანმრთელ მემკვიდრეს, ვაჟს, ვერაფრით ეღირსა. პირველი, ეკატერინე არაგონელი, ქმარმა გადაასახლა,  მეორეს, ანა ბოლეინს კი თავი მოჰკვეთეს. მხოლოდ მესამე ცოლმა  აჩუქა ინგლისის მეფეს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე, მომავალი ედვარდ VI.

მშობიარობა სამეფო კარზე,

სახიფათო მომენტი

იმ დროს, როდესაც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი  კოლოსალური  იყო (და ამ მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებისთვის მოხერხდა), ბავშვის დაბადება სარისკო გამოცდა იყო ნებისმიერი ფენის  ქალისთვის. ეს არ იყო მხოლოდ ხანგრძლივი მშობიარობა (შესაძლოა ეს პროცესი სამი დღე-ღამეც კი გაგრძელებულიყო), ეს გახლდათ ინფექციები. სასახლეებსა თუ ბარაკებში საშინელი ანტისანიტარია სუფევდა. მშობიარობის მიმღები ქალები და ექიმები ხელებსაც კი არ იბანდნენ. შედეგად, მშობიარე ქალთა 2% იღუპებოდა. ინგლისში ჰენრიხ VIII ექვსი ცოლიდან ორი სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა.

ჟანგბადის გადაკეტვა

მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანებში, ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, მოახერხა ვენაში მცხოვრებმა ექიმმა იგნაც ზემელვეისმა მეან-ექიმების დარწმუნება ხელების დაბანისა და დეზინფექციის აუცილებლობაში, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მშობიარობის შემდგომ სიკვდილიანობა. მანამდე კი ორსული ქალების დაავადებებისგან დასაცავად საკმაოდ უცნაურ ხერხებს მიმართავდნენ, მათ უკრძალავდნენ  სახლის დატოვებას. „მფრინავი“ გადამდები დაავადებისგან თავის დაცვის მიზნით  ქალს  მშობიარობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და მშობიარობის შემდეგ ერთი თვე ბნელ ოთახში, მჭიდროდ დახურულ ფანჯრებსა და კარებში უნდა გაეტარებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგულაციებს შედეგი არ მოჰქონდა, დაახლოებით მე-18 საუკუნემდე არისტოკრატებიც კი ამ წესებს ემორჩილებოდნენ. 
საბედნიეროდ, ზოგიერთი მონარქისთვის ჩაკეტილი ცხოვრება “დეკრეტში“ მიუღწეველი ფუფუნება იყო. მაგალითად,  დედოფალ მარია ტერეზას, რომელიც ქმრის, ფრანც I-ის ნაცვლად ფაქტობრივად მართავდა ავსტრიას, უნგრეთსა და ბოჰემიას, 16 შვილი შეეძინა  ისე, რომ არ მოწყვეტია თავის საქმიანობას,  აქტიურობას ოდნავადაც არ დაუზარალებია არც დედოფალი და არც მისი შვილები: ყველა მათგანი, ერთი ქალიშვილის გარდა, უსაფრთხოდ დაიბადა (საოცრად კარგი სტატისტიკაა მე-18 საუკუნისთვის).

დარბაზიდან დარბაზამდე

მემკვიდრის დაბადების ადგილის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.  მაგალითად, ბიზანტიის იმპერატორების ცოლები ცდილობდნენ, კონსტანტინოპოლის დიდი სასახლის დარბაზში ემშობიარათ. იქ დაბადებულ ბავშვებს „მეწამულად დაბადებულებს“ უწოდებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბავშვი დაიბადა მმართველი იმპერატორის ოჯახში და, შესაბამისად, პრიორიტეტული უფლება ჰქონდა ტახტზე, თუნდაც უფროს ძმებთან შედარებით.

სამედიცინო კლინიკებში მშობიარობა ევროპელმა მონარქებმა მხოლოდ გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამშობიარო საავადმყოფოები ევროპაში მე-18 საუკუნეში გაჩნდა, დიდი ხნის განმავლობაში ის ღარიბთა  დაწესებულებად ითვლებოდა. ერთ-ერთი პირველი დიდებული ქალბატონი, რომელმაც  სამშობიაროდ  საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა, ესპანეთის დედოფალი სოფია, ხუან კარლოს I-ის ცოლი გახლდათ. 1963 წელს მას მადრიდის კლინიკაში  ქალიშვილი, ინფანტა ელენა (მოგვიანებით კიდევ ორი შვილი) შეეძინა. 

ევროპაში სამეფო შთამომავლების დაბადება საჯაროდ ხდებოდა. მემკვიდრის დაბადების პროცესს  ყურადღებით აკვირდებოდნენ კარისკაცები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა,  იყვნენ მამაკაცები. 1688 წელს ინგლისის მეფე ჯეიმს II-ის მეუღლის, მერი მოდენას მშობიარობას 51 ადამიანი დაესწრო.
1778 წელს,  საფრანგეთის დედოფლის, მარი ანტუანეტას პირველ შვილზე მშობიარობის დროს, მის საძინებელში ორასამდე კარისკაცი შეიკრიბა.
XVIII-XIX საუკუნიდან საჯაროდ მშობიარობის ტრადიცია თანდათან ქრება, თუმცა მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები მაინც მოვალეობად მიიჩნევდნენ ამ პროცესზე  დასწრებას. 

მშობიარობა სამეფო კარზე,

მეფის მემკვიდრის დაბადება, განსაკუთრებით ვაჟის, ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნეოდა. ტრადიციისამებრ, ეკლესიებში სამადლობელი ლოცვები აღევლინება, გახარებული მამა კი უხვად გასცემდა საჩუქრებს. ოფიციალურ საჩუქრებს იღებდა ახალშობილიც. 


გვირგვინოსანი დედებისთვის მშობიარობა ერთადერთი შეუქცევადი მოვალეობა იყო - ბავშვებზე ზრუნვა მრავალრიცხოვან დამხმარეებს  ეკისრებოდათ. როგორც კი ბავშვი დაიბადებოდა, მაშინვე გაჰყავდათ, ბანდნენ და სპეციალურ საფენებში ახვევდნენ (მაგალითად, ბიზანტიაში იასამნისფერი საფენები გამოიყენებოდა). ამის შემდეგ ბავშვი აღსაზრდელად ძიძას გადაეცემოდა. ხდებოდა ისეც, რომ ახალგაზრდა დედას შვილს ხანგრძლივი დროით აშორებდნენ. 
მაგალითად,  ბავარიელმა პრინცესა სოფიამ (1805–1872) შვილიშვილები  მარტომ აღზარდა. მან დედას, იმპერატრიცა ელიზაბეტს, ოთხივე ჩვილი  მშობიარობისთანავე წაართვა, თავად დაარქვა სახელები და თავის დარბაზებში გაზარდა. მშობლებს შვილების ნახვის ნებას მხოლოდ მცირე ხნით აძლევდა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ პირობებში დედობრივი გრძნობები ბოლომდე ვერ განვითარდებოდა.

დედოფლების ბავშვებისადმი დამოკიდებულება მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიცვალა. 

დედობრივი გრძნობის გაღვივებას დიდწილად შეუწყო ხელი იმ ფაქტმა, რომ მათ  თავად დაიწყეს შვილების ძუძუთი კვება. პირველად   ეს მარია ანტუანეტამ გააკეთა,  რომელმაც 1778 წელს გადაწყვიტა თავისი უფროსი ქალიშვილის გამოკვება (რამაც შეაშინა მისი დედა, იმპერატრიცა მარია ტერეზა). 1864 წელს იგივე გააკეთა დედოფალმა ვიქტორიამ და  ქალიშვილ ალისას თავად აჭმევდა ძუძუს. ასე რომ, მე-19 საუკუნეში აღარავის უკვირდა დედოფალი, რომელიც თავად კვებავდა საკუთარ შვილს. მისი ფუნქცია უკვე არა მარტო მემკვიდრის ამქვეყნად მოვლინება იყო, არამედ მისი მოვლა-პატრონობა და აღზრდაც.