როგორ ამოვიცნოთ მშობიარობის ნიშნები?

11-12-2021

იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ მშობიარობის დაწყების ნიშნები:
მშობიარობის ბოლო კვირებში ბევრს ცრუ მშობიარობის ნიშნები აქვს - საშვილოსნოს შეკუმშვები, რომელსაც ბრიქსტონ-ჰიქსის შეკუმშვებს უწოდებენ. ისინი ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე ნამდვილი სამშობიარო შეკუმშვები, აღიქმება როგორც მუცელში მოჭერის შეგრძნება და აქვს მოვლითი ხასიათი.

მშობიარობის დაწყების ჭეშმარიტი ნიშნებია:
•    „წყლის დაღვრა“ - ამნიონური პარკის მთლიანობის დარღვევის შემდეგ ამნიონური, ანუ სანაყოფე სითხე გადმოიღვრება და შემდეგ მალევე იწყება მშობიარობა. თუ სამშობიარო მოქმედება არ დაიწყო, ხშირად საჭირო ხდება მშობიარობის ხელოვნური ინდუქცია, ინფექციის რისკის შესამცირებლად. როგორც წესი, საშვილოსნოს შეკუმშვები სანაყოფე სითხის დაღვრაზე უფრო ადრე იწყება.
•    მშობიარე გრძნობს წელის ყრუ ტკივილს, რომელიც მენსტრუალურ ტკივილს ჰგავს.
•    ტკივილი ჩნდება რეგულარული სიხშირით და ტკივილის ხანგრძლივობა და ინტენსივობა თანდათან იზრდება.
•    საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი საცობი გამოიდევნება. ლორწოვანი საცობის გამოდევნის შემდეგ არ არის აუცილებელი მშობიარობა მაშინვე დაიწყოს, შეიძლება მშობიარობის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე დღე გაშორებდეთ. მაგრამ, ყველა შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს დღეებში მშობიარობას უნდა ელოდოთ.

დაითვალეთ დროის ინტერვალები სამშობიარო ტკივილებს შორის - და მზად იყავით ლოდინისთვის

  • უმეტესად, მშობიარობის დაწყებიდან ჯერ კიდევ საათებია მანამ, სანამ სამშობიაროში წასვლის დრო მოვა. 
  • იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ მიდის პროცესი, აუცილებელია დაითვალოთ დრო სამშობიარო შეტევებს შორის და ასევე შეტევების ხანგრძლივობაც.
  • დროის ინტერვალები ითვლება წამებში, ერთი შეტევის დაწყებიდან მეორე შეტევის დაწყებამდე.
  • შეტევების სიხშირე დაითვალეთ წუთებით.
  • დახმარება სთხოვეთ პარტნიორს, ოჯახის წევრს ყველაფრის გაკეთებაში, რაც მოცემულ მომენტში დაგამშვიდებთ - იქნება ეს სეირნობა, შხაპის მიღება, საყვარელი შოუს ყურება, თუ ძილი.
  • თუ გაქვთ რეგულარული და მტკივნეული შეკუმშვები, რომლებიც 30 წამი ამ მეტი გრძელდება და მათ შორის დაშორება 5 წუთია, და ეს პატერნი უკვე 1 საათია გრძელდება, დროა სამშობიაროში წახვიდეთ. სამშობიაროში მისვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ექიმს ან ბებიაქალს. არსებობს სიტუაციები, როცა სამშობიაროში წასვლა უფრო ადრე ან უფრო გვიანაა საჭირო.

იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ მშობიარობის დროს

დაესწარით მშობიარობის წინა კურსს და მოიპოვეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მშობიარობის დღემდე. უყურეთ ვიდეოებს, ესაუბრეთ ადამიანებს მშობიარობის გამოცდილების შესახებ.
არ ელოდოთ, რომ მშობიარობა რამდენიმე წუთში დასრულდება. ყველა ქალს სხვადასხვანაირი გამოცდილება აქვს, თუმცა, სასურველია იცოდეთ მშობიარობის სამი სტადიის შესახებ:

მშობიარობის პირველი სტადია:
პირველი სტადია სამი ფაზისგან შედგება:
•    ადრეული ფაზა: საშუალოდ 12 საათი გრძელდება. განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში შეიძლება უფრო მოკლე იყოს. ამ ფაზის ბოლოს საშვილოსნოს შეკუმშვები უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ხდება.
•    აქტიური ფაზა: ეს ფაზა საშუალოდ 6 საათი გრძელდება. ამ დროისთვის თქვენ უკვე სამშობიაროში უნდა იყოთ. საშვილოსნოს შეკუმშვები უფრო ინტენსიურია და გრძელდება 40-60 წამი და მათ შორის დაშორებაა 3-5 წუთი.
•    გარდამავალი ფაზა: ეს ფაზა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. საშვილოსნოს შეკუმშვები გრძელდება 60-90 წამი და მათ შორის დაშორება 2-3 წუთია.

მშობიარობის მეორე სტადია
მეორე სტადიაზე იწყება ჭინთვები და საბოლოოდ დგება ყველაზე აღმაფრთოვანებელი მომენტი -  ბავშვის დაბადება. ეს სტადია შეიძლება წუთებიდან საათებამდე გაგრძელდეს -  საშუალოდ 1 საათი პირველად მშობიარეებისთვის (უფრო დიდი ხანი გრძელდება, თუ მშობიარეს ეპიდურული ანესთეზია აქვს გაკეთებული).

მშობიარობის მესამე სტადია
ეს სტადია ბავშვის დაბადებისას იწყება და მთავრდება პლაცენტის გამოძევებით, 5-10 წუთის შემდეგ. 

იყავით მოქნილი მშობიარობის გეგმასთან მიმართებაში
მშობიარობის ყველა სტრატეგია ყველა ქალზე ერთნაირად არ მოქმედებს. თქვენ და თქვენს პარტნიორს ალბათ გექნებათ თქვენი მოლოდინები და წარმოდგენები მშობიარობის პროცესზე. მშობიარობის დღემდე განიხილეთ მშობიარობასთან დაკავშირებული ყველა  საკითხი და შეიმუშავეთ მშობიარობის გეგმა.თუმცა, იცოდეთ, რომ საუკეთესოდ დაგეგმვის შემთხვევაშიც კი შეიძლება მოულოდნელობები შეგხვდეთ. ამ დროს თქვენი მოვალეობაა გააკეთოთ არჩევანი მეუღლესთან ერთად და სწრაფად შეცვალოთ მოქმედების გეგმა იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება საუკეთესო.
დაუსვით სამედიცინო პერსონალს შეკითხვები
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ყოველთვის ახსნას პროცედურა, სანამ მის შესრულებას დაიწყებს, თუმცა, ისინი ხშირად ასე არ იქცევიან. არ მოგერიდოთ სამედიცინო პროცედურების ან ზოგადად მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ შეკითხვების დასმა. 

წყარო: babycenter.com