წელის ტკივილი ორსულობის დროს: რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის შესამსუბუქებლად?

21-08-2021

ორსულობისას წელის ტკივილი ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 7 გზას ტკივილის შესამცირებლად.
სრულებით არ არის გასაკვირი, რომ ორსულებს წელის ტკივილი აწუხებთ. ამას მრავალი მიზეზი აქვს: წონის მატება, სხეულის სიმძიმის ცენტრის ცვლილება, მოჭარბებული ჰორმონები, მენჯის ღრუს იოგების ელასტიურობის დაქვეითება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ წელის ტკივილს ეფექტურად ებრძოლოთ. 

1.    მიაქციეთ ყურადღება სწორ პოზას
ნაყოფის ზრდასთან ერთად თქვენი სხეულის სიმძიმის ცენტრი წინ ინაცვლებს. ამის საკომპენსაციოდ თქვენ შეიძლება უკან გადახრილმა იაროთ, რაც თქვენი წელის კუნთებს ზედმეტ დატვირთვას აყენებს და  ტკივილის იწვევს. სწორი პოზის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ შემდეგი:
•    იყავით წელში გამართული
•    არ ჩაზნიქოთ გულმკერდი
•    მხრები გქონდეთ ჩამოშვებული და უკან გადაწეული
•    არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე

 აირჩიეთ სკამი, რომელსაც აქვს საზურგე, ან დაიდეთ ბალიში ზურგის მისაყრდნობად.

2.    შეარჩიეთ სწორი აღჭურვილობა
•    ატარეთ დაბალქუსლიანი, არა ბრტყელძირიანი, მყარი ფეხსაცმელი. ერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც კიდევ უფრო წინ გადახრის თქვენს სხეულს და დაცემის საშიშროებასაც ქმნის.
•    ასევე დაფიქრდით ორსულების ქამრის გამოყენებაზე. ზოგ ქალს ის შვებას ჰგვრის.

3.    სწორად ასწიეთ ტვირთი
•    თუ მოგიწიათ მცირე ტვირთის აწევა, ჩაიმუხლეთ და ძალა დაატანეთ თქვენს ფეხებს. არ მოიხაროთ წელში, ამ დროს ზეწოლა წელის კუნთებზე მოდის. არავითარ შემთხვევაში არ აზიდოთ მძიმე ტვირთი, დაიხმარეთ სხვა.

4.ძილის დროს იწექით გვერდზე
•    ძილისას გვერდზე დაწექით და არა ზურგზე. ერთი ან ორივე მუხლი გქონდეთ მოხრილი. დაფიქრდით ორსულების ან ჩვეულებრივი ბალიშის გამოყენებაზე, რომელსაც მოხრილ მუხლებს შორის მოითავსებთ. ასევე შეგიძლიათ ბალიში დაიდოთ მუცლის ქვეშ ან წელის უკან.

5. სცადეთ სათბური, ყინული ან მასაჟი
სათბურის ან ყინულების პაკეტის წელის არეში მოთავსება შეიძლება ეფექტური იყოს. მასაჟის ეფექტურობა ნაკლებად არის დამტკიცებული.

6. შეიტანეთ ფიზიკური აქტივობას დღის რუტინაში
რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს წელის ტკივილს. სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები, როგორებიცაა სეირნობა ან წყლის აერობიკა. ფიზიოთერაპევტს შეუძლია გასწავლოთ მსუბუქი ვარჯიშები, რომლებიც ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ.

7. დაფიქრდით ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებზე
ზოგი კვლევა ადასტურებს აკუპუნქტურის ეფექტურობას. მანუალური თერაპიაც შეიძლება ზოგისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. თუმცა, ამ საკითხებზე მეტი კვლევაა ჩასატარებელი. თუ მკურნალობის ალტერნატულ მეთოდებზე ფიქრობთ, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან. აუცილებლად შეატყობინეთ აკუპუნქტურის ან მანუალურ თერაპევტს, რომ ორსულად ხართ.

იცოდეთ, როდის დაუკავშირდეთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვს ძლიერი წელის ტკივილი, რომელიც ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. მან შეიძლება მედიკამენტი დაგინიშნოთ.
ასევე, მიიღეთ მხედველობაში, რომ ორსულობისას წელის ტკივილი შეიძლება ნაადრევი მშობიარობის ან საშარდე გზების ინფექციის ნიშანი იყოს. თუ წელის ტკივილს ვაგინალური სისხლდენა, მაღალი ტემპერატურა ან შარდვისას წვის შეგრძნება ერთვის თან, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

წყარო: mayoclinic.org