რა არის ჭიპლარის შემოხვევა?

08-05-2024

ჭიპლარის შემოხვევა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭიპლარი ეხვევა ნაყოფის სხეულის ნაწილს, ყველაზე ხშირად კისერს, მაგრამ ზოგჯერ ტანს ან კიდურებს. ეს საკმაოდ ხშირია და გვხვდება  ორსულობის დაახლოებით 20-30%-ში. ეს მდგომარეობა ძალიან დამაბნეველია მომავალი დედებისთვის. მომავალი დედების დასამშვიდებლად და მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში  სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის მოსამზადებლად ამ სტატიის წაკითხვას გირჩევთ. 

რა შეიძლება იყოს  ჭიპლარის შემოხვევის მიზეზები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭიპლარის შემოხვევა არის მდგომარეობა,  როდესაც ჭიპლარი ნაყოფის სხეულის ნაწილს, ყველაზე ხშირად კისერს ეხვევა. ჭიპლარის შემოხვევის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა და, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული დედის ქმედებებთან.ძირითადი ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჭიპლარის შემოხვევას, გახლავთ:  

  • ნაყოფის აქტივობა - საშვილოსნოში ნაყოფის ბუნებრივი მოძრაობები. მოძრაობების, მობრუნებისა და ბრუნვის დროს ნაყოფი შეიძლება შემთხვევით შემოეხვიოს ჭიპლარს.
  • ჭიპლარის სიგრძე- ჭიპლარმა, რომელიც ჩვეულებრივზე გრძელია, შეიძლება გაზარდოს შემოხვევის ალბათობა, რადგან  სიგრძე ნაყოფის გარშემო ბრუნვის მეტ ადგილს იძლევა.
  • ნაყოფის პოზიცია - საშვილოსნოში ნაყოფის გარკვეულმა პოზიციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჭიპლარის შემოხვევას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი ხშირად იცვლის პოზიციას.
  • ამნისტიური სითხის რაოდენობა - ჭარბი ამნიონური სითხე (პოლიჰიდრამნიოსი) საშუალებას აძლევს ნაყოფს უფრო აქტიურად იმოძრაოს საშვილოსნოში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჭიპლარის შემოხვევა.
  • მრავალნაყოფიანი  ორსულობა - მრავალნაყოფიანი ორსულობისას, საშვილოსნოში შეზღუდული სივრცისა და ნაყოფებს შორის ურთიერთქმედების გამო, იზრდება ჭიპლარის შემოხვევის  რისკი.

შემოხვევის სახეები:
ერთჯერადი შემოხვევა: როდესაც ჭიპლარი ერთხელაა შემოხვეულია კისერზე ან სხეულის სხვა ნაწილზე.
მრავალჯერადი შემოხვევა,  როდესაც ჭიპლარი რამდენჯერმეა შემოხვეული. ხშირია ჭიპლარის ორმაგი შემოხვევა, მაგრამ ყოფილა შემთხვევაც, როცა ახალშობილს ჭიპლარი ექვსჯერ აქვს შემოხვეული. 

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა ჭიპლარის შემოხვევა? ჩანს თუ არა ეს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს?

ულტრაბგერა - ეს არის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზა ჭიპლარის შემოხვევის გამოსავლენად. ექოსკოპიის დროს ექიმს შეუძლია დაინახოს ჭიპლარის პოზიცია ნაყოფთან მიმართებაში და დაადგინოს ჭიპლარის შემოხვევის  ნიშნები. ხშირად შემოხვევა შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში სტანდარტული ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.

ჭიპლარის შემოხვევა, კარდიოტოკოგრაფია,
 

კარდიოტოკოგრაფია (CTG): 

მიუხედავად იმისა, რომ CTG ძირითადად გამოიყენება ნაყოფის გულისცემის და საშვილოსნოს აქტივობის მონიტორინგისთვის, ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს ჭიპლარის პოტენციურ პრობლემებზე, მაგალითად, ნაყოფის დისტრესის ნიშნების გამოვლენისას

დოპლერის ულტრაბგერა
ამ ტიპის ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება პლაცენტაში სისხლის ნაკადის შესაფასებლად, რაც დაგეხმარებათ ჭიპლარის შემოხვევასთან დაკავშირებული სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამოვლენაშიც.

ჭიპლარის შემოხვევა, კარდიოტოკოგრაფია,

როგორ მოვაგვაროთ შემოხვეული ჭიპლარის პრობლემა და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა

ნაყოფის ირგვლივ ჭიპლარის შემოხვევა ხშირად არ საჭიროებს მის მოსაშორებლად აქტიურ ჩარევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ის არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ნაყოფისთვის. არ არსებობს ეფექტური სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც დაეხმარება ორსულს ჭიპლარის შემოხვევის დროს. ძალიან ხშირად მუცლადმყოფი პატარები თავად იხსნის ჭიპლარს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ასევე, არსებობს მითი, რომ თუ მუცალდმყოფ პატარას ხშირად დაელაპარაკებით და სთხოვთ, რომ ჭიპლარი მოიხსნას, ის აუცილებლად მოიხსნის. ამას, რა თქმა უნდა, არ აქვს მეცნიერული დადასტურება, თუმცა ცდას არაფერი უდგას წინ. 

მშობიარობა შემოხვეული ჭიპლარის დროს

ნაყოფის კისერზე ჭიპლარის ერთჯერადი შემოხვევა შედარებით ხშირი შემთხვევაა და ხშირად არ უქმნის სერიოზულ საფრთხეს ნაყოფს ან დედას. ქალების უმეტესობა ამ დროს ჩვეულებრივ მშობიარობს, ფიზიოლოგიურად. ექიმები ხშირად იყენებენ კარდიოტოკოგრაფიას (CTG) მშობიარობის დროს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ნაყოფს სტრესი არ აქვს. არსებობს ნაყოფის მდგომარეობის მონიტორინგის 3 დონე: ნაყოფის უწყვეტი მონიტორინგი Sonicaid Central Station სისტემით ნაყოფის გულისცემის მონიტორინგისთვის, ნაყოფის ოქსიმეტრია ნაყოფის ქსოვილის ჟანგბადით გაჯერების მონიტორინგისთვის და ლაქტატის განსაზღვრა ნაყოფის დისტრესის დიაგნოსტიკისთვის. ეს საშუალებას აძლევს ექიმებს მუდმივად იცოდნენ, თუ როგორ გრძნობს თავს ბავშვი და დროულად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, თუ რაიმე არაპროგნოზირებადი სიტუაციები წარმოიქმნება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჭიპლარის შემოხვევის ყოველი შემთხვევა უნიკალურია და ჩარევის გადაწყვეტილებას ექიმი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იღებს. უმეტეს შემთხვევაში, ჭიპლარის შემოხვევა არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. 
დასკვნა: ჭიპლარის შემოხვევა საშიში არ არის.