რას ისწავლით ჩაჩავას მშობელთა სკოლაში, კურსი მომავალი მშობლებისთვის

07-04-2024

მთელი ორსულობის განმავლობაში მომავალ მშობლებს უამრავი კითხვა ებადებათ. ბევრ მათგანზე ისინი პასუხს სოციალურ ქსელებში და ინტერნეტის საშუალებით პოულობენ, ასევე იღებენ ინფორმაციას ექიმისგან. იმისათვის, რომ მომავალი მშობლები მომზადებულები შეხვდნენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს სპეციალური მშობელთა სკოლები, სადაც გინეკოლოგები, ფსიქოლოგები, პედიატრები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები ატარებენ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ სემინარებს. 

მშობელთა სკოლა, ჩაჩავას მშობელთა სკოლა,


ჩაჩავას მშობელთა სკოლა, ერთ-ერთი პირველი მშობელთა სკოლაა საქართველოში, სადაც უკვე ასობით მშობელმა მიიღო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება. თუ რას სწავლობენ ისინი მშობელთა სკოლის სემინარებზე, ამ საკითხზე გვესაუბრება მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია:
-    ჩაჩავას მშობელთა სკოლის კურსი მოიცავს 10 თემატურ სემინარს. სემინარებს ატარებენ კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ლაქტაციის მრჩეველი, ფსიქოლოგი, პედიატრი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი. სემინარებზე განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა:

  • ორსულობის მიმდინარეობა;
  • მშობიარობა;
  • მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
  • გაუტკივარების მეთოდები;
  • სუნთქვითი ვარჯიშები მშობიარობის შესამსუბუქებლად;
  • ახალშობილის მოვლა;
  • პირველადი დახმარება სახლის პირობებში;
  • ძუძუთი კვების მთავარი პრინციპები;
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანია, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ჩვენთან იღებენ მომავალი მშობლები ეფუძნება უახლეს გაიდლაინებს და წამყვანი საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებების კვლევებს. 

-    რამდენად არიან ჩართული მშობელთა სკოლაში მომავალი მამები?

-    ძალიან გვიხარია, რომ მომავალი მამების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული სემინარების პროცესში, აქვთ ძალიან საინტერესო შეკითხვები. როდესაც მომავალი მამა ასე აქტიურად არის ჩართული პროცესში, მშობიარობის დროსაც ძალიან დიდ დახმარებას უწევს მეუღლეს და ბავშვის მოვლის საკითხებშიც აქტიურად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მამებისთვის ჩვენს სკოლაში სწავლა უფასოა. 

მშობელთა სკოლა, ჩაჩავას მშობელთა სკოლა,

-    რამდენ სემინარს მოიცავს კურსი?

-    კურსი მოიცავს 10 სემინარს, სემინარების ხანგრძლივობა 1 საათია და კვირაში  3 დღე საღამოს საათებში, ჩაჩავას კლინიკაში ტარდება. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უტარდებათ სახალისო ტესტირება და გადაეცემათ სერტიფიკატები. 

-    რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტმა მომავალმა მშობელმა გაიაროს აღნიშნული კურსი?

-    მშობელთა სკოლის კურსის გავლა ყველა მომავალი მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ დაეხმარება მშვიდად შეხვდნენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას, მოემზადონ ფსიქოლოგიურად, თეორიული ცოდნით უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ თითოეულ სემინარზე მიღებული ინფორმაცია, გაზარდონ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი შვილები. აღსანიშნავია, რომ დედებს, რომელთაც გავლილი აქვთ მშობელთა სკოლა ნაკლებად აქვთ პოსტსამშობიარო დეპრესიის განვითარების რისკი, რადგან ისინი ფლობენ სწორ და სანდო ინფორმაციას, არ ნერვიულობენ და არ აქვთ შფოთვის განცდა, ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. მამების ჩართულობა კი ოჯახში ქმნის ჰარმონიულ გარემოს, სადაც მშობლები შეთანხმებულად ზრდიან ახალ სიცოცხლეს.

 

თუ გსურთ გახდეთ ჩაჩავას მშობელთა სკოლის მოსწავლე მიწერეთ ჩაჩავას კლინიკის ფეისბუქ გვერდს პირად შეტყობინებაში.