ციკლის გადაცდენის, არევის შემჩნევა კრიტიკული დღეების 35-40 დღის არქონის შემთხვევაში ხდება შესაძლებელი. სიმპტომმა თავი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს, რამეთუ გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. თუ გამონადენი არ არის ვადაზე 5-7 დღის განმავლობაში, თუმცა ამის შემდეგ თავს გახსენებთ, ეს პათოლოგიად არ მიიჩნევა. უფრო ხანგრძლივი პერიოდით გადაცდენის შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტი ნამდვილად ჩასანიშნია. მენსტრუაციის გადაცდენის ნიშანი ერთადერთია - მისი არარსებობა. ამ დროს ქალი უფრო ყურადღებით უნდა იყოს საკუთარი ორგანიზმის მიმართ, უნდა დააკვირდეს ცვლილებებს. დამატებითმა სიმპტომებმა შესაძლოა ციკლის არევის სხვა მიზეზებზეც მიუთითოს. სიმპტომებს შორის აღსანიშნავია თავის ძლიერი ტკივილები, წონის მკვეთრი მატება ან კლება, გულისრევის შეგრძნება, მკერდში მგრძნობელობის მომატება, საერთო ფიზიკური სისუსტე და ა.შ.
მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ხშირი ორსულობაა. თუ კრიტიკული დღეები არ დადგა, პირველ რიგში ორსულობის ტესტის გაკეთებაა რეკომენდებული. მაქსიმალურად ზუსტი პასუხის მისაღებად გირჩევთ გამოიყენოთ 2-3 სხვადასხვა ფირმის ტესტი ერთად.
ორსულობის დროს ქალს აქვს მსუბუქი გულისრევის შეგრძნება, ხასიათის ცვალებადობა, მკერდის შეშუპება და მომატებული მგრძნობელობა, ამ ყველა სიმპტომის არარსებობა ორსულობას არ გამორიცხავს. გარდა ტესტისა, შესაძლოა ჩატარდეს ანალიზი ჰორიოგონალურ გონადოტროპინზე, ასევე ციკლის გადაცდენის გახანგრძლივების შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა. თუ ორსულობა გამოირიცხა და ციკლი ისევ არ აღდგა, შემდეგი საფეხური გინეკოლოგთან ვიზიტია, რათა ციკლის შეწყვეტის რეალური მიზეზი დადგინდეს.
ციკლის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა იყოს ძლიერი ემოციური ან ფიზიკური სტრესი, გადაღლა, გონებრივი გადატვირთვა.
ქვეყნის ცვლილება, რომელსაც თან ახლავს დღის განრიგის და კვების რეჟიმის სერიოზული ცვლა.
ციკლის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე მკაცრი დიეტა. ეს ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი სტრესია.
ერთ-ერთი სეროზული მიზეზი ასევე არის ჰორმონული დარღვევები, რასაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის არასწორი მუშაობა. ამის გარკვევაში ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ.
მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა დაფიქსირდეს ციკლის არარსებობა. ეს საშიში არ არის. თუმცა გინეკოლოგთან ვიზიტი მაინც სასურველია, რათა გამოირიცხოს სხვა მიზეზები.