პირველი ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველაზე უტყუარი საშუალებაა ორსულობის დასადგენად, ასევე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნაყოფი სწორად ვითარდება. ექიმების რეკომენდაციით, პირველი ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ორსულობის მე-5 კვირაა (ათვლა ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან იწყება). ამ პერიოდში ჩატარებული კვლევის მიზანი ორსულობის ფაქტის დადგენა და ნაყოფის ნორმალურად განვითარების დასტურია.
პირველი გამოკვლევის შედეგად ექიმი ადგენს:
• ორსულობის ფაქტს.
• ორსულობის ვადას.
• ნაყოფის რაოდენობას.
• განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის ადგილს (ნორმის მიხედვით ნაყოფი საშვილოსნოში უნდა მიმაგრდეს).
• გართულებების არქონას (საშვილოსნოს გარე ორსულობა, თვითნებურად შეწყვეტილი ორსულობა და მკვდარი ნაყოფი).
• მცირე მენჯის ღრუში ანთებითი პროცესების არსებობას.
• ნაყოფის კონკრეტული ვადის შესაბამისად განვითარებას.
არის შემთხვევები, როდესაც ადრეულ პერიოდში გამოკვლევა ვერ აფიქსირებს ორსულობას, არადა, ქალი ფეხმძიმედ არის. ზუსტი დიაგნოზის დასმას ხელი შეიძლება შეუშალოს:
• მომავალი დედის ზედმეტმა წონამ.
• საშვილოსნოს უჩველო ფორმამ.
• ნაწიბურებმა მომავალი დედის მუცელზე.
• მოძველებულმა აპარატურამ.
• გამოუცდელმა ექიმმა.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ქალმა სწორად შეარჩიოს კლინიკა და ექიმი.
ულტრაბგერითი გამოკვლევა არა მხოლოდ ზუსტი, არამედ აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა როგორც მომავალი დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. ულტრაბგერითი გამოკვლევა არა მხოლოდ ორსულობის დასადგენად ტარდება, არამედ სხვა გინეკოლოგიური მანიპულაციების დროსაც.
რაც შეეხება პროცედურისთვის მზადებას, ამას განსაკუთრებული მოსამზადებელი პერიოდი არ სჭირდება. გამოკვლევის შემდეგ ექიმი ყველა მაჩვენებელს აფიქსირებს, გადასცემს პაციენტს, პაციენტს კი მიაქვს გინეკოლოგთან, რომელიც აკეთებს საბოლოო შეფასებას და ნიშნავს საბოლოო დანიშნულებას.