როდის უვითარდება ნაყოფს კიდურები და თითები? - შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი შვილის კიდურები განვითარებას მაშინ იწყებს, როდესაც თქვენ მხოლოდ 5 კვირის ორსული ხართ. ორსულობის 9-დან 12 კვირამდე ნაყოფის ხელები, ფეხები და თითები ასრულებს განვითარებას, მაგრამ ფრჩხილების ჩამოყალიბება მესამე ტრიმესტრამდე არ სრულდება.
ორსულობის მეორე თვეში, მე-5-დან მე-8 კვირამდე, ნაყოფს უვითარდება კიდურების ჩანასახი, რომელზეც საბოლოოდ ხელები და ფეხები იზრდება. მე-9-დან მე-12 კვირამდე - მკლავები, ხელები, ფეხები, ხელის და ფეხის თითები მთლიანად განვითარებულია. ამ პერიოდში ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს მუშტის გახსნა და დახურვა.
დაახლოებით მე-9 კვირის ვადაზე, განვითარებადი კიდურების გასწვრივ ჩნდება სივრცე იდაყვისა და მუხლის სახსრებისთვის. მე-10 კვირიდან ბავშვს უკვე შეუძლია ზედა და ქვედა კიდურის მოხრა. კიდურებში ნერვები, ძვლები და კუნთებიც ვითარდება. ნერვული უჯრედები მე-5 კვირაში ჩნდება, ხოლო მე-6 და მე-7 კვირის განმავლობაში ნერვული ქსოვილი ვითარდება. კუნთოვანი ქსოვილი და ძვლები აგრძელებენ განვითარებას მე-15-დან მე-18 კვირამდე. მკლავისა და ფეხის კუნთები და ძვლები განვითარებას 35-37 კვირის ვადაზე ასრულებს.
ორსულობის მე-6 კვირაში ნაყოფის თითებს შორის აპკი არსებობს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აპკი ქრება და თითები ზრდას იწყებს. მე-12 კვირისთვის პატარას უკვე საკუთარი უნიკალური თითის ანაბეჭდი გააჩნია. ფრჩხილების განვითარება პირველ ტრიმესტრში იწყება. მესამე ტრიმესტრში ბავშვის ფრჩხილები თითებთან შედარებით უფრო მოკლეა. წელის ფრჩხილები 34-ე კვირისთვის აღწევს თითებს, ხოლო ფეხის ფრჩხილები - 38 კვირის ვადაზე.
პირველი მოძრაობები, რომლებსაც ბავშვი წარმოქმნის, სპონტანურ კრუნჩხვებს და გაჭიმვას ჰგავს. ნაყოფი მოძრაობას დაახლოებით 7-8 კვირიდან იწყებს. ეს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ჩანს, თუმცა თქვენ ამ მოძრაობებს ვერ შეიგრძნობთ. მე-12 კვირიდან ნაყოფის მოძრაობები უფრო მიზანმიმართული ხდება. ამ ეტაპზე ნაყოფს შეუძლიათ მუჭის გახსნა და დახურვა, ხელების და ფეხების მოძრაობა. მე-16 კვირიდან ბავშვის მოძრაობა კიდევ უფრო კოორდინირებულია, რადგან მისი ნერვული სისტემა სწრაფად ვითარდება. ნაყოფის მოძრაობები პირველად შეიძლება სწორედ ამ ვადაზე იგრძნოთ, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი მეორე ან შემდგომი ორსულობაა, ან შეიძლება ეს 20-დან 22 კვირამდე არ მოხდეს - თუ ეს თქვენი პირველი ორსულობაა. თუ თქვენი პლაცენტა საშვილოსნოს წინა კედელზე არის მიმაგრებული (ე.წ. პლაცენტის წინ მდებარეობა), შეიძლება ნაყოფის მოძრაობა უფრო გვიან შეიგრძნოთ - ეს ნორმალურია.
სხვა ადამიანებს დედის მუცელზე ხელის დადებით ნაყოფის მოძრაობების შეგრძნება დედასთან შედარებით მხოლოდ რამდენიმე კვირით გვიან შეუძლიათ.
იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ბავშვის კიდურების სათანადო განვითარებას, დარწმუნდით, რომ მიირთმევთ ჯანსაღ პროდუქტებს, იღებთ პრენატალურ ვიტამინებს და მისდევთ დაბალანსებულ დიეტას. კალციუმის და D ვიტამინის მიღება ხელს უწყობს ბავშვის ძვლების განვითარებასა და გაძლიერებას. რძის პროდუქტები და ფოთლოვანი მწვანილი კალციუმის შესანიშნავი წყაროა. ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, შეიცავს უამრავ D ვიტამინს. თქვენ ასევე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ცილა, რადგან ის აუცილებელია კუნთების განვითარებისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო, ფრინველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს, კვერცხს, ლობიოს და თხილს.
ორსულობის 30-დან 32 კვირამდე ნაყოფი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, ამიტომ შეიძლება ნაკლები მოძრაობა იგრძნოთ.
ზოგიერთი ნაყოფი უფრო აქტიურია შუადღისას და საღამოს, სხვები დილით უფრო აქტიურები არიან. ნაყოფის მოძრაობას დღეში რამდენჯერმე უნდა გრძნობდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი არ მოძრაობს ისე, როგორც ყოველთვის დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
წყარო: babycenter.com