7 სიურპრიზი, რომელიც ახალგაზრდა მამას ელოდება

10-05-2022

9 თვის განმავლობაში ღამ-ღამობით ხან მარწყვზე დარბოდით და ხან ალუჩაზე, აწყობდით საბავშვო ოთახს და მოთმინებით იღებდით მონაწილეობას ორსულის ფოტოსესიაში? ყველაზე მთავარი და საინტერესო, ბავშვის დაბადება, ჯერ წინ გაქვთ - მოემზადეთ.

ხანდახან თავს ზედმეტად იგრძნობთ

დედა და ახალშობილი ბავშვი ფაქტობრივად ერთი ჩაკეტილი წრეა. ახალშობილს დედა ყოველწამიერად სჭირდება, დედის ყველა ინსტინქტი კი ბავშვის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული. ქალისთვის, რომელიც გახდა დედა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სხვა ადამიანები, პრობლემები და სურვილები მეორეხარისხოვანი ხდება.  თუმცა სხვები კი არა, მას საკუთარი თავიც კი ავიწყდება. ოჯახისთვის ამ მძიმე და ახალ სიტუაციაში მამაკაცმა შესაძლოა თავი ზედმეტად იგრძნოს. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ დროს მამაკაცი გაუცხოვდეს და ცოლისგანაც და შვილისგანაც თავი შორს დაიჭიროს. ეს აბსოლუტურად გასაგები, თუმცა სიტუაციიდან არცთუ საუკეთესო გამოსავალია. დაიმახსოვრეთ, ქალი ამას სპეციალურად არ აკეთებს, მას ძალიან რთული პერიოდი აქვს. ქალი სწავლობს, როგორ გახდეს კარგი დედა, უვლის ბავშვს და ათენებს ღამეებს. დროთა განმავლობაში სიტუაცია დასტაბილურდება. თქვენ და თქვენი ცოლი მოირგებთ და გაითავისებთ  ახალ როლს, ბავშვი კი ისწავლის ღამე ძილს. იმისათვის, რომ ეს ნანატრი დრო რაც შეიძლება მალე დადგეს, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში, დაეხმარეთ მეუღლეს. ასეირნეთ ეტლით, აბანავეთ ახალშობილი, ესაუბრეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ იქეცით ნამდვილ მამად. 

სამზარეულოში მთავარი თქვენ გახდებით

ბავშვის დაბადების შემდეგ სახლში სულ უფრო მეტი მტვერი იქნება, ჭურჭელი კი ხშირად თქვენი გასარეცხი იქნება.  რას იზამთ, თქვენს ცოლს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება დახმარება, თანადგომა. მას სჭირდება ფიზიკური ძალების აღდგენა და ასევე ჩვილთან დაკავშირებული უამრავი ახალი საქმის ათვისება. ამიტომ თქვენ მოგიწევთ საყოფაცხოვრებო საქმეებში ჩაბმა. 

თქვენ გეყოლებათ ახალი ცოლი

მშობიარობის შემდეგ თქვენი ცოლი შეიცვლება. არა გარეგნულად (თუმცა ასეც შეიძლება მოხდეს), არამედ შინაგანად. თქვენ ის უფრო გაზრდილი მოგეჩვენებათ, ახალი ინტერესებითა და გატაცებებით. მისი განსახილველი მთავარი თემა იქნება ბავშვი და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ამ  ახალ ადამიანთან მოგიწევთ ახალი ურთიერთობების დამყარება. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა თუ მოითმენთ, ბალანსი აუცილებლად დადგება. 

ხშირად ძილზე უარის თქმა მოგიწევთ

ყველამ კარგად იცის, რომ ბავშვებს ღამ-ღამობით ცუდად სძინავთ, თუმცა სულ სხვაა თეორიული ცოდნა და სულ სხვა - ამის პრაქტიკაში განცდა. ამ მხრივ ძირითადი დარტყმა დედაზე მოდის, თქვენი ამოცანა კი მისი ჩანაცვლება იქნება. საერთო ჯამში 8-9-საათიან გადაბმულ ძილზე ოცნება ცოტა ხანს ქარს უნდა გაატანოთ, ბავშვის ფეკალიები თქვენი და თქვენი ცოლის განხილვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა იქნება და ამასთან დაკავშირებული ხუმრობებიც გაგიჩნდებათ. ერთკვირიანი მეცადინეობის შემდეგ ბავშვისთვის საფენის გამოცვლას თვალდახუჭული შეძლებთ.   

საჭირო იქნება მეტი ფინანსური დანახარჯი

არსებობს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ წლამდე ბავშვს ბევრი არაფერი სჭირდება, მისთვის მთავარი დედაა. ეს ნაწილობრივ არის სიმართლე, გარდა დედისა ბავშვს სჭირდება საფენი, ჩასაცმელი და საჭმელი. თუ საკვებად დედის რძეს გამოიყენებთ, ტანსაცმლის ყიდვა მაინც მოგიწევთ. ყოველ სეზონზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა მოგიწევთ, რამეთუ ბავშვი სწრაფად იზრდება და ზომაც სხვადასხვა დასჭირდება. 

და კიდევ... ბავშვის სიყვარული ნელ-ნელა მოდის

ზოგ მამას ჰგონია, რომ ბავშვი იბადება  საყვარელი და პუტკუნა, მასთან მაშინვე შეიძლება თამაში და გართობა, თუმცა გაოცებული რჩება, როდესაც სამშობიაროდან ციცქნა ვარდისფერი არსება მოჰყავს, უსუსური, რომელსაც მხოლოდ სძინავს, ჭამს და ტირის.ასეთი არსების ერთი ნახვით შეყვარება ცოტა რთულია,  თუმცა ეს გარდაუვალია და ნელ-ნელა მოხდება. ასე რომ ახალბედა მამებო, ნუ შეშინდებით, თქვენ განსაკუთრებული არაფერი გჭირთ, მსგავს ეტაპს ყველა ახალბედა მამა გადის. დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მეუღლე ასმაგად დაგაფასებთ და შეგიყვარებთ თუ ბავშვის მოვლასა და აღზრდაში თანაბარ წვლილს შეიტანთ.